Facebook Twitter

საქმე №ას-911-2019 29 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.ხ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.თ–ი, ზ.ა–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ხ.თ–მა და ზ.ა–მა (შემდგომში _ მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ე.ხ–ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების ვინდიცირების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით-სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გადაეცათ მოსარჩელეებს.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით-აპელანტის შუამდგომლობა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ აპელანტის ეკონომიკური მდგომარეობა დასტურდებოდა თავად სადავო ქონების იძულებით რეალიზაციით, სააპელაციო საჩივარსა და საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შუამდგომლობაში ასახული იყო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება. ამ ვითარებაში, როდესაც მხარემ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ერეკლე ხიდიშელის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო (კერძო) საჩივარს, თუ:

ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;

გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოობა და არსებობს თუ არა საპროცესო ვადის აღდგენის წინაპირობები. ამ თვალსაზრისით კი, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, ამავე განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 80 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ხარვეზის გამოსწორების ვადა განისაზღვრა 7 დღით და განემარტა აპელანტს მისი გამოუსწორებლობის შედეგები;

1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაბარდა 2019 წლის 2 აპრილს, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 3 აპრილიდან და, ვინაიდან უკანასკნელი დღე _ 9 აპრილი ემთხვეოდა უქმეს, ამავე კოდექსის 61.2 მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 10 აპრილს;

1.2.3. 2019 წლის 12 აპრილს აპელანტმა ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი სასამართლოში და იშუამდგომლა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე. შუამდგომლობა მოტივირებულია მხარის ქონებრივი მდგომარეობით, რის დასტურადაც იგი მიიჩნევს, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სადავო ქონების აუქციონზე რეალიზაციის ფაქტს.

1.3. საკასაციო პალატა უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 368.5-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

1.4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიას საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის თაობაზე. ამ გარემოების ფაქტობრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს საკუთარ ქონებრივ მდგომარეობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ჩამონათვალს ადგენს 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ... განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. საკასაციო პალატა ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებლად არ მიიჩნევს პირის ქონებრივი მდგომარეობის სირთულეს და იმას, რომ კანონით გათვალისწინებულ ე.წ სხვა ობიექტურ გარემოებაში მათ შორის პირის ქონებრივი მდგომარეობაც იქნას მოაზრებული, თუმცა, იმისათვის, რათა ქონებრივი მდგომარეობის სირთულე დადასტურდეს, საჭიროა, საქმეში მოიპოვებოდეს ამის ამსახველი მტკიცებულებები (სახელმწიფოს ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ დავალიანების არსებობა; ანგარიშების დაყადაღება და სხვა). ამ თვალსაზრისით კი, სადავო ქონების აუქციონზე რეალიზაციის ფაქტი ვერ იქნება ერთადერთი უალტერნატივო მტკიცებულება. უფრო მეტიც, თუკი სასამართლო გაიზიარებს მხარის არუმენტს, მაშინ გაურკვეველი რჩება, რატომ ვერ შეძლო აპელანტმა დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის მიმართვა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით. ამგვარ ვითარებაში მისი პრეტენზია გაზიარებას ვერ დაექვემდებარება და ვერც საპროცესო ვადის აღდგენას დაედება საფუძვლად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლისა.

1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომლის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

1.6. განსახილველი დავის საგანი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვაა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-2 ნაწილით, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კატეგორიის დავები მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებს მიეკუთვნება და სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება. კერძო საჩივრის ავტორმა საკუთარი ინიციატივით გადაიხადა 50 ლარი, ნაცვლად 25 ლარისა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით ზედმეტად გადახდილი ბაჟი _ 25 ლარი ექვემდებარება მხარისათვის დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. ე.ხ–ს (პ/#....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ც.მ–ძის მიერ ე.ხ–ის სახელით 05.06.2019წ. #20509707 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი