№ას-392-392-2018 30 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელის უფლებამონაცვლე) – ლ.შ–ი (ე.შ–ის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ნ.შ–ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ანდერძის ბათილად ცნობა და სამკვიდრო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა (სარჩელში), სამკვიდრო უფლებების და მოვალეობების მესაკუთრედ აღიარება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ყაზბეგის რაიონის სოფელ ..... მდებარე უძრავი ქონება (რეგისტრირებული საკადასტრო კოდები №..... და №74.02.13.039) არის ა.შ–ის (შემდეგში მოანდერძე, მამკვიდრებელი, მოპასუხის მამა) სამკვიდრო ქონება. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2013 წლის 22 მაისის №AA2013017520-03 საარქივო ცნობის თანახმად, ყაზბეგის რაიონის .... სასოფლო საბჭოს 1980-82წწ და 1983-1985წწ სოფელ ... საკომლო წიგნებში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ირიცხებოდა მამკვიდრებელი.
2. სამკვიდრო გაიხსნა 1983 წლის 21 ნოემბერს. სამკვიდროს გახსნის ადგილია ყაზბეგის რაიონის სოფელი .....
3. მამკვირდებელს დარჩა 6 პირველი რიგის მემკვიდრე: თ.ს–ი, პ.მ–ძე, რ.ტ–ი, მ.ს–ი, ნ.შ–ა (შემდეგში მოპასუხე, ანდერძისმიერი მემკვიდრე) და გ.შ–ი (მოსარჩელის მეუღლე).
4. სანოტარო წესით დამოწმებული, 1979 წლის 25 მაისის ანდერძის თანახმად, სადავო ქონება ეანდერძა მოპასუხეს. ანდერძის თანახმად, მოანდერძე გაეცნო საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების შინაარსს. ანდერძზე ხელმოწერის გრაფაში ნაბეჭდი ტექსტით მითითებულია მხოლოდ მოპასუხის მამის სახელი, რომლის გასწვრივაც ფიქსირდება მისივე ხელმოწერა. ხელმოწერის გრაფაში მოპასუხის დედის სახელი არც ნაბეჭდი ტექსტით და არც ხელმოწერით არ ფიქსირდება, ანდერძის უკანა გვერდზე დატანილია ხელნაწერი ტექსტი და ხელმოწერები, რომლითაც მამკვიდრებლის შვილები, მათ შორის - გ.შ–ი (შემდეგში - მოსარჩელის მეუღლე) ეთანხმებიან მამკვიდრებლის ანდერძს. ტექსტისა და ხელმოწერების შესრულების თარიღი მითითებული არ არის (ტ. ІІ, ს.ფ. 138).
5. მოსარჩელის მეუღლე, გარდაიცვალა 2004 წლის 29 აპრილს. მისი მემკვიდრეა ე.შ–ი (შემდეგში - მოსარჩელე), რომელთა ქორწინება რეგისტრირებულია 1961 წლის 18 დეკემბერს. მოსარჩელეს ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მეუღლის სამკვიდროში არსებული უფლება-მოვალეობები.
6. 2006 წლის 23 აგვისტოს, საჯარო რეესტრში, სამკვიდრო ქონების (დაზუსტებული ფართობით - 2886 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის) მესაკუთრედ, მოპასუხე1979 წლის 25 მაისის ანდერძის საფუძველზე დარეგისტრირდა. სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად, ამავე ქონებაზე გაუქმდა მოსარჩელის მეუღლის რეგისტრაცია. 2001 წელს სადავო ქონებაზე მოსარჩელის მეუღლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 15 ივნისის წერილის თანახმად, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში N195 საგადასახადო სია წარმოადგენდა. (იხ. ტ.1, ს.ფ. 18).
7. 2011 წლის 26 აგვისტოს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე სადავო ქონება დაიყო და ორ დამოუკიდებელ უძრავ ქონებად (..... საკადასტრო კოდით იდენტიფიცირებად 1552 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად და .... საკადასტრო კოდით იდენტიფიცირებად 1334 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად) საჯარო რეეესტრში დარეგირტრირდა.
8. მოპასუხემ, 2011 წლის 13 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ყაზბეგის რაიონის სოფელ .... მდებარე 1552 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ...... აჩუქა შვილებს: მ. და მ. შ–ებს (შემდეგში - დასაჩუქრებულები, მესაკუთრეები) და 2011 წლის 31 ოქტომბრიდან ამ ქონებაზე რეგისტრირებულია მათი საკუთრების უფლება.
9. ყაზბეგის რაიონის სოფელ .... მდებარე 1334 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და შენობაზე (ს/კ ......) 2017 წლის 28 ივნისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 3 ივლისიდან რეგისტრირებულია ხ.დ–ას (შემდეგში მესამე პირი, მესაკუთრე) საკუთრების უფლება.
10. 2013 წლის 28 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც სადავო ანდერძის ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.
11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და საქმეზე მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა. მოგვიანებით მან ამ დავაზე შეგებებული სარჩელიც წარადგინა, რომლითაც სადავო ქონებაზე მისი საკუთრების უფლების დადგენა/აღიარება მოითხოვა.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ბათილად ცნო 1979 წლის 25 მაისით დათარიღებული ანდერძი. სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა სამკვიდრო ქონების ერთპიროვნულ მესაკუთრედ მისი ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა. ნაწილობრივ დაკამყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელიც. სასამართლომ მოსარჩელე და მოპასუხე სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრეებად (1/2 წილის) ცნო.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოდავე მხარებმა, რომლებმაც სარჩელისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის გარდაცვალების გამო, საქმეში მის უფლებამონაცვლეებად ჩაებნენ მისი შვილები.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტლებით გაუქმდა სადავო გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოპასუხის შეგებებული სარჩელიც.
15.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
15.2. პალატის განმარტებით, განსახილველ დავაზე მოსარჩელეს სადავო ქონების დღევანდელი მესაკუთრეები მოპასუხეებად არ დაუსახელებია და არც მათი უფლების დამდგენი ხელშეკრულებები გაუხდია სადაოდ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ანდერძის გაბათილების შემთხვევაშიც, მოსარჩელე ვერ მოიპოვებდა საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე.
15.3. პალატის განსჯით, სადავო ანდერძი არ წარმოადგენდა მამკვიდრებლისა და მისი მეღლის ერთობლივ ანდერძს, ვინაიდან ანდერძით განკარგული უძრავი ქონება მამკვიდრებლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენდა და არა მეუღლეთა თანასაკუთრებას. ამასთან, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმულად მიიჩნია.
16. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
16.1. კასატორის მტკიცებით, 1979 წლის 25 მაისს შედგენილი ანდერძი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმის დაუცველობის გამო, უცილოდ ბათილი გარიგებაა, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, სადავო ანდერძის ბათილად ცნობის უსაფუძვლობის თაობაზე.
16.2. კასატორის განმარტებით, ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეთათვის, რომელთაც სადავო უძრავი ნივთი ჩუქებით მიიღეს, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ გადაცემული ქონება მოპასუხეს არ ეკუთვნოდა და ქონებაზე მჩუქებლის საკუთრების უფლება სადავო იყო, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული პირები არ განიხილებიან ქონების კეთილსინდისიერ შემძენებად, რაც, თავის მხრივ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო ქონებაზე მოსარჩელის უფლებამონაცვლის საკუთრების უფლების აღრიცხვის საფუძველია.
16.3. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მტკიცება სადავო სამკვიდრო ქონების მოანდერძის ინდივიდუალურ საკუთრებად მიჩნევის თაობაზე არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. სასამართლოს უნდა დაედგინა სადავო ანდერძის შედგენის დროს ო.შ–ი წარმოადგენდა თუ არა კომლის წევრს. სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხსაც. კასატორის განმარტებით, 1979 წლის 25 მაისს ანდერძის დამოწმების დროს მოქმედი კანონმდებლობა, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის ანალოგიურად, არ ითვალისწინებდა ერთობლივი ანდერძის გაფორმების შესაძლებლობას, შესაბამისად, ამ ანდერძზე, როგორც უცილოდ ბათილ გარიგებაზე, ვერ გავრცელდება სსკ-ის 1409-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილების ორწლიანი ვადა. ანდერძის ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ უნდა გავრცელდეს საერთო ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა, რომელიც მოსარჩელის მიერ დაცულია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დაუშვებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სარჩელი არ არის აღძრული სათანადო მოპასუხეები წინააღმდეგ, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
20. მხარეთა სათანადოობის საკითხის გამორკვევა უკავშირდება მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველს. სასამართლო აფასებს მოსარჩელის მოთხოვნას, სარჩელში მითითებულ გარემოებებს და განსაზღვრავს მოთხოვნის მატერიალურ სამართლებრივ საფუძველს. სწორედ ეს საფუძველი ადგენს მოთხოვნის განხორციელების სამართლებრივ წინაპირობებს და იმასაც, თუ ვინ, ვის, რა უნდა მოსთხოვოს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ ბათილი ანდერძის საფუძველზე აღირიცხა სამკვიდრო ქონება, რომელიც ჯერ მისმა მეუღლემ, ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდგომ თავად მოსარჩელემ ფაქტობრივი მფლობელობით მიიღო. მოსარჩელის მოთხოვნასაც სადავო სამკვიდრო ქონების მისთვის მიკუთვნება/დაბრუნება წარმოადგენს. დადგენილია, რომ სადავო ქონება მესამე პირებზე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისდა და დავის განხილვის პროცესში მოპასუხის საკუთრებას აღარ წარმოადგენდა. საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, გაჩუქებულ ნივთზე საკუთრების უფლების შედავების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა შესაძლოა სსკ-ის 990-ე მუხლიდან (1. თუ არაუფლებამოსილი პირი რაიმე საგანს უსასყიდლოდ განკარგავს და ეს განკარგვა ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიმართ, მაშინ ის პირი, რომელმაც ამ განკარგვის შედეგად უშუალო სამართლებრივი სარგებელი მიიღო, მოვალეა მიღებული გადასცეს უფლებამოსილ პირს)) გამომდინარეობდეს და სწორედ მითითებული ნორმის შემადგენლობის განხორციელებაზეა დამოკიდებული ხელყოფილი საკუთრების უფლების რესტიტუცია. საკასაციო პალატის განსჯით, სადავო სამკვიდრო ქონებაზე მოსარჩელის მიკუთვნებითი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივად სწორად ფორმულირების შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხეებად ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული პირები უნდა მიეთითებინა.
21. საკასაციო პალატის განმარტებით, სარჩელი მიმართული უნდა იყოს იმ პირთა მიმართ, ვისზეც შესაძლებელია გავრცელდეს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი შედეგები, ასეთს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების სადავოობისას ქონების მესაკუთრე წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა სხვის ქონებაზე უკანონოდ მოპოვებული საკუთრების უფლება (თუკი ასეთი დამტკიცდება) დაუბრუნოს მის კანონიერ მესაკუთრეს. განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას მხოლოდ ანდერძის ბათილობას უკავშირებს და მოპასუხედაც საქმეში ჩაბმულია ანდერძისმიერი მემკვიდრე. მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეთა მიერ სადავო უძრავი ნივთის შეძენის მართლზომიერება და ისინი არც მოპასუხეებად არ დაუსახელებია. სადავო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაცია კი, მხოლოდ შესაბამისი უძრავი ნივთების მესაკუთრეთა საკუთრების უფლების გაქარწყლების უკუშედეგს წარმოადგენს. უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ მიმართული მიკუთვნებითი სარჩელი პალატის განსჯით, მოსარჩელის იურიდიულ ინტერესში არსებულ სამართლებრივ შედეგს ვერ უზრუნველყოფს. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო ქონება აღარ ეკუთვნის საქმეში მოპასუხის სტატუსით ჩართულ ანდერძისმიერ მემკვიდრეს, ხოლო ქონების მესაკუთრეთა წინააღმდეგ მოსარჩელეს ქვემდგომი ინსტანციით სამართალწარმოების ეტაპზე არ წამოუყენებია სამართლებრივი პრეტენზია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე სამკვიდრო ქონების გასხვისების მართლზომიერება და დავის სამართლებრივი შედეგი განავრცოს იმ პირთა მიმართ, რომლებიც განსახილველ დავაში სათანადო მოპასუხის სტატუსით არ ფიგურირებენ. მართალია, სასამართლომ ქონების მესაკუთრენი მესამე პირის სტატუსით ჩართო სამართალწარმოების პროცესში, თუმცა ეს არ ასწორებს ამ დავის პროცესუალურსამართლებრივ ხარვეზს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა (სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე) სარჩელის განხილვის მიზნებისათვის იმპერატიულად განსაზღვრავს დავაზე არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეთავაზების მიუხედავად, მოსარჩელემ სადავო ქონების მესაკუთრეები (სათანადო მოპასუხეები) არ ჩააბა საქმეში მოპასუხეებად, რაც გამორიცხავდა მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
22. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას მოპასუხის არასათანადოობის თაობაზე, თუმცა ამავდროულად პალატის მოსაზრებით, არასათანადო მოპასუხის წინააღმდეგ მიმართული სარჩელი გამორიცხავს რა, მისი წარმატების პროცესუალურ პერსპექტივას, ამ დავის ფარგლებში სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია სარჩელის ხანდაზმულობისა და ანდერძის ნამდვილობის მატერიალურ სამართლებრივი საფუძვლიანობის გამორკვევა. შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უნდა ემსჯელა ამ სამართლებრივ პრეტენზიათა საფუძვლიანობაზე და მხოლოდ მოპასუხის არასათანადოობის შეფასებით უნდა შემოფარგლულიყო.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #545, გადახდის თარიღი 16.03.2018), 70% – 210 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.შ–ის (ე.შ–ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ლ.შ–ს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება #545, გადახდის თარიღი 16.03.2018) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი