№ას-899-2019 26 დეკემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – სს „უ.ს–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ბ.ხ–ი, ე.ნ–ი, გ.ხ–ი, ე.პ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გასხვისებული ქონების საკუთრებაში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 8 ოქტომბერს ბ.ხ–მა (შემდეგში პირველი მოსარჩელე), ე.ნ–მა (შემდეგში მეორე მოსარჩელე, მოსარჩელის უფლებამონაცვლე), გ.ხ–მა (შემდეგში მესამე მოსარჩელე) დ.პ(შემდეგში მეოთხე მოსარჩელე) სარჩელით მიმართეს სასამართლოს, ი.ხ–ის სახელზე მათ მიერ გაცემული მინდობილობისა და შპს „კ.ტ.პ–ა“ და შპს „კ.ტ.პ–ში“ კუთვნილი წილების სს „უ.ს–სზე“ (შემდეგში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კერძო საჩივრის ავტორი) გასხვისების, როგორც იძულებით დადებულ გარიგებათა ბათილად ცნობისა და კვლავ მათ საკუთრებაში დაბრუნების/აღრიცხვის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის საოქმო განჩინებით პირველი მოსარჩელის გარდაცვალების გამო საქმის წარმოება შეჩერდა მისი საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე, მოსარჩელის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წის 16 თებერვლის განჩინებით, საქმის წარმოების განახლების საფუძვლების გამორკვევის მიზნით 2016 წლის 17 მარტს დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.
6. 2016 წლის 15 მარტს სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო საქმე განსახილველად გადაეცა სხვა მოსამართლეს, ხოლო იმავე წლის 21 მარტს საქმეთა განტვირთვის მიზნით კვლავ შეიცვალა საქმის განმხილველი მოსამართლე.
7. 2017 წლის 13 დეკემბერს მეორე მოსარჩელემ, რომელიც ამავდროულად პირველი მოსარჩელის მემკვიდრე-სამკვიდროს აქტივების და პასივებს 3/6-ის მესაკუთრეა, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს.
8. სააპელაციო სასამართლომ პირველი მოსარჩელის სხვა მემკვიდრეთა შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, 2017 წლის 20 დეკემბერს წერილით მიმართა ნოტარიუსს. 2018 წლის 12 თებერვლით დათარიღებული ნოტარიუსის წერილით ირკვევა, რომ სამკვიდრო ასევე მიიღეს პირველი მოსარჩელის სხვა მემკვიდრეებმა: ა., ე. და მ.ხ–მა (შემდეგში მოსარჩელის უფლებამონაცვლეები).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით, სასამართლომ მოსარჩელის მემკვიდრეები მის საპროცესო უფლებამონაცვლეებად ცნო და საქმის წარმოება განაახლა.
10. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივა მოწინააღმდეგე მხარემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის განუხილველად დატოვება, შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა 2015 წლის 28 სექტემბერს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ერთ წლიანი ვადა 2016 წლის 28 მარტს ამოიწურა. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის წარმოება განახლდა 2019 წლის 10 იანვარს, შესაბამისად გამოიკვეთა სარჩელის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პროცესის მონაწილე მხარე უსასრულოდ და არაგონივრული ვადით არ უნდა ელოდოს საქმეში საპროცესო უფლებამონაცვლის ჩართვას და სწორედ ამიტომაც ადგენს კანონი მაქსიმალურ ვადას, რომლის განმავლობაშიც დასაშვებია საქმის წარმოების შეჩერება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის ინსტიტუტს ითვალისწინებს, რომელიც იმ შემთხვევაში დაიშვება თუკი მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით დასაშვებია ამგვარი ჩანაცვლება. კონკრეტულ შემთხვევაში, საპროცესო უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები არ გამოვლენილა. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ამავდროულად აბალანსებს რა მხარეთა თანასწორუფლებიანობას საპროცესო ურთიერთობებში, ლიმიტირებულ, თუმცა ამავდროულად გონივრულ დროს განსაზღვრავს სამართალწარმოებაში საპროცესო უფლებამონაცვლის ჩასაბმელად, კერძოდ სსსკ-ის 281-ე მუხლის თანახმად, უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. კერძო საჩივრის ავტორიც სწორედ მოხმობილ ნორმაზე დაყრდნობით აპელირებს განსახილველ დავაზე უფლებამონაცვლეთა ჩაბმაზე უარის თქმისა და სარჩელის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლიანობაზე.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამა თუ იმ ნორმის გამოყენების/შეფარდების დროს ნორმის შემფარდებელმა უნდა შეაფასოს კანონმდებლის ნება და მიზნები შესაბამისი ნორმატიული დანაწესის იმ სახით ფორმულირებასთან დაკავშირებით, როგორადაც ეს კანონშია ასახული, ამავდროულად ყოველ ცალკეულ შემთხვევაში სასამართლომ ნორმის იმგვარ ინტერპრეტაციას უნდა მიმართოს, რომელიც საქმის გარემოებათა სრული სპექტრის გათვალისწინებით, დავაზე სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების თაობაზე პროცესის მონაწილე მხარეთა ორმხრივ ინტერესს შეესატყვისება.
16. საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებში მოქცეული სსსკ-ის 281-ე მუხლი, ვიწრო და კონკრეტული შინაარსის საკანონმდებლო დანაწესია, რომელიც ზოგად სამართლებრივ სტანდარტს განსაზღვრავს, თუმცა ყველა სპეციფიურ შემთხვევას არ ამოწურავს, რაც ნორმის სწორი ინტერპრეტაციის გზით უნდა შეივსოს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მართალია ნორმა სიტყვა-სიტყვითი გაგებით, მოსარჩელის გარდაცვალებისას დავაზე უფლებმონაცვლის ჩაბმას დროის ერთ წლიან მონაკვეთს უკავშირებს, თუმცა ამ დროს გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ: სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის წარმოების შეჩერების ვადაში გამოიკვეთა თუ არა სავარაუდო უფლებამონაცვლის ვინაობა, რა მოქმედებები განახორციელა სასამართლომ უფლებამონაცვლის დასადგენად, რაიმე ფორმით გამოავლინა თუ არა ნება თავად სავარაუდო უფლებამონაცვლემ დავაში მოსარჩელის ნაცვლად ჩაბმაზე (სასამართლოსთვის - სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ორგანოში შეტანილი განცხადების ან სამკვიდრო მოწმობის წარდგენით), ხომ არ იკვეთება უფლებამონაცვლე მემკვიდრეთა სიმრავლე, ხომ არ არის სავარაუდო მემკვიდრეებს შორის დავა სამკვიდროს მიღებაზე და რა სახის გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გარემოებამ სხვა დავაზე მემკვიდრეთა უფლებამონაცვლედ ჩაბმის პროცესუალურ საკითხზე. ჩამოთვლილი გარემოებების ზედმიწევნით გამორკვევა, შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში ერთ წელზე მეტ დროსაც მოითხოვდეს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, ტელეოლოგიური განმარტების (სამართლის ნორმის ობიექტური მიზნის განსაზღვრის) მეთოდით უნდა განიმარტოს და ნორმაში უნდა ვიგულისხმოთ შემთხვევა, როდესაც მოსარჩელის გარდაცვალებიდან 1 წლის ვადაში სავარაუდო უფლებამონაცვლის ვინაობა არ გამოიკვეთება. ამ ნორმით, ლიმიტირებული დროის განსაზღვრის მიზანი, სამართალწარმოების პროცესის უსასრულოდ ან/და არაგონივრული დროით გახანგრძლივების თავიდან აცილება და არა სამართალწარმოების განხორციელებაზე უარის თქმაა. იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო ფლობს ინფორმაციას შესაძლო უფლებამონაცვლე პირის ანდა პირთა წრის თაობაზე, მაგრამ ობიექტური გარემოებების გამო 1 წლის განმავლობაში უფლებამონაცვლეს არ ჩააბამს საქმეში და სარჩელსაც არ დატოვებს განუხილველად, 1 წლიანი ვადის ამოწურვის შემდგომ მემკვიდრის სასამართლოსადმი მიმართვისას (უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე) სარჩელის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი ისპობა, ვინაიდან კანონმდებლის მიზანი - დავაზე უფლებამონაცვლის დადგენა/ჩაბმა მიღწეულია. ამ დროს გასათვალისწინებელია მოწინააღმდეგე მხარის პროცესუალური აქტივობაც, კერძოდ, ის ერთ წლიანი ვადის ამოწურვისთანავე მოითხოვს სარჩელის განუხილველად დატოვებას, თუ საკუთარი უმოქმედობით ერთგვარ მზაობას გამოთქვამს უფლებამონაცვლის დადგენისა და შესაბამისი სამართალწარმოების ფარგლებში დავის გადასაწყვეტად. ნორმის ტელეოლოგიური განმარტების ფარგლებში ამავდროულად, საგულისხმოა სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი - საპროცესო ეკონომიის პრინციპით ხელმძღვანელობის სავალდებულოობა და დავაზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელება.
17. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გარდაცვლილი პირის სარჩელის განუხილველად დატოვება ეწინააღმდეგება როგორც საპროცესო ეკონომიის პრინციპს, ისე საქმეზე სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უპირობო აუცილებლობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელის უფლებამონაცვლეებს შეუძლიათ თავიდან შეიტანონ იგივე სარჩელი. ახალი სარჩელის პირველი ინსტანციის სასამართლოში შეტანა კი, საქმის წარმოების თავიდან დაწყებას გამოიწვევს, მაშინ როდესაც ამჟამად საქმე სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია. შესაბამისად, სასამართლოს მიერ სარჩელის განუხილველად დატოვება კონკრეტულ ვითარებაში არა საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას და სადავო საკითხის გადაწყვეტას, არამედ მხოლოდ მოდავე მხარეთა შორის დავის გაჭიანურებას ემსახურება, რის მიმართაც მოპასუხე მხარე ავლენს ინტერესს. გარდა ამისა, პალატის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქმის წარმოების დაგვიანებით განახლება გარკვეულწილად ობიექტური გარემოებების არსებობამაც განაპირობა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმის განახლების საკითხის გამოსარკვევად სასამართლო სხდომა 2016 წლის 17 მარტს დანიშნა (ამ დროს 1 წლიანი ვადა არ იყო გასული, იხ. ს.ფ. 157-158). ეს სხდომა არ შედგა, ვინაიდან მომხსენებელი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, მის წარმოებაში არსებული საქმეები სხვა მოსამართლეს გადაეცა განსახილველად. შემდეგში, საქმეთა დატვირთვის გათვალისწინებით, ეს საქმე კვლავ სხვა მოსამართლეს გადაეცა განსახილველად. შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საკითხის დაგვიანებით გადაწყვეტა ქვემდგომ ინსტანციაში საქმეთა სიმრავლემაც განაპირობა. საკასაციო პალატა, ამავდროულად, სხვა გარემოებებსაც მიაქცევს ყურადღებას, რომელიც პირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლე პირთა წრის განსაზღვრას შეეხება. კერძოდ, დადგენილია რომ პირველი მოსარჩელე 2015 წლის 28 მარტს გარდაიცვალა და საქმის წარმოებაც შესაბამისი წლის 28 სექტემბრამდე მის უფლებამონაცვლეთა დადგენამდე შეჩერდა. საქმეში დაცულია 2015 წლის 1 მაისით დათარიღებული მოწმობა სანოტარო ორგანოში მემკვიდრის მიერ (მეორე მოსარჩელის) სამკვიდროს მისაღებად განაცხადის წარდგენის თაობაზე, რაც შესაბამისი პირის მიერ დავაზე უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე ნების კონკლუდენტურ გამოვლენას წარმოადგენს. მოგვიანებით, მეორე მოსარჩელემ 2017 წლის 8 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა. სასამართლო ყურადღებას სანოტარო აქტის იმ ნაწილს მიაქცევს, რომელიც მემკვიდრის სახელზე სამკვიდრო მოწმობის დაგვიანებით გაცემის მიზეზს ხსნის, კერძოდ, სანოტარო აქტით დგინდება, რომ მემკვიდრეთა შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა სამკვიდრო ქონების დადგენისა და მემკვიდრეთა შორის წილების განაწილების თაობაზე. საკასაციო პალატის განმარტებით, ასეთ დროს, როდესაც მემკვიდრეთა წრის და მათი წილობრივი თანაფარდობის დადგენა სამართლო დავის საგანია, სხვა დავაზე გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლის დროულ გამოვლენას აფერხებს, ამასთან, მემკვიდრეთა სიმრავლის (საპროცესო თანამონაწილეობის) დროს სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ყველა შესაძლო მემკვიდრის ვინაობა და თითოეული მათგანის საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმაზე იზრუნოს, რაც დროს მოითხოვს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში სსსკ-ის 281-ე მუხლი გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლეთა სასარგებლოდ უნდა განიმარტოს. თუკი მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლე ავლენს ნებას დავაში ჩაბმის თაობაზე, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოკლებულია შესაძლებლობას 1 წლიან ვადაში სასამართლოს წინაშე დაადასტუროს სამკვიდროს მიღება და ამასთან, არც მოპასუხე მხარეს უშუამდგომლია ერთი წლის გასვლის შემდგომ სარჩელის განუხილევლად დატოვების თაობაზე, დავაზე მემკვიდრეთა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმა გამართლებულია.
18. საბოლოოდ, საკასაციო პალატის განსჯით, ამჟამად არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, როდესაც მოსარჩელის უფლებამონაცვლეები დადგენილი და ჩაბმულია საქმეში და ისინი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ინტერესს გამოხატავენ, მიზანშეუწონილია, მათი სარჩელის განუხილველად დატოვება, ვინაიდან ახალი სარჩელის შეტანა და საქმის წარმოების თავიდან დაწყება გარდაუვალია. ეს კი, არ გამომდინარეობს საპროცესო ეკონომიის პრინციპებიდან, რომელიც განსახილველ შემთხვევაში, ამართლებს სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების გაგრძელებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ საქმის წარმოების შეჩერების პერიოდში რამდენჯერმე მიმართა (2016-2017წწ) სასამართლოს განცხადებით და დამატებითი მტკიცებულებები წარუდგინა, თუმცა არც ერთხელ არ მოუთხოვია სარჩელის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის გარდაცვალებიდან 1 წელი იყო გასული. იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ მოპასუხემ მხოლოდ უფლებამონაცვლეთა დადგენის შემდგომ გახადა სადავო მათი უფლებამონაცვლეობის კანონიერების საკითხი, მაშინ როდესაც მას უფლებამონაცვლე პირთა გამორკვევამდეც შეეძლო ამ მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის, პალატის განსჯით, საქმის წარმოების განახლებისა და შესაბამის პირთა დავაში უფლებამონაცვლეებად ჩაბმის სამართლებრივ უსაფუძვლობაზე კერძო საჩივრის ავტორის შედავების პერსპექტიულობას გამორიცხავს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „უ.ს–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი