საქმე №ას-1747-2019 25 თებერვალი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – უცხოური საწარმოს ფილიალი - „შ.პ.ა.მ.კ.ს–ო"
მოწინააღმდეგე მხარე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 06 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით უცხოური საწარმოს ფილიალის „შ.პ.ა.მ.კ.ს–ოს“ სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და უცხოური საწარმოს ფილიალს შ.პ.ა.მ.კ.ს–ოს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 3 თებერვლის N33 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის N01-06-257 ბრძანება და მის საფუძველზე, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 40 300.00 ლარის გამოთხოვის თაობაზე 21.03.2017 წელს გაცემული N01/1854 მოთხოვნა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას, უცხოური საწარმოს ფილიალის-შ.პ.ა.მ.კ.ს–ოს სასარგებლოდ დაეკისრა, საბანკო გარანტიის თანხის - 40 300.00 ლარი. უცხოური საწარმოს ფილიალი შ.პ.ა.მ.კ.ს–ო გათავისუფლდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის გადახდისაგან. არ დაკმაყოფილდა უცხოური საწარმოს ფილიალის შ.პ.ა.მ.კ.ს–ოს მოთხოვნა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 44 073.00 ლარის ოდენობით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. არ დაკმაყოფილდა უცხოური საწარმოს ფილიალის შ.პ.ა.მ.კ.ს–ოს მოთხოვნა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საბანკო გარანტიის თანხის - 40 300 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში. მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელე უცხოური საწარმოს ფილიალის - „შ.პ.ა.მ.კ.ს–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1998.8 ლარის ოდენობით.
2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი უცხოური საწარმოს ფილიალის „შ.პ.ა.მ.კ.ს–ოსთვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანება და უცხოური საწარმოს ფილიალი „შ.პ.ა.მ.კ.ს–ო“ გათავისუფლდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის გადახდისაგან და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე; უცხოური საწარმოს ფილიალი შ.პ.ა.მ.კ.ს–ოსათვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლო განისაზღვრა 1934,18 ლარით; სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. 2019 წლის 20 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა უცხოური საწარმოს ფილიალი შ.პ.ა.მ.კ.ს–ოს წარმომადგენელმა და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა, იმაზე მითითებით, რომ მოცემული დავის განხილვისას, მათი შესაგებლით მოთხოვნილი იყო სააპელაციო სასამართლოში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება და წარდგენილი იქნა ხელშეკრულება ადვოკატის საზღაურის გადახდის ქვითართან ერთად, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 06 ნოემბრის განჩინებით განცხადება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ასევე, ამავე კოდექსის 53-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს-უცხოური საწარმოს ფილიალი „შ.პ.ა.მ.კ.ს–ოს" პირველი ინსტანციის სასამართლოში, 2017 წლის 25 მარტს, სს „ს.ბ–ის“ მეშვეობით, თ.ე–თვის, საადვოკატო მომსახურეობის მიზნით გადახდილი ჰქონდა 3 000 ლარი (იხ., იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე 18.03.2017წ. ხელშეკრულება და საგადახდო დავალება - ტ.1.ს.ფ. 182-186).
7. დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) კვლავ წარმოადგინა 2019 წლის 24 მაისს, სს „ს.ბ–ის“ მეშვეობით, თ.ე–თვის, იურიდიული მომსახურეობის მიზნით 2600 ლარის ჩარიცხვის დოკუმენტი (ტ.2.ს.ფ.108).
8. განსახილველი სარჩელის მიხედვით, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 106113,9 ლარს, საიდანაც, ორივე ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, ჯამში დაკმაყოფილდა, მხოლოდ 48036,72 ლარი (40300+(9670,90-1934,18)=48036,72).
9. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასათვის, უცხოური საწარმოს ფილიალი „შ.პ.ა.მ.კ.ს–ოს" სასარგებლოდ, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი - 1998,8 ლარი შესაბამისობაში იყო სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნებთან, რაც გამორიცხავდა მოცემული დავის ფარგლებში, ამ თანხაზე მეტი ოდენობით ხარჯის ანაზღაურებას.
10. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარდგინა განმცხადებელმა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე ადვოკატის მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის (მოპასუხე) დაკისრების თაობაზე იმას ემყარება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე წარადგინა ადვოკატთან დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის ქვითართან ერთად, რომლითაც დასტურდებოდა დავის ფარგლებში ადვოკატისათვის 2600 ლარის გადახდის ფაქტი, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ადვოკატის ხარჯის ნაწილში გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა და არც ამ მოთხოვნით წარდგენილი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე განცხადება დააკმაყოფილა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მომსახურების ხარჯების ანაზღაურების წესი, რის გამოც, დაარღვია სსსკ-ის 53 მუხლით დადგენილი წესები, რადგან ამ ნორმის მიხედვით, ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება თითოეული და არა სამივე ინსტანციის სასამართლოში გაწეული მომსახურების მიხედვით. სააპელაციო პალატის განჩინებით კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული იურიდიული მომსახურების საფასურში ჩაითვალა მეორე ინსტანციის სასამართლოში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯებიც, რაც არასწორია, რადგან აღნიშნული ნორმის მიზანია ადვოკატის იმ შრომის ანაზღაურება, რაც მან გასწია მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენისთვის. აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს უნდა განესაზღვრა ერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების განაწილების საკითხი, რაც არ ითვალისწინებს სხვა ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯების გაქვითვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.
12. კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე ადვოკატის მომსახურების ხარჯის აპელანტისათვის (მოპასუხე) დაკისრების თაობაზე იმაზე ემყარება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე წარადგინა ადვოკატთან დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის ქვითართან ერთად, რომლითაც დასტურდებოდა დავის ფარგლებში ადვოკატისათვის 2600 ლარის გადახდის ფაქტი, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების წესი. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი წესები, რადგან ნორმის მიხედვით, ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება თითოეული და არა სამივე ინსტანციის სასამართლოში გაწეული მომსახურების მიხედვით. სააპელაციო პალატის განჩინებით კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული იურიდიული მომსახურების საფასურში ჩაითვალა მეორე ინსტანციის სასამართლოში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯებიც, რაც არასწორია.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V-ე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
16. სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).
17. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, საბანკო გარანტიის თანხა - 40 300.00 ლარი. მოსარჩელე გათავისუფლდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის გადახდისაგან. ამასთან, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1998.8 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ვრცლად იხ., ამ განჩინების პ.1). აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა, თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, უცხოური საწარმოს ფილიალი „შ.პ.ა.მ.კ.ს–ოსათვის“, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლო განისაზღვრა 1934,18 ლარით; სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
18. მოცეულ შემთხვევაში, სადავოა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო ინსტანციის წარმოებისათვის ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის აპელანტისათვის დაკისრების საკითხი. ამ თვალსაზრისით, დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული ხარჯი დაკმაყოფილდა 1998.8 ლარის ფარგლებში, ხოლო სააპელაციო ინსტანციის წარმოების ეტაპზე, იმის მიუხედავად, რომ დგინდებოდა ხარჯის გაწევის ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, დადგენილი იქნა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) წარმოადგინა იურიდიული მომსახურეობის მიზნით 2600 ლარის ადვოკატისთვის ჩარიცხვის დოკუმენტი (ტ.2.ს.ფ.108), მოთხოვნა სრულად იქნა უარყოფილი.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის საკანონმდებლო მოწერიგება მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში, რომლის მიხედვით იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონირვრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა“ (შეადრ: სუსგ №ას-818-784-2016, 04 ნოემბერი, 2016 წელი). ერთ-ერთ საქმეში, საკასაციო პალატამ იმსჯელა ანალოგიურ საკითხზე და დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), გონივრულ ოდენობად მიიჩნია, რომ კასატორს დაკისრებოდა მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ საკასაციო შესაგებელზე წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 1%-ის - 300 ლარის ოდენობით იხ., სუსგ №ას-316-316-2018, 7 მაისი, 2018 წელი.
20. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარემ ადვოკატის მომსახურებით ისარგებლა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც მოწინააღმდეგე მხარის საპროცესო სტატუსით მონაწილეობისას, ამასთან, დადგენილია, რომ განსახილველი სარჩელის მიხედვით, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 106113,9 ლარს, საიდანაც, სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა 48036,72 ლარის ოდენობით (40300+(9670,90-1934,18)=48036,72), საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით, წარმომადგენლის მომსახურების ხარჯი მოსარჩელეს მოპასუხის მიერ უნდა აუნაზღაურდეს 500 ლარის ოდენობით, რაც შესაბამისობაშია სსკ-ის 53-ე მუხლის ნორმატიულ დანაწესთან.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელის წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უცხოური საწარმოს ფილიალი - „შ.პ.ა.მ.კ.ს–ოს" კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 06 ნოემბრის განჩინება გაუქმდეს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს უცხოური საწარმოს ფილიალი - „შ.პ.ა.მ.კ.ს–ოს" სასარგებლოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე