№ას-1356-2018 30 სექტემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ი.ლ–ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „დ.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „დ.კ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან მოგირავნე) და ი.ლ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან დამგირავებელი) შორის 2011 წლის 13 ოქტომბერს დაიდო #321 (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც პირველი ხელშეკრულება) სესხისა და გირავნობის წერილობითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ მსესხებელს 3 თვით, 2012 წლის 13 იანვრის ჩათვლით, 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადასცა საკუთრებაში, თვეში 8% სარგებლის დარიცხვით, პირგასამტეხლო განისაზღვრა ძირითადი თანხის 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ფოლკსვაგენ პასატი“, სახელმწიფო ნომრით ….. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ავტომანქანა ან გირავნობის საგანი). მსესხებელს მიეცა ავტომანქანის მართვის უფლება (იხ. ხელშეკრულება და სალაროს გასავლის ორდერი, ს.ფ. 15-18; 19. ტ.1).
3. მსესხებელმა ძირითადი ხელშეკრულების მსგავსი პირობით, კრედიტორისაგან დამატებით რამდენიმეჯერ ისესხა თანხა, სახელდობრ, 2012 წლის 11 იანვრის #383 ხელშეკრულებით - 650 აშშ დოლარი (შემდეგში - მეორე ხელშეკრულება), 2012 წლის 11 მაისის #494 ხელშეკრულებით - 500 აშშ დოლარი (შემდეგში - მესამე ხელშეკრულება), 2012 წლის 15 ნოემბრის #619 ხელშეკრულებით - 600 აშშ დოლარი (შემდეგში - მეოთხე ხელშეკრულება), ხოლო 2013 წლის 19 მარტის #729 ხელშეკრულებით - 700 აშშ დოლარი (შემდეგში - მეხუთე ხელშეკრულება), (იხ. ხელშეკრულებები და სალაროს გასავლის ორდერები, ს.ფ. 21-47).
4. სესხის დაბრუნების ვადა მხარეთა შორის რამდენიმეჯერ გაგრძელდა და საბოლოოდ განისაზღვრა შემდეგნაირად: პირველი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო - 2012 წლის 13 აპრილს, მეორე და მესამე ხელშეკრულებით - 2014 წლის 11 დეკემბერს, მეოთხე ხელშეკრულებით - 2014 წლის 15 დეკემბერს, ხოლო მეხუთე ხელშეკრულებით - 2014 წლის 19 დეკემბერს (იხ. შეთანხმებები, ს.ფ. 48-80, ტ.1).
5. 2012 წლის 12 მარტს მოპასუხემ მხოლოდ პირველი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.
6. 2014 წლის 19 დეკემბერს მოპასუხეს ეცნობა არსებული დავალიანების შესახებ (იხ. შეტყობინება, ს.ფ. 81-82, ტ.1), იგი სრულად დაეთანხმა და წარადგინა გირავნობის საგანი, რომელიც 2015 წლის 16 ივლისს კრედიტორმა პირდაპირი მიყიდვის გზით მესამე პირზე გაასხვისა (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 83-85, ტ.1).
7. გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგებმა თანხამ შეადგინა 1500 აშშ დოლარი, რომლითაც დაფარულ იქნა სასესხო დავალიანების ნაწილი, კერძოდ, მეოთხე ხელშეკრულების ძირითადი თანხა - 427 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ხელშეკრულებაზე დარიცხული პროცენტი, ჯამურად - 784 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ხელშეკრულებაზე დარიცხული საურავი, ჯამურად - 245 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი აგრეთვე, გირავნობის საგანზე გადახდევინების მიქცევის მიზნით გაწეული ხარჯი (საექსპერტო შეფასება) - 101 ლარი.
8. მსესხებლის დავალიანება კრედიტორის წინაშე მესამე ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მეორე ხელშეკრულებიდან - 650 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მეხუთე ხელშეკრულებიდან - 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო მეოთხე ხელშეკრულებიდან - 173 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია (იხ. ახსნა-განმარტებითი ბარათი დაფარული თანხების გადანაწილების შესახებ, ს.ფ. 93.ტ.1).
9. 2015 წლის 23 სექტემბერს კრედიტორმა სარჩელი აღძრა მსესხებლის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 2023 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
10.1. სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს 2016 წლის 26 თებერვალს ჩაჰბარდა, კერძოდ, მეუღლეს (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 133 ტ.1). მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარედგინა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მითითებულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
10.2. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2321 მუხლზე (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას) და აღნიშნა, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის, არსებობდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
10.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე და 418-ე მუხლების საფუძვლებიდან, შესაბამისად, სარჩელში ჩამოყალიბებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.
11. მოპასუხემ საჩივარი (იხ. ს.ფ. 145-147) წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივრის ავტორის მტკიცებით, შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სახელდობრ, ჯანმრთელობის გაუარესებით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა იმ მიზეზით, რომ არ დასტურდებოდა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოების არსებობა, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
13. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
14.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ ზემოაღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის. პალატამ აპელანტის მსჯელობა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა, არ გაიზიარა იმ მიზეზით, რომ არ დასტურდებოდა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოების არსებობა, კერძოდ, 2016 წლის 26 თებერვლიდან 2016 წლის 7 მარტის ჩათვლით, მით უფრო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, მოპასუხე, შეუძლოდ ყოფნის გამო, ვერ შეძლებდა შესაგებლის წარდგენას.
14.2 სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
15. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა 2016 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 2016 წლის 3 ნოემბრის განჩინება, მათი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, არ არსებობდა სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, კერძოდ, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, რადგან იგი ხანდაზმული იყო.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.
20. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
21. ამდენად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, კერძოდ, სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონშიც და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი). საპატიო მიზეზის კონტექსტში სასამართლომ სწორად შეაფასა მოპასუხის მითითება ავადმყოფობაზე და მართებულად მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ეს გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, კერძოდ, მოპასუხეს/კასატორს ჯანმრთელობის შესახებ ცნობა, რაც მას საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს საპელაციო პალატის დასკვნას, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები, სსკ-ის 623-ე, 625-ე, 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს არა საქმეში არსებული მტკიცებულებები, არამედ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სსსკ-ის 2321 მუხლი.
23. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო ითხოვს. კასატორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ამასთან, სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს საკუთარი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მიეთითებინა სასარჩელო ხანდაზმულობაზე. თავის მხრივ, ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, გარდა იმისა, რომ მოპასუხეს/კასატორს სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არ მიუთითებია არც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში და არც სააპელაციო საჩივარში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში ამ გარემოებაზე მითითება დაუშვებელია. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობას სასამართლო ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მასზე მოპასუხე მიუთითებს შესაგებელში, მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეს არც შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარდგენილ საჩივარსა და სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, შესაბამისად, სასამართლო ხანდაზმულობის საკითხს ვერ გამოიკვლევდა საკუთარი ინიციატივით.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
27. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ლ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი