საქმე №ას-1530-2019 26 დეკემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – მ.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შ.კ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2017 წელს შ.კ–ძესა (შემდეგში მოპასუხე) და მ.კ–ს (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, რწმუნებული) შორის ზეპირი დავალების ხელშეკრულება დაიდო. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ არ შეასრულა დავალების ხელშეკრულების პირობები, რაც მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სს „ტ–ის“ აქციების გასხვისებიდან ამონაგები თანხის ნახევრის მისთვის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობდა. რწმუნებულმა სარჩელით მიმართა სასამართლოს 27 500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი 27500 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს დაევალა განჩინების გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. მასვე განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას.
5. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და 2019 წლის 13 აგვისტოს ჩაჰბარდა ორგანიზაციის თანამშრომელს. აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის ვადა 2019 წლის 20 აგვისტოს ამოეწურა. მითითებულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
7. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
7.1. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო საჩივარში მითითებულია მისი პირადი საცხოვრებელი, და არა ორგანიზაციის მისამართი. ამასთან, კორესპონდენციის ჩაბარების დღეს 2019 წლის 13 აგვისტოს, იგი იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მტკიცებით, მისთვის უცნობია იმ პირის ვინაობა, ვინც სასამართლო უწყება ჩაიბარა. მისივე განმარტებით, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ფიზიკური პირის მიერ და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტიც გაცემულია ფიზიკურ პირზე, შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლო უწყების აპელანტის წარმომადგენლის მიერ ორგანიზაციის მისამართზე ჩაბარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა გაუგებარია. კერძო საჩივრის ავტორის განსჯით, სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, რაც სადავო განჩინების გაუქმების საფუძველია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, რომლის არსი სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარუდგენლობაა.
11. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინება, რომლითაც აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით გაუგრძელდა, მას არ ჩაჰბარებია, კერძოდ, მისი განმარტებით, სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებული მისამართი საკუთარი საცხოვრებელი სახლია და არა მისი, როგორც იურისტის საქმიანობის ადგილი, შესაბამისად, მისთვის უცნობია უწყების ჩამბარებელი პირის ვინაობა.
12. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას შემდეგ გარემოებათა გამო:
12.1. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო გზავნილი გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაიბარა ამავე მისამართზე მყოფმა პირმა, როგორც ორგანიზაციის თანამშრომელმა.
12.2. საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელი ადვოკატია და მის მიერ მითითებულ მისამართზე ორგანიზაციის თანამშრომლის მიერ უწყების ჩაბარებით (როგორც ეს უწყების ჩაბარების დასტურზეა აღნიშნული) პრეზუმირებულია, რომ იგი ამ მისამართზე საადვოკატო საქმიანობას ეწევა, შესაბამისად ეს მისამართი მისი სამუშაო ადგილია. აპელანტის წარმომადგენელს შეეძლო ამ პრეზუმფციის გაქარწყლება ფაქტების კონსტატაციის აქტით, რომელიც დაადასტურებდა, სასამართლო გზავნილის ჩაბარების ადგილზე მხოლოდ მისი საცხოვრებელი სახლის და არა ადვოკატის ოფისის არსებობას, თუმცა მას მოცემული დავის ფარგლებში ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. აქედან გამომდინარე, ადვოკატის თანამშრომლისათვის გზავნილის ჩაბარება, ადვოკატისთვის ჩაბარებად ითვლება სსსკ-ის 73.8 მუხლის მიხედვით. ამ ნორმის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კორესპონდენცია გაეგზავნა როგორც მოსარჩელეს, ისე მის წარმომადგენელს, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. დადგენილია, რომ აპელანტს გზავნილი არ ჩაჰბარდა, ხოლო, რაც შეეხება აპელანტის წარმომადგენელს, კორესპონდენცია აპელანტის წარმომადგენლისათვის გადასაცემად ჩაიბარა ორგანიზაციის თანამშრომელმა, რამაც სადავო მისამართზე მოსარჩელის წარმომადგენლის სამუშაო ადგილის განთავსების თაობაზე სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი შეუქმნა. საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. რაც შეეხება სასამართლო კორესპონდენციის მიტანის დროს თურქეთში ყოფნის თაობაზე აპელანტის წარმომადგენლის მითითებას, ჯერ ერთი, ეს გარემოება დადასტურებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებით და, მეორეც, მითითებული ფაქტის დადგენა არ წარმოადგენს იმ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებას, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლიანობას დაადასტურებდა. საკასაციო პალატის განსჯით, სამუშაო ადგილზე კორესპონდენციის გაგზავნის დროს, მის მიღებაზე უფლებამოსილია, არა მხოლოდ გზავნილის ადრესატი ფიზიკური პირი, არამედ იმ ორგანიზაციის თანამშრომელიც, სადაც ეს პირი მუშაობს, რომელიც გზავნილის ადრესატისთვის გადაცემის ვალდებულებას კისრულობს. კონკრეტულ შემთხვევაში, გზავნილის მიმღებმა პირმა, ერთი მხრივ, კორესპონდენციის ჩაბარების დასტურზე აღნიშნა მისი სამართლებრივი კავშირი აპელანტის წარმომადგენელთან და, მეორე მხრივ, მიუთითა, რომ დოკუმენტაცია ჩაიბარა ადრესატზე გადასაცემად. აქედან გამომდინარე, გზავნილის ჩაბარების დროს მოსარჩელის წარმომადგენლის საქართველოში არყოფნის თაობაზე აპელანტის წარმომადგენლის მტკიცება ვერ ცვლის პროცესუალურ-სამართლებრივ სურათს და სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნევა.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
14. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოხმობილ საკანონმდებლო დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2019 წლის 13 აგვისტოს დაიწყო (განჩინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და იმავე წლის 20 აგვისტოს ამოიწურა. (სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.
15. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე (1) მუხლით, ისე _ „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. განსახილველ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები (არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი), პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.
16. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: Nას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; N ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; N ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი