№ას-706-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) – გ.ი–ძე, ნ.ი–ძე, ს.ი–ძე, ე.ი–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ.ს–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მარნეულის რაიონში, სოფელ ახალ დ–ში მდებარე უძრავი ქონება, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), 2015 წლის 6 აგვისტოდან უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მ.ს–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 16-17, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
2. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ სადავო უძრავ ქონებას ე.ი–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), გ.ი–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ნ.ი–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და ს.ი–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.
3. უძრავ ნივთს მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
4. 2017 წლის 3 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, 2015 წლის 6 აგვისტოდან სადავო ქონების მესაკუთრეა, თუმცა მოპასუხეები მაინც განაგრძობენ ნივთის უკანონოდ ფლობას და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ.
5. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
6. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები გამოიყენა.
7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ, სსკ-ის 172.1 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ნივთის გამოთხოვა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა, რომ რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ფართზე მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერება, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით მოპასუხეებმა გაასაჩივრეს და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგი დასაბუთებით:
10.1. კასატორების მტკიცებით, უძრავი ქონება, საიდანაც მათ გამოსახლებას ითხოვს მოსარჩელე, 1995 წლიდან აღრიცხულია მარნეულის რაიონის ..... სასოფლო საბჭოს სოფელ ახალი დ.ს საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია პირველი მოპასუხე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან მისი ოჯახის წევრები/მოპასუხეები. საქართველოში ჩატარებული სისტემური რეგისტრაციის შედეგად, სადავო ქონება 2002 წლის 16 აგვისტოს პირველი მოპასუხის სახელზე აღირიცხა და საკუთრების მოწმობაც გაიცა, შედგა სააღრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა და ქონებაც დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით #..... 2012 წლის 19 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ნ.ს–ძემ (შემდეგში - თავდაპირველი მესაკუთრე ან უძრავი ქონების გამყიდველი) მამისგან მიიღო ზოგადი მემკვიდრეობა, კერძოდ, მარნეულის რაიონის სოფელ ახალ დ–ში მდებარე 2400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აქტივები და პასივები, ხოლო მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურმა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ნ.ს–ძის მიერ მათ ქონებაზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საკუთრებაში დაურეგისტრირა 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე #1 და#2 შენობა/ნაგებობა. 2015 წლის 8 აგვისტოს მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი თავდაპირველმა მესაკუთრემ მოჩვენებითად გაასხვისა ნათესავის/მოსარჩელის სახელზე, რითაც ცდილობს თაღლითურად ხელში ჩაგდებული ქონების შენარჩუნებას. ამდენად, ისინი ცხოვრობენ თავიანთ საცხოვრებელ სახლში და მოსარჩელის სახელზე რიცხულ ქონებაში უკანონოდ არ შეჭრილან.
10.2. კასატორების მითითებით, ქონების თავდაპირველი მესაკუთრისა და მოსარჩელის მიმართ მარნეულის სასამართლოში აღძრული აქვთ სარჩელი სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, უძრავი ქონება კვლავ მათ საკუთრებაში დაბრუნდება, რის შედეგადაც მოსარჩელე ვეღარ მოითხოვს მათი უკანონო მფლობელობიდან სადავო ნივთის გამოთხოვას, ხოლო, სსსკ-ის 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ითხოვენ ზემოაღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდეს მოცემული დავის განხილვა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.
17. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
18. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეები სადავო ქონების მფლობელები არიან. მათ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
20. კასატორების პრეტენზია ისაა, რომ, მათი - როგორც სადავო ქონების ყოფილი მესაკუთრეების მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. მაშასადამე, მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი. ამჟამად დადგენილია, რომ მოსარჩელეების საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე გაუქმებულია და უძრავ ნივთს ახალი მესაკუთრე ჰყავს, რომელიც მოპასუხეების მფლობელობის წინააღმდეგია. მოპასუხეები ვერ უთითებენ ისეთი სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე, რომელიც ახალ მესაკუთრეს კანონისმიერი ან სხვაგვარი (სახელშეკრულებო) შებოჭვის ფარგლებში მოაქცევდა. აქედან გამომდინარე, მოპასუხეები სადავო ნივთის არაკეთილსინდისიერი მფლობელები არიან, რაც მათ ავალდებულებთ ეს ნივთი დაუბრუნონ უფლებამოსილ პირს, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს (სსკ-ის 164-ე მუხლი - არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს ნივთი). აქედან გამომდინარე, რაკი შესრულებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
21. საქმისწარმოების შეჩერების შესახებ კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა, მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის, საპროცესო ეკონომიის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ბევრჯერ შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმისწარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა, შესაბამისად, სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება, მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელსაც სხვა სასამართლო განიხილავს (იხ. სუსგ, #ას-551-519-2012, 11.06.2012წ.).
22. განსახილველ შემთხვევაში, საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის საქმის განხილვას, არ დგინდება. მოპასუხეებს/კასატორებს მიკუთვნებითი სარჩელი სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების მოთხოვნით არ აღუძრავთ, მოსარჩელე კი, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს და უფლებამოსილია მოითხოვოს მათი უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი ნივთის გამოთხოვა. ამასთან, თუ ისინი მომავალში სადავო ქონებაზე საკუთრებას დაიბრუნებენ, ეს ქონება გადაეცემათ კიდეც და უკანვე შესახლდებიან. შესაბამისად, კასატორების ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებელია.
23. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც შესრულებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).
25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ი–ძის, ნ.ი–ძის, ს.ი–ძისა და ე.ი–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ი–ძეს (.....), ნ.ი–ძეს (......), ს.ი–ძესა (.......) და ე.ი–ძეს (.....) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ო.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება 1, გადახდის თარიღი 14.06.2019), 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი