№ას-229-219-2016 13 მაისი, 2016 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (საარბიტრაჟო მოსარჩელე) – კერძო სააქციო საზოგადოება „უ.დ.ნ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე (საარბიტრაჟო მოპასუხე) – შპს „დ.ი.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
საჩივრის დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2015 წლის 17 ივლისს კერძო სააქციო საზოგადოება „უ.დ.ნ–ასა“ (შემდეგში - მოსარჩელე, განმცხადებელი, საჩივრის ავტორი, კრედიტორი) და შპს „დ.ი.კ–ის“ (შემდეგში მოპასუხე) შორის დაიდო გემით მომსახურების ხელშეკრულება. მოსარჩელემ იკისრა მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული გემის გადაცემა, რათა მოპასუხეს გემზე განეთავსებინა საკუთარი ტექნიკა (ამწე - მუხლუხებიანი კრანი SUMITOMO LS418J) (შემდეგში - დაყადაღებული ნივთი, მოძრავი ქონება) შავი ზღვის სანაპიროზე სხვადასხვა სამუშაოებისათვის. მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა საკუთარი ვალდებულებები. მოსარჩელის ვალდებულების სანაცვლოდ მოპასუხეს ეკისრებოდა გემით მომსახურების საფასურის გადახდა, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია. მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა უკრაინის საზღვაო საარბიტრაჟო კომისიას. უკრაინაში მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 74 755,70 ევროს დაკისრება.
2. 2016 წლის 22 იანვარს, მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოსარჩელის გემზე განთავსებულ მოძრავ ნივთსა და საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში მოპასუხის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე (საარბიტრაჟო მოთხოვნის ფარგლებში) ყადაღის დადება.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით, განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასამართლომ ყადაღა დაადო მოსარჩელის გემზე განთავსებულ მოძრავ ქონებას. მოპასუხის სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე, საარბიტრაჟო მოთხოვნის ფარგლებში (74 755,70 ევროზე) ყადაღის დადების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის საჩივარი, ამავე სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე, იმ ნაწილში, რომლითაც განმცხადებელს უარი ეთქვა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი თანხების დაყადაღების თაობაზე.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 მარტის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ს.მ–ის (შემდეგში საჩივრის ავტორი, დაყადაღებული ნივთის მესაკუთრე) განცხადება/საჩივარი, რომელმაც მის საკუთრებაში რიცხულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის გაუქმება მოითხოვა. დაყადაღებული ნივთის მესაკუთრისა და კრედიტორის საჩივრები განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. 2016 წლის 28 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა განმცხადებლის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული მოძრავი ქონება ეკუთვნოდა არა მოპასუხეს, არამედ სხვა პირს, შესაბამისად, მან გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება და მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი თანხების დაყადაღების თაობაზე მისი საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, მხარეს შეუძლია, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს; საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
9. სსსკ-ის 191-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს, ან ისეთ ზიანს, რომელიც მოპასუხისათვის ზიანის დაკისრებით ვერ ანაზღაურდება. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
10. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის ვალდებულების შესრულებას, რაც სასამართლოს აძლევს უფლებას, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები და გამოიტანოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
11. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სარჩელის უზრუნევლყოფის ღონისძიება გაავრცელა მხოლოდ მოძრავ ნივთზე, ხოლო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულად სახსრებზე ყადაღის დადების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიების გამოყენების მართებულობის განხილვის პროცესში გამოირკვა, რომ ნივთი, რომელიც გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ობიექტად, ეკუთვნის არა მოპასუხეს, არამედ - მესამე პირს, რისი გათვალისწინებითაც საქართველოს უზენაეს სასამართლოში საჩივრის გადმოგზავნის თანამდევად განმცხადებელმა მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ღონისძიების (ამწე - მუხლუხებიანი კრანი SUMITOMO LS418J-ის დაყადაღება) გაუქმების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ნორმატიული დანაწესის თანახმად, პროცესის სუბიექტი აღჭურვილია უფლებით სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას საკუთარ მოთხოვნაზე (სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საპროცესო კანონმდებლობის აღნიშნული დანაწესი ანალოგიის წესით (სსსკ-ის 7.2. მუხლი) ვრცელდება სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების მოთხოვნაზეც), ამასთან, მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უზრუნველყოფის საგანი შესაძლებელია იყოს მხოლოდ მოპასუხის საკუთრებაში რიცხული ქონება (სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) და სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ღონისძიების წნეხი, როგორც სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გარანტია, არ შეიძლება, გავრცელდეს იმ სუბიექტზე, რომლის წინააღმდეგაც არ არის მიმართული სარჩელი. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემდგომ გამოვლენილმა გარემოებამ სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა მოძრავ ნივთზე ყადაღის დადების მიზნობრიობას.
13. განჩინების წინამდებარე პუნქტებში მითითებული გარემოებებისა და განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის განსჯის საგანია მოპასუხის საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ფულად სახსრებზე (საარბიტრაჟო მოთხოვნის ფარგლებში) ყადაღის დადების კანონზომიერება.
13.1. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზარებს მოპასუხის საბანკო ანგარიშის დაყადაღების დაუსაბუთებლობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას. სააპელაციო პალატის განსჯით, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია კონკრეტული ინფორმაცია, თუ რომელ ბანკში და რომელ საბანკო ანგარიშზე უნდა განხორციელებულიყო ფულადი სახსრების დაყადაღება, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოპასუხის ფულად სახსრებზე გავრცელების მართებულობას არ ადასტურებდა.
13.2. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დამდგენი საპროცესო კანონმდებლობა პირს არ ავალდებულებს, სასამართლოს დეტალიზებული ინფორმაცია მიაწოდოს მოპასუხის ფულადი სახსრების განთავსების იმ საბანკო რეკვიზიტზე, რომელიც ყადაღის დადებას უნდა დაექვემდებაროს. უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების გამოყენებისთვის მთავარია მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ფულად სახსრებზე უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელების თაობაზე განმცხადებლის ნების გამოვლენა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის დასაბუთება სასარჩელო წარმოებასთან კავშირში. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ უძრავ ქონებაზე ყადაღის პროცესუალური ინსტრუმენტის გამოყენების რეჟიმისგან განსხვავებით, ამა თუ იმ პირის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის მიღება საჯარო არ არის, უფრო მეტიც, კონფიდენციალურია და მასზე წვდომა მესამე პირთა მიერ შეუძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ანგარიშის მფლობელი თავად არ გამოთქვამს საამისოდ თანხმობას, ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამას თავად სასამართლო არ დაადგენს (შდრ. სუსგ N ას-734-696-2013, 30 სექტემბერი, 2013 წელი), ამ პირობებში კი, მოსარჩელის დავალდებულება, სასამართლოს მიუთითოს, თუ რომელ ანგარიშზე განთავსებულ ფულად სახსრებზე უნდა გავრცელდეს უზრუნველყოფის ღონისძიება, დაუსაბუთებელია. ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის ინფორმაციით, მოპასუხეს საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება არ აქვს და არც სხვა შესაძლო უზრუნველსაყოფ ქონებაზე ფლობს ინფორმაციას, გარდა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ფულადი სახსრების არსებობის ალბათობისა.
13.3. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების განხორციელებადობას, იმ პირობებში, როდესაც განმცხადებელი არ აზუსტებს საბანკო რეკვიზიტს, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, მოიხმოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-192 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საბანკო დაწესებულება ვალდებულია პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე რეესტრში რეგისტრირებული პირის ანგარიშების და მათზე არსებული ნაშთების შესახებ. ამასთანავე, საბანკო დაწესებულება ამ პირის ანგარიშზე (ანგარიშებზე) ავრცელებს ყადაღას აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. თავის მხრივ პირის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია მის წინააღმდეგ სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძველია. ეს დასკვნა გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 191.1 მუხლიდან, რომლის შესატყვისად, პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება.. სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველად კი, ამავე კანონის მე-20 მუხლი კრედიტორის სახელზე სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელს განიხილავს. მოხმობილ ნორმატიულ დანაწესთა შესაბამისად, პალატის განსჯით, განმცხადებლის მიერ შერჩეული უზრუნველყოფის ღონისძიება აღსასრულებლად მიქცევადია, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოძრავ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რისკის ქვეშ აყენებს და საფრთხეს უქმნის სარჩელის წარმატების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო განმცხადებლის მოთხოვნა მხოლოდ მოპასუხის ფულადი სახსრების დაყადაღებაა, ისიც საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში, რაც არ შეიძლება მივიჩნიოთ მოპასუხისათვის იმგვარი ფინანსური ტვირთის დაკისრებად, რაც მას, როგორც სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტს ხელს შეუშლის ფუნქციონირებაში. პალატა აქვე დასძენს, რომ მიდგომა, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება არა პირის ერთ კონკრეტულ საბანკო რეკვიზიტზე, არამედ საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში არსებულ საბანკო ანგარიშზე ვრცელდება, განმტკიცებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკითაც (იხ. სუსგ Nას-1201-1146-2013, 5 თებერვალი, 2014წ, Nას-1203-1148-2013; 5 თებერვალი, 2014 წელი, Nას-559-530-2013, 15 ივლისი, 2013 წელი).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება და, ერთი მხრივ, მოძრავ ნივთზე ყადაღის გაუქმების, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე, საარბიტრაჟო მოთხოვნის ფარგლებში, ყადაღის დადების თაობაზე განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
15. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ საჩივრის ავტორის მიერ მოძრავ ნივთზე ყადაღის დადების მოთხოვნაზე უარის თქმისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების მოძრავ ქონებაზე გავრცელების თაობაზე, რისი გათვალისწინებითაც, პალატის განსჯით, მოძრავი ნივთის მესაკუთრის საჩივრის განხილვის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.
16. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 411-ე მუხლით საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კერძო სააქციო საზოგადოება „უ.დ.ნ–ას“ წარმომადგენლის - ი.გ–ას განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას შპს „დ.ი.კ–ის“ საკუთრებაში არსებულ, მოსარჩელის გემზე განთავსებულ ტექნიკას (მუხლუხებიან კრანს SUMITOMO LS418J);
3. შეწყდეს საქმის წარმოება კერძო სააქციო საზოგადოება „უ.დ.ნ–ას“ წარმომადგენლის - ი.გ–ას განცხადებაზე საარბიტრაჟო მოპასუხის - შპს „დ.ი.კ–ის“ საკუთრებაში არსებულ, მოსარჩელის გემზე განთავსებულ ტექნიკაზე (მუხლუხებიანი ამწე SUMITOMO LS418J) ყადაღის დადების შესახებ;
4. დაკმაყოფილდეს კერძო სააქციო საზოგადოება „უ.დ.ნ–ას“ წარმომადგენლის - ი.გ–ას საჩივარი;
5. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი, რომლითაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფაზე (საარბიტრაჟო მოპასუხის საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
6. დაკმაყოფილდეს კერძო სააქციო საზოგადოება „უ.დ.ნ–ას“ წარმომადგენლის - ი.გ–ას განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის (საარბიტრაჟო მოპასუხის საბანკო ანგარიშების დაყადაღების) თაობაზე;
7. ყადაღა დაედოს საქართველოში ლიცენზირებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში საარბიტრაჟო მოპასუხის - შპს „დ.ი.კ–ის“ სახელზე არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნის (74 755.70 ევროს) ფარგლებში;
8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი