Facebook Twitter

№ას-1005-2019 26 დეკემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „ს.ს–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ა.კ–ა“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2017 წლის 13 მაისს შპს ”ს.ს–მა” (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) შპს ”ა.კ–ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოპასუხისათვის 230 000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 4 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინდა და აპელანტს, 7 000 (შვიდი ათასი) ლარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა, ხარვეზის განჩინების ასლის ჩაბარებიდან - 10 დღის ვადაში დაევალა.

5. დასახელებული განჩინება ორგანიზაციის წარმომადგენელს 2019 წლის 13 მარტს ჩაჰბარდა.

6. 2019 წლის 25 მარტს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ხარვეზის შევსების ვადის - 14 დღით გაგრძელების თაობაზე იშუამდგომლა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით, აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით გაუგრძელდა.

8. დასახელებული განჩინება ორგანიზაციის წარმომადგენელს 2019 წლის 11 აპრილს ჩაჰბარდა.

9. 2019 წლის 22 აპრილს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა აპელანტის წარმომადგენელმა და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, კიდევ ერთხელ, მაქსიმუმ 10 დღის ვადით (2018 წლის 2 მაისამდე), თანხის მობილიზების შეუძლებლობის გამო მოითხოვა.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა.

11. დასახელებული განჩინება ორგანიზაციის წარმომადგენელს 2019 წლის 25 აპრილს ჩაჰბარდა.

12. 2019 წლის 1 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, რომელმაც ხარვეზი ნაწილობრივ აღმოფხვრა და 1200 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარუდგინა სასამართლოს. აპელანტმა ამავდროულად სახელმწიფო ბაჟის სრულად გადასახდელად კვლავ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება (10 დღით) მოითხოვა.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის აღმოუფხველობის გამო დარჩა განუხილველი.

13.1. პალატის განსჯით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა, ამასთან მას არაერთგზის გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, სააპელაციო საჩივრის განუხილვლად დატოვება, სამართლებრივად საფუძვლიანი იყო.

14. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დასაშვებობის შესამოწმებლად, დაბრუნება მოითხოვა.

14.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სახელწმიფო ბაჟის ანგარიშში 1200 ლარის გადახდით გამოავლინა იურიდიული ინტერესი განსახილველ დავაზე სააპელაციო სამართალწარმოების განხორციელების მიმართ, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლოს მისთვის უნდა მიეცა დამატებით 10 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იყო სოლიდური თანხა და მისი აკუმულირება გარკვეულ დროს მოითხოვდა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, რომლის არსი სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარუდგენლობაა.

18. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება გასაუქმებელია, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისი დიდი მოცულობიდან გამომდინარე, გარკვეულ დროს მოითხოვდა და სასამართლოს აპელანტისათვის დამატებითი ვადა უნდა მიეცა ხარვეზის შესავსებად. საკასაციო პალატამ გაანალიზა რა საქმის გარემოებები, ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტისათვის დამატებით, 10 დღანი ვადის მიცემის აუცილებლობის თაობაზე. საქმის გარემოებები ცხადყოფს, რომ სასამართლომ აპელანტს, ორჯერ, ჯერ 2019 წლის 4 აპრილს, ხოლო შემდგომ იმავე წლის 23 აპრილს გონივული ვადით გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოსთვის არც დასაბუთებული შუამდგომლობით არ მიუმართავს და არც ხარვეზის შევსების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია სასამართლოსთვის. პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მან სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ გადახდით გამოხატა სამართლებრივი ინტერესი სამართალწარმოების გაგრძელების თაობაზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელებისათვის ვარგის სამართლებრივ არგუმენტაციად არ განიხილება. საპროცესო სამართალურთიერთობის სუბიექტის შედავება უნდა იყოს დასაბუთებული და სამართლებრივად საფუძვლიანი. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მხარეს მისცეს ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, თუმცა, ამავდროულად, შესაბამისი მხარის მოთხოვნის საფუძლიანობას მტკიცებულებები უნდა ამყარებდეს, მარტოოდენ, სასამართლოსათვის წერილობითი შუამდგომლობით მიმართვა ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს. კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია კომპანიის ფინანსური შეუძლებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელებას გაამართლებდა) და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის საპროცესო უფლებით არ უსარგებლია. ამასთან, საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე ხარვეზის თავდაპირველი განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2019 წლის 13 მარტს ჩაჰბარდა, ხოლო ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების პირობებში, ხარვეზის შევსების ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტის მესამე შუამდგომლობა ვადის გაგრძელების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელი იყო და სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

19. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

20. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე (1) მუხლით, ისე _ „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

21. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც დასაბუთებული შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: Nას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; N ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; N ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.ს–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი