Facebook Twitter

№ას-753-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ქ.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ე.მ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.მ–ამ (შემდგომში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.გ–ძის (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 1500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აპრილის განჩინებით, აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 60 აშშ დოლარის, ეკვივალენტი ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა, ასევე, დაევალა, წერილობით გამოეხატა ნება, რომ ეთანხმებოდა წარდგენილ სააპელაციო საჩივარს და სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის წარდგენაც. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

4.2. აღნიშნული განჩინება აპელანტს, კერძოდ, მოპასუხის მამას, კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა 2019 წლის 6 აპრილს (იხ. გზავნილი, ს.ფ. 146).

4.3. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2019 წლის 7 აპრილს დაიწყო და იმავე წლის 16 აპრილს დასრულდა. ამ ვადის მანძილზე აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან ხარვეზის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2019 წლის 13 აპრილს, როცა შეძლო ოჯახის წევრებთან ტელეფონით დაკავშირება, შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაც ვადის დაცვით წარადგინა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ოჯახთან ერთად ცხოვრობს საბერძნეთში, სამსახურის სპეციფიკიდან და საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე მშობლებთან ხშირად ვერ ურთიერთობს და არც მამამისს ჰქონდა მასთან დაკავშირების შესაძლებლობა. ახალი წარმომადგენლის აყვანა და მასთან რწმუნებულების სანოტარო წესით გაფორმებაც რთული იყო და მხოლოდ 2019 წლის 23 აპრილს მოახერხა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისს განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

9. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

10. დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ 02.04.2019 წლის განჩინება აპელანტი ოჯახის წევრს (მამას) ჩაჰბარდა 2019 წლის 6 აპრილს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 146).

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 4-5 ქვეპუნქტებში მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2019 წლის 7 აპრილს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე, სსსკ-ის მე-60 მუხლი) და 2019 წლის 16 აპრილს ამოიწურა (სამშაბათი, სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი), ამ დროის განმავლობაში აპელანტს არც ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, რამაც, სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

13. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ სასამართლოს მიერ ხარვეზის დაგვიანებით შევსება სასამართლოს საპატიოდ უნდა ჩაეთვალა, ვინაიდან, საქართველოში არყოფნის გამო ვერ შეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შევსება. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიას არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მოსარჩელეს სამართალწარმოების პროცესში წარმომადგენელი/ადვოკატი წარმოადგენდა, რომელსაც მოსარჩელემ გარკვეული ვადით მიანიჭა მისი წარმომადგენლობის უფლებამოსილება. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოსარჩელის ადვოკატის სახელზე გაცემულ რწმუნებულებას ვადის გასვლის გამო, სამართლებრივი ძალა აღარ ჰქონდა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში თუ, აპელანტი დაინტერესებული იყო სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობა წარმომადგენლის მეშვეობით გაეგრძელებინა, მას საზღვარგარეთ წასვლამდე უნდა მიეღო შესაბამისი ზომები საქმეში მისი წარმომადგენლის სტატუსით მონაწილე პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადის გაგრძელების ან ახალი ადვოკატის დაქირავებისათვის. ამავდროულად, მოსაჩელე ვალდებული იყო სასამართლოსთვის ეცნონობებინა საცხოვრებელელი ადგილის ცვლილების თაობაზე. სსსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. საკასაციო პალატის განსჯით, ვინაიდან აპელანტმა არ შეასრულა საკუთარი საპროცესო ვალდებულება და სასამართლოს არ შეატყობინა საზღვარგარეთ წასვლისა და იმ საცხოვრებელი ადგილის რეკვიზიტის თაობაზე, რომელზე გაგზავნილი სასამართლო კორესპოდენციაც მისთვის ჩაბარებულად უნდა განხილულიყო, მისი ოჯახის წევრების მიერ სასამართლოს გზავნილის ჩაბარება სასამართლოსთვის ცნობილ აპელანტის საცხოვრებელ ადგილზე, მოხმობილი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო კორესპონდენციის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარებად განიხილება.

14. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. ამ განჩინების წინააღმდეგ კი, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად (შდრ. სუსგ: №ას-501-469-2017; 2017 წლის 23 ივნისის განჩინება).

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი