Facebook Twitter

№ას-974-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ნ.ხ–ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.მ–ი

გასაჩივრებული გაჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.ხ–ა (შემდეგში მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მ.მ–ის (შემდეგში მოსარჩელე, მესაკუთრე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ......, (საკადასტრო აზომვით ნახაზზე შენობა-ნაგებობა 01/1 02/1 და მათ წინ მდებარე დამხმარე ფართი 11/1 12/1 13/1, საკადასტრო კოდით: .....) (შემდეგში უძრავი ქონება/სადავო ქონება).

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. სასამართლომ არ მიიღო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები;

2.2. სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია, კანონის მოთხოვნათა დარღვევით. მოსარჩელემ 2003 წლის 1 აპრილს უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე დედის სასარგებლოდ, თუმცა 2004 წელს გაიფორმა მემკვიდრეობა და საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა სადავო უძრავი ქონება, რაც კანონსაწინააღმდეგოა.

2.3. კასატორის მტკიცებით, 2013 წლის 12 მარტს მოსარჩელის დედამ სადავო ქონება გაყიდა. მყიდველის შვილმა ვ.ო–ძემ (შემდეგში მესამე პირი), როგორც შემძენის სამართალმემკვიდრემ, მოპასუხეს 5000 აშშ დოლარად მიაგირავა სადავო უძრავი ქონების ნაწილი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებს და არ გაითვალისწინა აპელანტის არგუმენტები.

2.4. კასატორის განმარტებით, მიმდინარე წლის ივნისში სასამართლომ წარმოებაში მიიღო, მოპასუხის კრედიტორის სარჩელი, მისი და მოსარჩელის მამკვიდრებლებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2004 წლის 22 მაისს სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა.

5.2.2. მოპასუხე, უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს.

6. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მან, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

8. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

9. კასატორის საკასაციო პრეტენზიის არსი ისაა, რომ საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგიტრირებულმა მოსარჩელემ რეგისტრაციის წინმსწრებად უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე და სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შეუქცევადობის გათვალისწინებით, მასზე უკანონოდაა აღრიცხული სადავო ქონება, მაშასადამე, მას არც ვინდიკაციური სარჩელით ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის არგუმენტაცია მოცემული დავის არსთან კავშირში არაა, კასაციის დაფუძნება კი, იმ გარემოებებზე, რომელსაც განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს, საკასაციო საჩივრის წარმატების პერსპექტივას სპობს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, სამკვიდროს მიღებაზე უარი შეუქცევადია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1443.1 მუხლია თანახმად, მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია), თუმცა კონკრეტული დავის ფარგლებში მოსარჩელის მიერ სადავო ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერება არ წარმოადგენს დავის საგანს. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის სასარჩელო პრეტენზიის ფარგლებში, მფლობელის შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გამორიცხვა დამოკიდებულია სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარგდენით ნივთის მართლზომიერად ფლობის დასაბუთებაზე. ვინდიკაციური სარჩელის მოპასუხემ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა ამტკიცოს სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძვლიანობა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მოსაზრებით, მის მიერ სადავო ფართის ფლობის მართლზომიერება გამომდინარეობს მესამე პირთან დადებული ხელშეკრულებიდან. მოპასუხის განმარტებით, მესამე პირის დედამ მოსარჩელის დედისგან შეიძინა სადავო უძრავი ქონება, რომელიც შემდეგ კასატორს გადაეცა სარგებლობაში. კასატორის ამ მოსაზრებას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სადავო ქონება მოსარჩელის დედის სახელზე არ აღრიცხულა, ხოლო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება წარმოშობს. რეგისტრაციის არარსებობის პირობებში და, უფრო მეტიც, სადავო ქონებაზე მესაკუთრედ მოსარჩელის რეგისტრაციის პირობებში, მოსარჩელის დედა სადავო ქონებას ვერ გაასხვისებდა და ნასყიდობის გარიგება რომც დაედო, ის იურიდიულ ძალას ვერ შეიძენდა. საქმის გარემოებათა გაანალიზება ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოპასუხის შეთანხმება მესამე პირთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ვერ შებოჭავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, ამიტომ მესაკუთრე უფლებამოსილია, მოპასუხისგან მოითხოვოს უკანონო მფლობელობაში მყოფი უძრავი ნივთის დაბრუნება.

10. ამ განჩინების წინამდებარე პუნქტში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, პალატის განსჯით, მოპასუხის მიერ მითითებული მტკიცებულებების დაშვებაც ვერ შეცვლიდა სამართლებრივ სურათს მოპასუხის სასარგებლოდ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი მტკიცებულებები მოპასუხეს პირველი ინსტანცის სასამართლოში წარდგენილი აქვს სსსკ-ის 219-ე მუხლის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) მოთხოვნათა დარღვევით და, ამდენად, ქვემდგომი ინტანციის სასამართლოებმა მართებულად არ მიიჩნიეს მტკიცებულებები დასაშვებად. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, მესამე პირის მამკვიდრებელთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის აღიარების სასარჩელო წარმოების დაწყების თაობაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ეს გარემოება ვერ დააბრკოლებს ამ დავის განხილვას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია ქონებრივი დავა, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვა, რომელიც მითითებული ნორმით განსაზღვრულ დავის კატეგორიას განეკუთვნება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს, საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ზედმეტად გადახდილი აქვს 150 ლარი, რაც მას სრულად უნდა დაუბრუნდეს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 150 ლარიდან, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის 70% - 105 ლარი. სულ კასატორის უნდა დაუბრუნდეს 255 (155+105) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ხ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ხ–ას (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ.შ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 20.06.2019) 255 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი