№ას-742-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ა(ა)იპ ლ.ი.ა–ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – ა.კ–ძე, ო.მ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების დაბრუნება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა(ა)იპ „ლ.ი.ა–ამ“ (შემდგომში - მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა ა.კ–ძისა (შემდგომში - პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ო.მ–ას (შემდგომში - მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტისა და უძრავი ქონების დაბრუნების მოთხოვნით.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უარყოფილ იქნა, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 7 000 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხზე მსჯელობის მიზნით, შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
4.2. 2019 წლის 14 მარტს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად ვადის 10 დღით გაგრძელება.
4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით, მოსარჩელეს 10 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა.
4.4. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 48. ტ.1) კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა 2019 წლის 20 მარტს (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 16. ტ.3).
4.5. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 21 მარტს დაიწყო და იმავე წლის 1 აპრილს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა მძიმე ფინანსური მდგომარეობით იყო განპირობებული. მოსარჩელე/ასოციაციის დამფუძნებელი წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში მებრძოლო ინვალიდები არიან, სასამართლომ კი, მათი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უსაფუძვლოდ უარყო.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინებაც უცვლელად დარჩეს.
9. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა.
10. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან, აპელანტი მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, რაც სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა.
11. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ სასამართლო ხარჯის გადახდის გადავადება სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა (სსსკ-ის 48.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს), რაც თავის მხრივ, შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლის საფუძველზე, ირკვევა, რომ აპელანტს ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მიზნით, რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის განჩინებით აპელანტს განუმარტა, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის აუცილებლობაზე. თუმცა აპელანტს არც შემდეგში, ხარვეზის ვადის გაგრძელების მიუხედავად, არ წარუდგენია სასამართლოსთვის რაიმე მტკიცებულება, რაც მის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას დაადასტურებდა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად დაუდგინა ხარვეზი სააპელაციო საჩივარს და აპელანტს მისცა ვადა მისი გამოსწორებისათვის. კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც სასამართლო, კერძო საჩივარში მითითებულ მხარის ქონებრივ ვითარებას ვერ გამოიკვლევდა საკუთარი ინიციატივით.
11. კერძო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძვლად იმ გარემობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მოსარჩელე ორგანიზაციის დამფუძნებელები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს წარმოადგენდნენ. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას იმ გარემოებას მიაქცევს, რომ საჩივარში მითითებული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მოსარჩელე საერთოდ გათავისუფლდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "მ" ქვეპუნქტის (5.1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე) საფუძველზე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საჭიროება არც დადგებოდა. ამდენად, რაკი მოცემულ შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება, მოსარჩელე ორგანიზაციის დამფუძნებელთა, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი სტატუსი, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველიც არ არსებობს.
12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა, ს.ფ 48. ტ.1) ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2019 წლის 20 მარტს ჩაჰბარდა (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 16 ტ.3). შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 21 მარტს დაიწყო და იმავე წლის 1 აპრილს (30-31 მარტი შაბათ-კვირა იყო) დასრულდა, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით, არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
14. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ლ.ი.ა–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი