საქმე №ა-358-ბ-1-2020 18 თებერვალი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.ჩ–ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე _ მ.ჩ–ძის სარჩელის გამო, ი.დ–ის (კ–ას) მიმართ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ქონების საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. განცხადების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 თებერვლის განჩინებით განმცხადებლის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების გახალების მოთხოვნით სასამართლოს განცხადებით მომართა მ.ჩ–ძემ 2019 წლის 16 დეკემბერს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევის მოტივით განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
წინამდებარე განცხადებით ზემოხსენებული განჩინების გაუქმება მოთხოვნილია იმ საფუძვლით, რომ როგორც პირველ, ისე _ მეორე შემთხვევაში, განჩინება მიღებულია ერთი და იგივე მოსამართლის მიერ და განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.
ამდენად, განცხადების ფორმალურ-პროცესუალური საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელი მოითხოვს სადავო განჩინების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ საქმე არაუფლებამოსილი მოსამართლის მიერაა განხილული, შესაბამისად, ამ შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი განცხადება დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის განმცხადებელი ფორმალურად მიუთითებს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველზე, თუმცა, მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელებისა და გადაწყვეტილების მუდმივობის პრინციპის დარღვევის თავიდან არიდების მიზნით საკასაციო პალატა განცხადების დასაშვებობის ეტაპზე განმარტავს, რომ სახეზე არ არის ამავე კოდექსის 422-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობა.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება საქმის წარმოების განახლების საკითხის განხილვის დროს აღარ გამოიყენება, არამედ, მისი მოქმედება ვრცელდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუმცა, შინაარსობრივად ნორმაში საუბარია იმავე საკითხზე, რაც 422-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტშია გადმოცემული, კერძოდ: გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. განსახილველი ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მოსამართლეს, რომელმაც საქმის განხილვაში მიიღო მონაწილოება, კანონით ეკრძალებოდა იგი. ამგვარი აკრძალვები დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებში, თუმცა, რომელიმე მათგანი, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის (მხარეს მოსამართლის აცილების საკითხი საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ დაუყენებია, ამასთანავე, არ დასტურდება თვითაცილების ობიექტური ნიშანიც. რაც შეეხება მოსამართლის განმეორებით მონაწილოების დაუშვებლობის საკითხს, რაზეც ამ ეტაპზე აპელირებს განმცხადებელი, იგი სსსკ-ის 29-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, შეეხება შემთხვევას, როდესაც მოსამართლემ ერთ-ერთი ინსტანციის სასამართლოში განიხილა კონკრეტული საქმე და შემდგომ სხვა ინსტანციის სასამართლოში კვლავ იღებს მონაწილეობას საქმის განხილვაში და არა ერთსა და იმავე ინსტანციის სასამართლოში სხვადასხა საპროცესო მოქმედების ერთი და იგივე მოსამართლის მიერ შესრულებას), რაც შეეხება საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვას, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 428-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების განხილვაში დაუშვებელია იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომელსაც კანონის მიხედვით არ უნდა მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში (422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ან რომლის დანაშაულებრივი ქმედების გამო აღიძვრის საქმე განახლების შესახებ (423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).
როგორც უკვე ითქვა, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე წარმოდგენილი განცხადება შეეხებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის წინაპირობების არსებობას, შესაბამისად, მოსამართლე ბესარიონ ალავიძე უფლებამოსილი იყო, განეხილა როგორც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების, ისე _ წინამდებარე განცხადების დასაშვებობა, რადგანაც მისი საქმის განხილვისაგან ჩამოცილების ფორმალური წინაპირობაც კი არ არსებობს.
პალატა დამატებით მიუთითებს სამოსამართლო ქცევის ე.წ ბანგალორის პრინციპებზე, რომელიც ადგენს მოსამართლის მიუკერძოებლობას (მე-2 პრინციპი), რაც, თავის თავში მოიცავს შემდეგს: მოსამართლე გონივრულობის ფარგლებში უნდა მოიქცეს ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს იმ შემთხვევათა რიცხვი, როდესაც საჭირო გახდება მისი ჩამოცილება საქმის განხილვის ან გადაწყვეტილების მიღებისგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.ჩ–ძის განცხადება არ აკმაყოფილებს საქმის წარმოების განახლებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 425-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჩ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე