საქმე №ას-1222-2019 18 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – გ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ–ი
მოსარჩელე – ი.გ–ი
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახით შეცვლის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახით შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი.გ–მა (შემდგომში − „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით პირველი მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.გ–ის (შემდგომში − „მოპასუხე“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელისა და გ.გ–ის (შემდგომში − „შეგებებული სარჩელით მეორე მოპასუხე“, „განმცხადებელი“ ან „საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი არ ცნეს.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეგებებული სარჩელით მეორე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის, მდებარე: ქ. თბილისი, ......, საკადასტრო კოდი: №......., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგინდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. რუსთავი, ...... (საკადასტრო კოდი: ......), მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის ჩაბარება. ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეგებებული სარჩელით პირველ მოპასუხეს დაეკისრა შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის 9256,02 ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა შეგებებული სარჩელით მეორე მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხემ.
8. 2018 წლის 12 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შეგებებული სარჩელით მეორე მოპასუხემ და მოითხოვა განსახილველ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა. კერძოდ, მოითხოვა, რომ უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჩანაცვლებულიყო რ.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო ექსპერტიზის დასკვნა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება რ.გ–ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე და რ.გ–ის თანხმობა, რომელზეც ამ უკანასკნელის ხელმოწერა დამოწმებულია სანოტარო წესით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შეგებებული სარჩელით მეორე მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რ.გ–ი განსახილველ საქმეში არ წარმოადგენდა მხარეს.
11. სააპელაციო პალატის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ პირის უფლებათა დროებით შეზღუდვას ემსახურება, რომელიც შემდგომში გადაწყვეტილების აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიება იმ პირის ქონებაზე გავრცელდეს, რომელიც მოსარჩელის საპროცესო მოწინააღმდეგე მხარესა და, ამავე დროს, სარჩელზე მატერიალურად პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენს.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე განმცხადებელმა წარადგინა საჩივარი.
13. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. სასამართლო არ არის შეზღუდული პირის თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოფის სახით გამოიყენოს იმ პირის ქონება, რომელიც სასამართლოში მხარე არ არის;
13.2. ქონება, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლებას, უფრო მეტი ღირებულებისაა, ვიდრე უზრუნველყოფის საგნად უკვე გამოყენებული ქონება;
13.3. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შეეძლო განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა, მან საჭიროდ არ ჩათვალა მოესმინა მხარეებისათვის და გაეთვალისწინებინა მათი პოზიციები;
13.4. ზეპირი სხდომის დანიშვნის შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარეც კი არ იქნება განცხადების დაკმაყოფილების წინააღმდეგი, რადგან მისი მიზანი (საქმის მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში უფლების რეალიზაცია) უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შემთხვევაშიც დაცული იქნება.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების მეორით შეცვლის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნაზე უარის თქმის კანონიერება.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.
20. დასახელებული ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით. ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს.
21. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენდა უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რ.გ–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებით ჩანაცვლება.
22. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რ.გ–ი განსახილველ საქმეში არ წარმოადგენს მხარეს.
23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის შედავებას, რომ სასამართლო არ არის შეზღუდული პირის თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოფის სახით გამოიყენოს იმ პირის ქონება, რომელიც სასამართლოში მხარე არ არის.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირისათვის, რომელიც საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, საკუთრების თავისუფლად განკარგვის უფლების შეზღუდვა, მაშინ, როდესაც არც თავად უზრუნველყოფის საგანი არ წარმოადგენს დავის საგანს, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ, რათა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები მოპასუხის არაკეთილსინდისიერი (მათ შორის კეთილსინდისიერი მესამე პირების მართლზომიერი ქმედებისგან) ქმედებისგან იყოს დაცული. უზრუნველყოფის ობიექტი არ შეიძლება იყოს სხვა პირის მატერიალური და/ან არამატერიალური სიკეთე. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
26. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისი მოწინააღმდეგე მხარის მიზანი (საქმის მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში უფლების რეალიზაცია) უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შემთხვევაშიც დაცული იქნება. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულს და მიუთითებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში აღსრულება რ.გ–ის ქონებაზე ვერ მიექცევა, რადგან განსახილველ საქმეში ეს უკანასკნელი მოპასუხეს არ წარმოადგენს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი კი სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა.
27. რაც შეეხება საჩივრის ავტორის პრეტენზიას მისი განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილი არ არის და ვერც საჩივრის ავტორმა დაასაბუთა საქმის გარემოებათა გარკვევის მიზნით ზეპირი მოსმენის აუცილებლობა.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.გ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე