№ას-1909-2018 6 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ი.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 08 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით:
- ა.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა
- დაეკისრა მოპასუხე ი.ბ–ძეს მოსარჩელე ა.გ–ძის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის და პირგასამტეხლოს 292 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი.ბ–ძის წარმომადგენელმა გ.ი–მა, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის N 2/12698-17 გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით:
- ი.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ბ–ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში 114.6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. 2019 წლის 24 იანვრისა და 5 აპრილის განჩინებებით განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
6. კასატორმა მომართა საკასაციო პალატას, მიუთითა, რომ გაურკვეველია რა შეიძლება იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება და ითხოვა მისი მითითება.
7. უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ცნობის წარმოდგენა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, დასაბეგრი შემოსავლის არარსებობის შესახებ ან 114.6 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და ითხოვა განმარტება, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან დასაბეგრი შემოსავლის არარსებობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, გათავისუფლდება თუ არა კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა უზენაეს სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სსიპ შემოსავლების სამსახურიდან დასაბეგრი შემოსავლის არარსებობის შესახებ ცნობის წარმოდგენა ან 114.6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში საკასაციო პალატა იმსჯელებდა მასზე.
14. საკასაციო პალატას განცხადებით ისევ მომართა კასატორმა და ითხოვა იმ საქმეების რეკვიზიტები, რომლებზეც კასატორებმა წარადგინეს ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, კასატორის შემოსავლების არარსებობის შესახებ და აღნიშნული პირები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
16. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და არაერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5-ე მე-9-ე პუნქტები).
17. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ დაევალა უზენაეს სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 114.6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. საკასაციო საჩივრის ავტორს მისი შუამდგომლობის საფუძველზე არაერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა და კასატორს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ნაწილობრივაც კი არ შეუვსია ხარვეზი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის გადახდისუუნარობას. კასატორს ასევე განემარტა, რომ ასეთ მტკიცებულებად შეიძლება ჩათვლილიყო ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან, კასატორის შემოსავლების არარსებობის შესახებ, რომლის წარმოდგენის შემდგომაც საკასაციო პალატა იმსჯელებდა მასზე, თუმცა არც აღნიშნული ცნობა ყოფილა მის მიერ წარმოდგენილი.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
18. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
19. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე