საქმე №ა-234-გან-3-2020 18 თებერვალი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შ.ბ–ძის განცხადებების განსახილველად მიღების საკითხი და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით შ.ბ–ძის კერძო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებებზე დარჩა განუხილველად. ამავე სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით მისი შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისისა და 11 ივნისის განჩინებების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და შ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებაზე დარჩა განუხილველად. კასატორის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისისა (ხარვეზის დადგენის შესახებ) და 11 ივნისის (ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ) განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. კასატორის მოთხოვნას მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილისა და მისი თანაშემწის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების თაობაზე უარი ეთქვა განსახილველად მიღებაზე.
შ.ბ–ემ სხვადასხვა დროს სხვადასხვა შუამდგომლობით არაერთხელ მომართა საკასაციო სასამართლოს, შესაბამისად, პალატის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებებით შ.ბ–ძის შუამდგომლობა მოსამართლე ბესარიონ ალავიძის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მისი განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინების (საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ისევე, როგორც დაუშვებლად იქნა მიჩნეული შ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის (კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს კვლავ განცხადებით მომართა შ.ბ–ძემ, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2019 წლის 27 მაისისა და 11 ივნისის განჩინებების (ხარვეზის დადგენა საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელება) განმარტება, მოსამართლეების: ზურაბ ძლიერიშვილისა და ბესარიონ ალავიძის საქმის განხილვისაგან აცილება, საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისისა და 19 სექტემბრის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა შუამდგომლობების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე შ.ბ–ძის მიერ სასამართლოში, როგორც ამჟამად, ისე _ სამომავლოდ შემოტანილი ანალოგიური შინაარსის ყველა განცხადება, შუამდგომლობა თუ საჩივარი უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის (განცხადების) შემოტანიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელი მოსამართლე ერთპიროვნულად ამოწმებს მისი წარმოებაში მიღების საკითხს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლი კი, ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას საკუთარი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში.
მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს (სსსკ-ის მე-5 მუხლი). ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის ერთი და იგივე შინაარსის დაუსრულებელი შუამდგომლობები ამ შედეგის მიღწევის მიზანს სცილდება. ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ) დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. ევროსასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლო ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.
მოცემულ შემთხვევაში ანალოგიური შუამდგომლობებით, რომლებსაც იდენტური მოთხოვნა და საფუძვლები გააჩნია, მხარემ უკვე მომართა საკასაციო სასამართლოს. საკასაციო პალატამ ჯერ 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ისინი და განუმარტა მხარეს ამგვარი შუამდგომლობების უარყოფის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, შემდგომ ამ შუამდგომლობებზე იმსჯელა 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებებით და კვლავ ამომწურავად და არგუმენტირებულად ეთქვა მხარეს მათზე უარი. მიუხედავად ამისა, მხარე კვლავ მომართავს სასამართლოს, სადაც იმავე მოთხოვნებს იმავე საფუძვლებით აყენებს. შ.ბ–ძის ასეთი სახის მოქმედებები ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების ამოცანას, არამედ იგი მიმართულია სასამართლო ორგანოების მიმართ აგრესიული დამოკიდებულების წარმოსაჩენად. ყოველივე აღნიშნული, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სცილდება მართლმსაჯულების და მით უმეტეს, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების ფარგლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ.ბ–ძე ბოროტად იყენებს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, რადგან მისი განცხადებები და შუამდგომლობები მიზნად არ ისახავს მხარის კანონიერი უფლების დაცვას, რის გამოც, მოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილი და მართებულია მის მიმართ განსახილველ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით მინიჭებული უფლების შეზღუდვა. აღნიშნული კი იმაში გამოიხატება, რომ შ.ბ–ძის მიერ საკასაციო სასამართლოში მოცემულ დავაზე შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი), რომლის მოთხოვნაც იქნება საკასაციო სასამართლოს მიერ უკვე მიღებული განჩინებების გაუქმება, მოსამართლეთა აცილება და შუალედური საპროცესო აქტების განმარტება, დარჩება რეაგირების გარეშე.
ამდენად საკასაციო პალატა ასკვნის, რომ შ.ბ–ძეს უარი უნდა ეთქვას წარდგენილი საჩივრების/შუამდგომლობების განსახილველად მიღებაზე (ამ საკითხის თაობაზე დამატებით იხ: სუსგ №ა-998-ა-7-2011, 19 მაისი, 2011 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 284-ე, 285-ე, 372-ე, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.ბ–ძეს უარი ეთქვას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მაისისა და 11 ივნისის განჩინებების განმარტების, მოსამართლეების: ზურაბ ძლიერიშვილისა და ბესარიონ ალავიძის საქმის განხილვისაგან აცილების, ასევე, საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისისა და 19 სექტემბრის განჩინებების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შუამდგომლობების განსახილველად მიღებაზე.
2. მოცემულ დავაზე შ.ბ–ძის მიერ შემოტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი), რომლის მოთხოვნაც იქნება საკასაციო სასამართლოს მიერ უკვე მიღებული განჩინებების გაუქმება, მოსამართლეთა აცილება და შუალედური საპროცესო აქტების განმარტება, დარჩეს რეაგირების გარეშე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე