საქმე №ას-1842-2019 26 თებერვალი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ.გ–ევი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ჭ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.ჭ–ის სარჩელი დ.გ–ევის მიმართ, ფულადი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტობრის განჩინებით დ.გ–ევის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაზეც კერძო საჩივარი წარადგინა დ.გ–ევმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე, საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ლ.ხ–ამ. განცხადების თანახმად, დ.გ–ეევი ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, აღარ ასაჩივრებს მას და უარს ამბობს კერძო საჩივარზე.
სასამართლო დამატებით დაუკავშირდა განცხადების ავტორს - ლ.ხ–ას და განუმარტა კერძო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. თავის მხრივ, წარმოადგენელმა დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებს კერძო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ დ.გ–ევის წარმომადგენელ ლ.ხ–ას განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ.გ–ევის წარმომადგენელ ლ.ხ–ას განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
პალატამ, დამატებით შეისწავლა დ.გ–ევის მიერ ლ.ხ–ას სახელზე გაცემული მინდობილობა და მიიჩნევს, რომ იგი უფლებამოსილია სსსკ-ის 98-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებლის სახელით უარი თქვას სარჩელზე/კერძო საჩივარზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2019 წლის 25 დეკემბერს №0 საგადახდო დავალებით ს.გ–ის მიერ გადახდილი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.გ–ევის წარმოადგენელ ლ.ხ–ას განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება დ.გ–ევის კერძო საჩივარზე ვ.ჭ–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პალატის 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე.
3. დ.გ–ევს (პ/ნ ..... სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2019 წლის 25 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით ს.გ–ის მიერ გადახდილი 50 ლარი.
4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე