№ას-487-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – თ.წ–ი
გასაჩივრებული გაჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს "ჩ.რ.ბ.ჯ–ი“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებას, ხაშურის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თ.წ–ის (შემდეგში - მოსარჩელე, მესაკუთრე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მის სასარგებლოდ 14 985 ლარის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორთა განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, კატეგორიული შინაარსის არ არის, მიუთითებს სავარაუდო დასკვნებზე და მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ დათვალიერების შედეგებს და მობინადრეთა განმარტებას.
2.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა გვირაბის აფეთქების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ 2017 წლის 20 ივლისისა და იმავე წლის 12 დეკემბრის საექსპერტო დასკვნები, რომლებიც გამორიცხავს კასატორი კომპანიის ბრალს მოსარჩელის ქონების დაზიანებაში.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის პროცესში გამოიყენება მიწისქვეშა აფეთქებები.
5.2.2. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .....
5.2.3. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 2 აგვისტოს №004419817 დასკვნის (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები) თანახმად, ,,ზოგადად და ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის NN57 დადგენილებით, მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც არ შესრულებულა. დასკვნის თანახმად, იმის დასაზუსტებლად სოფელ .... მოსარჩელის სახლის უკანა კედლის მხარეს, ფერდობის საყრდენი კედლის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით, საჭირო იყო სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს ჩატარებული აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაცია და ტოპო-გეოდეზიური სქემა, სადაც მოცემული იქნებოდა სარკინიგზო გვირაბის და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის მდებარეობა.
5.2.4. სასამართლოს ინიციატივით დანიშნული დამატებითი ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 17 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,საქართველოში ინდივიდუალური სახლების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც აშენებულია 1990 წლამდე, ვერ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებსა და წესებს, თუმცა ამ სახლების ტექნიკური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია და მათი შემდგომი ექსპლუატაცია დასაშვებია. ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის უკანა კედლის მხარეს ფერდობის საყრდენი კედლისა და აივნის ბეტონის კედლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო. ექსპერტის განმარტებით, სისტემურ და ხშირ აფეთქებებს შესაძლოა, გამოეწვია ნიადაგის ჯდენითი პროცესები, რაც გამოიწვევდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლისა და ფერდობის საყრდენ კედლის დაზიანებას, რადგან ცნობილია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და მრავალჯერადად განმეორებული ვიბრაციული დატვირთვების შედეგად ხდება თიხნარი გრუნტების გაფხვიერება, ხოლო ქვიშნარი გრუნტების ჯდენა, რაც შესაბამისად აისახება შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე. ექსპერტის მოსაზრებით, ამ პერიოდში (2013-2017 წლებში) საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფელ .... არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფელ .... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე და უკანა კედლის მხარეს გრუნტის მასივის შესაკავებლად საყრდენი კედლის არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, რისი გათვალისწინებითაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე და საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით.
5.2.5. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა - 16 372.10 ლარი.
6. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408-ე მუხლის პირველი ნაწილი(იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
6.1. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).
6.2. განსახილველი შემთხვევის საკვანძო საკითხს, მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის ზიანს შორის მიზეზშედგებობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებზე აპელირებით, მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, შენობაზე გვირაბის აფეთქების ზემოქმედების დადასტურება. კერძოდ, ექსპეტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 ივნისის დასკვნა ცხადყოფს, რომ 2013-2017 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ ყოფილა ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები, რომლებიც გამოიწვევდა ხაშურის რაიონის სოფელ .... არსებული შენობა-ნაგებობების (მათ შორის, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის) მნიშვნელოვან დაზიანებებს, რისი გათვალისწინებითაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე და საყრდენ კედელზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით. ამდენად, საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის სახლის დაზიანება მოპასუხე კომპანიის მიერ ნაწარმოები გვირაბის აფეთქების ფაქტობრივი ნეგატიური შედეგია. ქონების დაზიანებასა და მოპასუხის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მოპასუხის ბრალეულ, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან კავშირში მოპასუხისათვის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების უპირობო საფუძველია.
6.3. მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულებების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას გააქარწყლებდა. დადგენილია, რომ ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ სასამართლოს საერთაშორისო კომპანიის დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვით კვლევა უკავშირდება ზოგადად გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. ამ დასკვნით, არ შეფასებულა შენობის მდგომარეობის/სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქების მიზეზშედეგობრივი კავშირი, შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული დასკვნა, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, არ გამოდგება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ 2018 წლის 17 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის გასაბათილებლად.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
8. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: საქმე N ას-95-2019, 25 აპრილი, 2019 წელი, საქმე Nას-1540-2018, 6 ივნისი 2019 წელი, საქმე N ას-482-2019, 31 მაისი, 2019 წელი, საქმე Nას-11-2019, 24 მაისი, 2019 წელი).
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
11. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 749.25 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 749.25 ლარის (749.25 ლარი, საგადახდო დავალება #332, გადახდის თარიღი 17.04.2019), 70% – 524.47 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 749.25 ლარის (749.25 ლარი, საგადახდო დავალება #332, გადახდის თარიღი 17.04.2019) 70% – 524.47 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი