ბს-482-121-კს-03 27 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 17 ოქტომბერს შპს “კ.-მ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტისა და მესამე პირის, ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა შპს “კ.-ს” სახელმწიფოსადმი არსებული სასესხო ვალდებულებათა შესრულების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 14 სექტემბრის ¹444 ბრძანებულების ბათილად ცნობა და მისი მოქმედების შეჩერება დავის არსებითად გადაწყვეტამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და მოსარჩელე “კ.-ს” უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის სახით, საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 14 სექტემბრის ¹444 ბრძანებულების მოქმედების შეჩერებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება შპს “კ.-მ” გაასაჩივრა კერძო საჩივრის შეტანის გზით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც უარი ეთქვათ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 ნოემბრის განჩინებით, შპს “კ.-ს” კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების უკანონობას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების წესი და ფორმები მოცემულია სკ-ის 191-198-ე მუხლებში. მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, მაგრამ მოცემულ Dშემთხვევაში არასწორია აღნიშნულზე მითითება, ვინაიდან ასეთი სახის ღონისძიების გამოყენება არ ყოფილა მოთხოვნილი სსკ-ის 191-198-ე მუხლებით დადგენილი ფორმით;
2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 197-ე მუხლის ანალოგია, რადგან კანონის ანალოგია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონი, ხოლო ამ შემთხვევაში კი სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმაა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლები. ამდენად, სსკ-ის 197-ე მუხლის გამოყენება, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უადგილოა.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული ბრძანებულება წარმოადგენდა ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს და სარჩელის წარდგენა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობაზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ავტომატურად იწვევდა გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვდა 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას სადავო აქტის მოქმედების Aშეჩერების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინების შეცვლით, მიღებულ უნდა იყოს ახალი განჩინება, რომლითაც შპს “კ.-ს” შუამდგომლობა გასაჩივრებული ბრძანებულებების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მსჯელობას საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 14 სექტემბრის ¹444 ბრძანებულების შეფასების ნაწილში და მიიჩნევს, რომ მითითებული ბრძანებულება, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ აქტს და წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (გამოვლენილი ნების) ტიპურ მაგალითს. აღნიშნულის საფუძველს საკასაციო სასამართლოს აძლევს შემდეგი გარემოება:
როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, შპს “კ.-სა” და სახელმწიფოს შორის წარმოშობილია სასესხო ურთიერთობა. სასესხო ურთიერთობის, ანუ სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს გააჩნია ვალდებულება, დააბრუნოს ფული ან გვაროვნული ნივთი, ხოლო გამსესხებელს _ მოითხოვოს აღნიშნულის უკან დაბრუნება.
სესხის ხელშეკრულება, ისევე როგორც სხვა ხელშეკრულება, უნდა შესრულდეს ჯეროვნად, ჯეროვანი შესრულება კი სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია შესრულების ვადასთან, რომლის დადგომისთანავე გამსესხებელს წარმოეშობა თანხის მოთხოვნის უფლება, ხოლო მსესხებელს მისი დაბრუნების ვალდებულება.
ხელშეკრულების ნებელობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით, დასაშვებია გადახდის ვალდებულების გადავადება. სწორედ ზემოაღნიშნულის მაგალითს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 21 აპრილის ¹162 ბრძანებულება, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფომ (პრეზიდენტის სახით) შპს “კ.-ს” გადაუვადა სესხის გადახდის ვალდებულება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 14 სექტემბრის ¹444 ბრძანებულება, რომლითაც გაუქმდა ვალის გადავადების თაობაზე მიღებული ზემოაღნიშნული ბრძანებულება, ბუნებრივია, ასევე წარმოადგენს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნების გამოვლენას, რომლითაც გამსესხებელმა განახორციელა თავისი უფლება _ სესხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლოსა და კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 14 სექტემბრის ¹444 ბრძანებულების, როგორც ადმინისტრაციული აქტის მიმართ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების თაობაზე უსაფუძვლოა, კერძოდ, გასაჩივრებული ბრძანებულება მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და მისი გასაჩივრება არ წარმოშობს კანონით განსაზღვრულ შეჩერების საფუძვლებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “კ.-ს” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 ოქტომბრის განჩინება შპს “კ.-სათვის” სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მითითებულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი განჩინება;
3. შპს “კ.-ს” შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 14 სექტემბრის ¹444 ბრძანებულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.