Facebook Twitter

საქმე №ას-1781-2019 20 თებერვალი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ტ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს ,,ტ–მა’’ (შემდგომ – მოსარჩელე, ბანკი, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ბ–ის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. ბანკის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, სადავო უძრავი ნივთი რეგისტრირებულია მის სახელზე, მაგრამ ფაქტობრივად იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, რომელიც მას ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელიდან გახდა მისთვის ცნობილი უძრავ ქონებაზე ბანკის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, რაც არის უკანონო. 2010 წელს სრულად დაუფარა მოსარჩელეს სესხი და სხვა დანახარჯები, რის გამოც ქონება კვლავ მის სახელზე უნდა გადაფორმებულიყო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამონთავისუფლდა მოპასუხის მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთებისაგან, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს ბანკის საკუთრებას.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრის ჩანაწერით დასტურდება. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არსებობს, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე მათი უზუსტობა არ დამტკიცდება.

8. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი სამივე წინაპირობა, კერძოდ, მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, მოპასუხე კი მის უძრავ ქონებას ფლობს, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება და არც მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რითაც მესაკუთრე შეიძლება მოპასუხესთან მიმართებით შეზღუდულიყო. ამასთან, არც უფლებრივი შებოჭვისთვის აუცილებელი კანონისმიერი საფუძველი არ დადასტურდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე უძრავ ქონებას ფლობს მართლზომიერი საფუძვლის გარეშე.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან ეს ფაქტები, რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული.

10. სსკ-ის 168-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

11. საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე არის უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად.

12. რაც შეეხებოდა აპელანტის მოთხოვნას, გაუქმებულიყო მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განჩინება მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდებოდა მოპასუხის შუამდგომლობის დაკმაყოფილება ბანკიდან - მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, აღნიშნული გავლენას ვერ იქონიებდა საქმის შედეგზე, რადგან განსახილველ დავის საგანთან კავშირი არ ჰქონდა სასესხო ურთიერთობას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, სასამართლომ მოპასუხეს საშუალება არ მისცა, ბანკისგან გამოეთხოვა მის მიერ ბანკის ვალის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

15. სსსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები სასამართლომ არასწორად განმარტა და არასწორად დაადგინა უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ მოსარჩელე სადავო ქონების კანონიერი მესაკუთრეა და მოპასუხეს ან ნივთის ფლობის უფლება არ ჰქონდა.

16. კასატორის მითითებით, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე თვითონ იყო, ბანკს მთლიანად გაუსტუმრა სესხი და ქონება უნდა გადაეფორმებინა, მაგრამ ბანკი უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოვალის მიერ გადახდილი თანხით.

17. კასატორისათვის გაუგებარია უძრავი ქონება როგორ გახდა ბანკის საკუთრება და რის საფუძველზე იქნა გამოტანილი უძრავი ქონების ბანკისათვის გადაცემის შესახებ განკარგულება.

18. კასატორი ითხოვს, საკასაციო სასამართლომ ბანკისგან გამოითხოვოს მხარეებს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ასლები, კრედიტის დასაფარად გადახდილი თანხის ამონაწერი და სააღსრულებო ბიუროსათვის განკარგულების გასაცემად გაგზავნილი დოკუმენტაციის ასლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:

24. მოსარჩელე იმ უძრავი ნივთის მესაკუთრეა, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუმცა მას მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.

25. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მოხდეს საკუთარი ნივთის გამოთხოვა.

26. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

27. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

28. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

30. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

31. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

32. ჩვენს შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება, ანუ არ მომხდარა მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი ნივთის ფლობის ნამდვილი უფლების დადასტურება.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორის მიერ სათანადო წესით უარყოფილი არ ყოფილა.

34. პალატა განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საკასაციო პრეტენზიები ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, ამასთან, კასატორის პრეტენზია სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით, წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. აღნიშნული პრეტენზია სხვა სამართლებრივი დავის საფუძველი შეიძლება გახდეს და მას განსახილველი დავის ფარგლებში სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რადგან სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია პირდაპირი მტკიცებულებით - საჯარო რეესტრის ამონაწერით და საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი (13.11.2009წ. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს განკარგულება), მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს კანონის მოთხოვნათა დაცვით წარმოებული დავის ფარგლებში, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

36. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

37. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

39. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. რაც შეეხება მტკიცებულებათა გამოთხოვას, საკასაციო პალატა, უპირველესად, აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენს, ამ ინსტანციაში ახალი მტკიცებულების გამოთხოვა/მიღება დაუშვებელია, თუმცა, იმ პირობებშიც კი, თუ პალატა მიიჩნევდა, რომ შუამდგომლობა პროცესუალური ხასიათის იყო და სსსკ-ის 404-ე მუხლის მეორე ნაწილის ფარგლებში შეაფასებდა, ცალსახაა, რომ დავის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნასთან მას კავშირი არ გააჩნია და არ იარსებებდა მისი გაზიარების საფუძველი. გაურკვეველი რჩება, როდესაც მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაუქმებული არ არის, რა ფაქტის მტკიცების მიზნით სურს მხარეს ხსენებული მტკიცებულებების გამოთხოვა.

42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ნ.ბ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი თღEშGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ხ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 13.01.2020), 70% - 105 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე