Facebook Twitter

საქმე №ას-1776-2019 21 თებერვალი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – თ.ნ–ა, ს.ტ–ი, გ.კ–ი, მ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ადვოკატის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ნ–ამ, ს.ტ–მა, გ.კ–მა და მ.ბ–მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე შპს მ.ბ.ა.ჯ-ს მიმართ და მოითხოვეს: -ბათილად იქნას ცნობილი შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს 2018 წლის 03 სექტემბრის ბრძანება ს.ტ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; - ს.ტ–ი აღდგენილი იქნას შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს ბიზნეს-დაკრედიტების ექსპერტის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2018 წლის 01 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 1600 ლარის ოდენობით. - ბათილად იქნას ცნობილი შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს 2018 წლის 03 სექტემბრის ბრძანება გ.კ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; გ.კ–ი აღდგენილი იქნას შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს ბიზნეს-დაკრედიტების ექსპერტის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2018 წლის 01 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 1600 ლარის ოდენობით. - ბათილად იქნას ცნობილი შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს 2018 წლის 03 სექტემბრის ბრძანება მ.ბ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; - მ.ბ–ი აღდგენილი იქნას შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2018 წლის 01 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 1200 ლარის ოდენობით. - ბათილად იქნას ცნობილი შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს 2018 წლის 03 სექტემბრის ბრძანება თ.ნ–ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; - თ.ნ–ა აღდგენილი იქნას შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2018 წლის 01 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად ხელზე ასაღები 1700 ლარის ოდენობით.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოთხოვნა, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს გენერალური დირექტორის მინდობილი პირის 2018 წლის 03 სექტემბრის ბრძანების, ს.ტ–ის, თ.ნ–ას, გ.კ–ის და მ.ბ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს ს.ტ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია, ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რაც შეადგენს 2750 ლარს (გადასახადების ჩათვლით); შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს მ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია, ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რაც შეადგენს 2000 ლარს (გადასახადების ჩათვლით); შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს გ. კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია, ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რაც შეადგენს 2500 ლარს (გადასახადების ჩათვლით); შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს თ.ნ–ას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია, ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, რაც შეადგენს 2250 ლარს (გადასახადების ჩათვლით).

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს მ.ბ.ა.ჯ-მ და მისი გაუქმება მოითხოვა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.

4. 2019 წლის 18 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მოწინაღმდეგე მხარეთა (მოსარჩელეთა) წარმომადგენლის დ.დ–ძის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. განმცხადებლის სააპელაციო საჩივრით მან იშუამდგომლა ადვოკატის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, რისთვისაც წარმოადგინა ადვოკატის მომსახურებისათვის 300 ლარის ოდენობით გადახდის ქვითარი თითოეული მოწინააღმდეგე მხარისაგან, ასევე, იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებებიც. სააპელაციო სასამართლომ კი თავისი გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტა საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი, კერძოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრება აპელანტი დაწესებულებისათვის.

5. აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შპს მისო ,,ბ.ა.ჯ–მ“ შუამდგომლობასთან დაკავშირებით წარმოადგინა თავისი პოზიცია სადაც არ დაეთანხმა მოთხოვნას და განმარტა, რომ მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაეკისრა ადვოკატის ხარჯი იმაზე მეტი ოდენობით, ვიდრე ამას სსსკ 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 ნოემბრის განჩინებით განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ პუნქტით და აღნიშნა შემდეგი:

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით: შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს თ.ნ–ას, ს.ტ–ის, გ.კ–ის და მ.ბ–ის სასარგებლოდ (თითოეულისათვის ცალ-ცალკე) დაეკისრა 300-300 ლარის -სულ 1200 ლარის-გადახდა ადვოკატის ხარჯის სახით (იხ., ტ.4. ს.ფ.48).

9. დადგენილია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეთა, წარმომადგენლის დ.დ–ძის მიერ წარმოდგენილი იქნა კვლავ სააპელაციო წარმოებისათვის თ.ნ–ას, ს.ტ–ის, გ.კ–ის და მ.ბ–ის მიერ თითოეულთან ცალცალკე გაფორმებული- როგორც საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებები ისე მათ მიერ ცალ-ცალკე 300-300 ლარის სულ 1200 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი-ადვოკატის ხარჯის სახით. ამდენად, დამატებითი გადაწყვეტილებით მხარე ითხოვდა ადვოკატის ხარჯის დაკისრებას სააპელაციო ინსტანციის წარმოებისათვისაც. საქმეზე წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით კი, დადგენილი იქნა, რომ თ.ნ–ას, ს.ტ–ის, გ.კ–ის და მ.ბ–ის მიერ სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით, 2019 წლის 12 აგვისტოს, დ.დ–ძისათვის, საადვოკატო მომსახურეობის მიზნით გადახდილი ჰქონდათ თითოეულს 300 ლარი სულ 1200 ლარი.

10. ამდენად, ირკვეოდა, რომ ადვოკატის ხარჯი ერთხელ უკვე დაეკისრა მოპასუხე/აპელანტ მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ (იხ., ტ.4. ს.ფ. 48) და ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 10 ოქტომბერს დარჩა უცვლელად.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე, რომელშიც მოცემულია ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი, რომლის დანაწესით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის დისპოზიცია იმგვარადაა ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის შესაძლებლობას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯის სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს, კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ. ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, ასევე ასეთის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა 9500 ლარის ფარგლებში, შპს მ.ბ.ა.ჯ-სათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ადვოკატის ხარჯის სახით 1200 ლარის დაკისრება სრულ შესაბამისობაშია სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნებთან, რაც გამორიცხავს, მოცემული დავის ფარგლებში, ამ თანხაზე მეტი ოდენობით ანაზღაურებას. შესაბამისად, გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა სააპელაციო წარმოებისათვის კვლავ 1200 ლარის ოდენობით მოპასუხეზე დაკისრება გონივრული და სამართლიანი არ იქნებოდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საკითხი გადაწყდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ეს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 10 ოქტომბერს მისი განჩინებით დატოვა უცვლელად. კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე, არ არსებობდა წაგებული მხარისათვის დამატებით ადვოკატის ხარჯის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, შუამდგომლობა ადვოკატის ხარჯის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

13. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა განმცხადებელმა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე ადვოკატის მომსახურების ხარჯის აპელანტისათვის (მოპასუხე) დაკისრების თაობაზე იმაზე ემყარება, რომ სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, თუმცა, არ უმსჯელია სასამართლოს გარეშე ხარჯებზე (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი), კერძოდ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებულ ხარჯზე, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა როგორც შუამდგომლობა აღნიშნული ხარჯის აპელანტისათვის დაკისრების შესახებ, ასევე, საადვოკატო ხელშეკრულებები და საადვოკატო მომსახურების საფასურის (თითოეულ მოწინააღმდეგე მხარეზე 300-300 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. იმავდროულად, კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სამართლოს მსჯელობას, რომელიც მოცემულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 ნოემბრის განჩინებაში, სადაც აღნიშნულია, რომ სააპელაციო ინსტანციაში არ განხორციელებულა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები, არ დახარჯულა ადვოკატის მხრიდან იმ ოდენობის ადამიანური რესურსი, რომ ანაზღაურდეს ადვოკატის მომსახურება, მით უმეტეს, რომ ასეთი საფასური უკვე ანაზღაურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში (იხ., ტ.4. ს.ფ. 179, 180).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

15. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით: შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ–ი“-ს თ.ნ–ას, ს.ტ–ის, გ.კ–ის და მ.ბ–ის სასარგებლოდ (თითოეულისათვის ცალ-ცალკე) დაეკისრა 300-300 ლარის -სულ 1200 ლარის-გადახდა ადვოკატის ხარჯის სახით (იხ., ტ.4. ს.ფ.48).

17. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე ადვოკატის მომსახურების ხარჯის აპელანტისათვის (მოპასუხე) დაკისრების თაობაზე იმაზე ემყარება, რომ სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, თუმცა, არ უმსჯელია სასამართლოს გარეშე ხარჯებზე (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი), კერძოდ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებულ ხარჯზე, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა როგორც შუამდგომლობა აღნიშნული ხარჯის აპელანტისათვის დაკისრების შესახებ, ასევე, საადვოკატო ხელშეკრულებები და საადვოკატო მომსახურების საფასურის (თითოეულ მოწინააღმდეგე მხარეზე 300-300 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. იმავდროულად, კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სამართლოს მსჯელობას, რომელიც მოცემულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 ნოემბრის განჩინებაში, სადაც აღნიშნულია, რომ სააპელაციო ინსტანციაში არ განხორციელებულა ის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები, არ დახარჯულა ადვოკატის მხრიდან იმ ოდენობის ადამიანური რესურსი, რომ ანაზღაურდეს ადვოკატის მომსახურება, მით უმეტეეს, რომ ასეთი საფასური უკვე ანაზღაურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში (იხ., ტ.4. ს.ფ. 179, 180).

18. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლის დ.დ–ძის მიერ წარმოდგენილი იქნა სააპელაციო წარმოებისათვის თითოეულ მოსარჩელესთან (აპელანტი) ცალცალკე გაფორმებული - როგორც საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულებები ასევე, მათ მიერ, ცალ-ცალკე, 300-300 ლარის სულ, 1200 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - ადვოკატის ხარჯის სახით. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მიიჩნია, რომ ადვოკატის ხარჯი აპელანტს უნდა დაკისრებოდა სააპელაციო ინსტანციის წარმოებისათვისაც, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, გამომდინარე იქედან, რომ როგორც მოცემულ საქმეზეა დადგენილი თ.ნ–ას, ს.ტ–ის, გ.კ–ის და მ.ბ–ის მიერ სს „თ.ბ–ის“ მეშვეობით, 2019 წლის 12 აგვისტოს, დ.დ–ძისათვის, საადვოკატო მომსახურეობის მიზნით გადახდილი ჰქონდათ თითოეულს 300 ლარი სულ 1200 ლარი. ამდენად, ადვოკატის ხარჯი ერთხელ უკვე დაეკისრა მოპასუხე/აპელანტ მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ (იხ., ტ.4. ს.ფ. 48) და ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 10 ოქტომბერს დარჩა უცვლელად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხს გადაწყვეტს სასამართლო სარჩელის წარმატების პროპორციულად და ხელმძღვანელობს გონივრულობის კრიტერიუმით.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V-ე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

21. სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).

22. სსსკ-ის 53-ე მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას) (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016; სუსგ №ას-316-316-2018, 07 მაისი, 2018).

23. ერთ-ერთ საქმეში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხზე მსჯელობისას საკასაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით განმარტა შემდეგი: „...სსსკ-ის 53-ე მუხლის მიხედვით იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთბელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა“ (ციტ: სუსგ №ას-818-784-2016, 04 ნოემბერი, 2016 წელი).

24. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილებულია 9500 ლარის ფარგლებში, მოპასუხეს დაკისრებული აქვს მოსარჩელეთა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 1200 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს დავის საგნის ღირებულების თითქმის 8%-ს, შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ აღნიშნული თანხა ასევე მოიცავს სააპელაციო ინსტანციის წარმოების ეტაპზე გათვალისწინებულ სსსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი დავის საგნის ღირებულების მიხედვით განსაზღვრულ ხარჯსაც.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.ნ–ას, ს.ტ–ის, გ.კ–ის, მ.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 ნოემბრის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე