№ას-887-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – მ.ჯ–ი, მ.ჯ–ი, ა.დ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ.ჯ–ი
გასაჩივრებული გაჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მაია და მ.ჯ–ები და ა.დ–ი (შემდეგში მოპასუხეები, კასატორები) ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დ.ჯ–ის (შემდეგში მოსარჩელე, მესაკუთრე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ....., საკადასტრო კოდი N ....... (შემდეგში უძრავი ქონება/სადავო ქონება).
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ, მოპასუხეები სადავო ბინასთან დაკავშირებით გეგმავენ სარჩელის აღძვრას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ დავაზე მათი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი გამოეცლება მათი სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნას.
2.2. კასატორთა მითითებით, მოსარჩელე არის მოძალადე, რომელმაც საკუთარი შვილები ბინიდან არაერთგზის გამოაგდო, მათ კი, სხვა საცხოვრებელი ადგილი არ აქვთ.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. სადავო ქონება წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას (იხ. ტომი 1; ს/ფ 82-83 - საჯარო რეესტრის ამონაწერი);
5.2.2. სადავო უძრავ ნივთს ფლობენ მოპასუხეები.
5.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, მხარეთა მორიგების გამო სამოქალაქო საქმეზე იმავე მხარეთა შორის სამკვიდრო მოწმობის გაუქმებისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება. მორიგების პირობის თანახმად, სადავო ბინა საკუთრების უფლებით გადაეცემოდათ მოპასუხეებს, ამ დავაზე მოსარჩელისათვის 25 700 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ. ამავე მორიგების პირობით, ერთ-ერთმა მოპასუხემ აიღო ვალდებულება, 25 700 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის გადაეხადა 2018 წლის 18 თებერვლამდე. თავის მხრივ, მოსარჩელემ ივალდებულა 2018 წლის 18 თებერვლამდე არ განეცხადებინა პრეტენზია სადავო ბინაზე.
5.2.4. მოპასუხეებს მორიგების აქტით გათვალიწინებული ვალდებულება არ შეუსრულებიათ.
6. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები სადავო უძრავ ქონებას ფლობენ. მათ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
8. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.
9. კასატორთა საკასაციო პრეტენზიის არსი ისაა, რომ ისინი სასარჩელო წარმოების წესით აპირებენ ახალი სარჩელის აღძვრას სადავო ბინასთან დაკავშირებით, რასაც წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევენ. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ კასატორთა აპელირება სადავო ქონებასთან დაკავშირებით ახალი სარჩელის აღძვრაზე, გავლენას ვერ მოახდენს მოცემული სამართალწარმოების ფარგლებში დავის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტაზე. საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ცხადყოფს, რომ სადავო ქონების რეგისტრირებული მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხეს მოცემული დავის ფარგლებში არ წარმოუდგენია უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლიანობის თაობაზე რაიმე სახის მტკიცებულება. ამასთან, საკასაციო პალატა კასატორებს მიუთითებს, რომ მათ მოცემული სამართალწარმოების ფარგლებშიც შეეძლოთ, შეგებებული სარჩელის აღძვრით ედავათ სადავო ქონებაზე კანონიერი უფლების არსებობის თაობაზე, რისი წარმატებით რეალიზაციაც სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივას გამორიცხავდა. საკასაციო საჩივარში ზედაპირული მითითება კი, სამომავლო დავაზე, მაშინ, როდესაც კასატორები ვერ ადასტურებენ ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს, განსახილველ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. დაუსაბუთებელია მოპასუხეთა მტკიცებაც იმის თაობაზე, რომ მათ მორიგების პირობების შესრულებაში თავად მოსარჩელემ შეუშალა ხელი საბანკო ანგარიშის თაობაზე ინფორმაციის მიუწოდებლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მოვალეს აძლევს შესაძლებლობას, ვალდებულება შეასრულოს დეპონირებით (სსკ-ის 434.1 მუხლის თანახმად, თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე), თუ კრედიტორი თავს არიდებს შესრულების მიღებას, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს მოსარჩელისათვის გადასაცემი თანხის დეპონირებისთვის არ მიუმართავთ, რისი გათვალისწინებითაც მათი მტკიცება მოსარჩელის ბრალით მორიგების აქტის პირობების შეუსრულებლობაზე მოკლებულია არგუმენტირებულობას.
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 24.06.2019), 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჯ–ის, მ.ჯ–ისა და ა.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.ჯ–ს (......), მ.ჯ–სა (.....) და ა.დ–ს (......) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ლ.ბ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 24.06.2019) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი