Facebook Twitter

საქმე №ას-1571-2019 27 თებერვალი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ც.მ–ძე, თ.მ–ძე (მოპასუხეები, აპელანტები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,თ.ბ–ი“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს ,,თ.ბ–მა“ (შემდეგში - ბანკი, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თ.მ–ძისა (შემდეგში: მსესხებელი, პირველი მოპასუხე, პირველი კასატორი) და ც.მ–ძის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე კასატორი) მიმართ და მოითხოვა: ა) პირველსა და მეორე მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების (N....; N.....; N. .....) ბათილად ცნობა; ბ) პირველი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო კრედიტის N3928694-9245062 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12548,18 ლარისა (საიდანაც, 10348.05 ლარი არის ძირითადი თანხა, ხოლო 1228.13 - პროცენტი, 959.24 - ჯარიმა, 12.76- სიცოცხლის დაზღვევა); გ) პირველი მოპასუხისათვის 2015 წლის 05 იანვარს გაცემული სესხის თანხის - 1500 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო N3928694-9245062 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკმა სესხის სახით გასცა 11000 ლარი, წლიური 25% სარგებლის გადახდევინებით, 1470 დღის ვადით. 2018 წლის 05 იანვარს ბანკმა მსესხებელზე გასცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, რაც ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებელს, რომლის დასაფარადაც მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 75 ლარი. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. 2018 წლის 03 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მსესხებელისთვის შეტყობინების ჩაბარებით ცნობილი გახდა, რომ ბანკი აპირებდა სასარჩელო წარმოების დაწყებას ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით, მან, როგორც თავისი შვილის (მეორე მოპასუხის) წარმომადგენელმა საკუთარ თავთან დადო გარიგება და თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ:.....; N....... N........) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოჩვენებით და თვალთმაქცურად გადააფორმა მეორე მოპასუხეზე, იმ განზრახვით, რომ სესხის გადაუხდელობის გამო, დაწყებული სამართალწარმოების შემთხვევაში, ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან თავი აერიდებინა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ მოჩვენებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 950 ლარით.

3. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. მოპასუხეებმა დაადასტურეს ბანკის მიმართ დავალიანების არსებობა, მაგრამ არა იმ ოდენობით რასაც ითხოვს მოსარჩელე. მსესხებლის მითითებით, იგი ყოველთვის ასრულებდა ვალდებულებებს, თუმცა ჯანმრთელობის მოულოდნელი პრობლემების გამო, დაუგვიანდა თანხის გადარიცხვა. გამოჯანმრთელების შემდგომ შეხვდა რა ბანკის წარმომადგენლებს, შეპირდა ფულადი ვალდებულების შესრულებას, თუმცა, ბანკმა მაინც დაიწყო სასარჩელო წარმოება. მსესხებელმა დაფარა სესხის ნაწილი, ამიტომ მას არ აქვს იმ ოდენობის დავალიანება, რამდენსაც ითხოვს ბანკი; მისი მოსაზრებით, სესხის თანხას გამოაკლდა საკომისიო, რომელიც არაგონივრულად მაღალია. ისინი ცნობენ სარჩელს მხოლოდ მოთხოვნილი თანხის ძირის 10,275 ლარის ნაწილში, ხოლო ჯარიმისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელს არ ცნობენ. მეორე მოპასუხის მითითებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადება მისი უფლებაა. საკუთრების უფლებიდან გამომდინარე კი, მესაკუთრეს შეუძლია ხელშეკრულება დადოს ნებისმიერ სუბიექტთან, თუნდაც, ეს იყოს მამამისი (მსესხებელი).

4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: 1) ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის 2018 წლის 12 ოქტომბერს საჯარო რეესტრში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები (N892018855525; N892018855487; N892018855414), როგორც მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები; 2) მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ 2017 წლის 09 ოქტომბრის კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 12.548,18 ლარის გადახდა; 3) მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 05 იანვარს გაცემული სესხის თანხის 1500 ლარის გადახდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. 2017 წლის 09 ოქტომბერს ბანკსა და მსესხებელს შორის დაიდო #3928694-9245062 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკმა მსესხებელზე სესხის სახით გასცა 11.000 ლარი, წლიური 25% სარგებლის გადახდევინების პირობით, 1470 დღის (4 წლის) ვადით.

9. 2017 წლის 9 ოქტომბერს სს „თ.დ–ის“ მიერ განხორციელდა #3928694-9245062 სესხზე მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, სადაზღვევო პოლისით განისაზღვრა, რომ სადაზღვევო პრემია შეადგენდა სესხის ძირითადი თანხის წლიურ 0,72 %-ს.

10. 2018 წლის 05 იანვარს ბანკმა მსესხებელზე გასცა სესხი 1500 ლარის ოდენობით, აღნიშნული სესხი ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებელს, რომლის დაფარვის მიზნით მსესხებელს ყოველთვიურად უნდა შეეტანა შესაბამის ანგარიშზე თანხა 75 ლარის ოდენობით.

11. 2018 წლის 13 სექტემბერს მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლებითაც ეცნობა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.

12. სასამართლოს მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგენილი იქნა, რომ მსესხებელი არის მეორე მოპასუხის მამა.

13. დადგენილი იქნა ისიც, რომ 2018 წლის 02 ოქტომბერს მსესხებელმა მის საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ქონება ს/კ ....., ს/კ ...... და ს/კ ...... მიჰყიდა მეორე მოპაუხეს - შვილს. აღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა მეორე მოპასუხის საკუთრებად.

14. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, თავად მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობას ემყარებოდა, რაც სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა.

15. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, როგორც უდავო, ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მსესხებლის დავალიანება ბანკის მიმართ 2017 წლის 09 ოქტომბრის N3928694-9245062 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 12.548,18 ლარს, ხოლო 2018 წლის 05 იანვარს გაცემული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი - 1500 ლარს.

16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ გარიგებათა მოჩვენებითობასა და სესხზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს გონივრულობაზე, რომელი საკითხებიც შედავებული იყო სააპელაციო საჩივრით. ამ ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 56-ე მუხლს და მიუთითა, რომ ამ ნორმის მიხედვით, აუცილებელია იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მხარეთა მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები უნდა მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ამდენად, მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთანხმება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, იმ არსებითი ხასიათის ნაკლს წარმოადგენს, რაც სამართლებრივი შედეგის დადგომას გამორიცხავს.

17. სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა სსკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით მტკიცების ტვირთის სტანდარტზე და აღნიშნა, რომ სწორედ მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე. შესაბამისად, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა მტკიცების ტვირთად იქცა იმ გარემოების დადასტურება, თუ რამ განაპირობა და რა აუცილებლობა არსებობდა სადავო ხელშეკრულებების, დროის სწორედ იმ მონაკვეთში დადებისა, როდესაც მოვალეს შესასრულებლად ჰქონდა ვადამოსული ვალდებულებები კრედიტორის წინაშე, თუმცა, მოპასუხეებმა (აპელანტები) მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლეს.

18. მოპასუხეებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ არსებობდა ქონების საკუთრებაში მიღების ნამდვილი ნება, და რომ შემძენმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდონდა იმ საფრთხის თაობაზე, რომ აღნიშნული ქონების მიმართ სარჩელის კანონიერი ინტერესი არსებობდა. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში სწორედ მეორე მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ ის კეთილსინდისიერია. მასვე უნდა დაედასტურებინა, თუ რამ განაპირობა ხელშეკრულების დადება დროის სწორედ ისეთ მონაკვეთში, როდესაც მსესხებელს ვადამოსული ვალდებულებები გააჩნდა ბანკის წინაშე, თუმცა, მან ასეთი მტკიცებულება სააპელაციო პალატას ვერ წარუდგინა, ამიტომ პალატამ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებს, როგორც მამა-შვილს შორის უძრავი ქონების თაობაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით დადებულ გარიგებას, რაც ამ ხელშეკრულებათა გაბათილების აბსოლუტური საფუძველია.

19. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია სესხის სარგებლისა და პირგასამტეხლოს არაგონივრულობასთან დაკავშირებით.

20. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 868.1, მე-400, 417-ე და 418-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:

21. ხელშეკრულების დადებისას მხარეები თავად თანხმდებიან და საზღვრავენ მყარ ან ცვალებად საპროცენტო განაკვეთს, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსესხებელმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული მისთვის როგორც ძირი თანხის, ისე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

22. ამასთან არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველიც, რადგან პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნლეოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტიტუტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულებების დამრღვევი მოქმედებები. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს მიერ სახელშეკრულებო თავისუფლების ჩარევის იშვიათი გამონაკლისია, თუმცა ასეთი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რომლის ასეთად დადგენა უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ასევე, უნდა მიექცეს ყურადღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობას ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ასე შემდეგ. პირგასამტეხლოს ,,აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს მიუთითებს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლო 959,24 ლარის ოდენობით, მიიჩნია გონივრულად. მით უმეტეს, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა რა მითითებას თუ რატომ იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრული და რა ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველზე უნდა შემცირებულიყო იგი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ეს მოთხოვნა დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

24. საკასაციო საჩივრით სადავოა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების მართებულობა. აქვე კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ იმსჯელა იმაზე, თუ რატომაა ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილი. კასატორები არ ეთანხმებიან თანხის დაკისრებასაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

26. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს კვალიფიციური საკასაციო შედავება არ წარმოუდგენიათ. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში აღნიშნეს, რომ მოგვიანებით წარმოადგენდნენ დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს, თუმცა, მათი მხრიდან დასაბუთებული საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი არ არის. შესაბამიასად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ წარმოდგენილი შედავების ფარგლებში და ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხსა და გარიგებათა ბათილობის საკითხზე.

27. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა გამოირიცხებოდა, თუკი კასატორები, დაამტკიცებდნენ, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას ისინი ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივად არ მოქმედებდნენ. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას სადავო ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და კასატორების ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის, 56.1 მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (იხ., სუსგ №ას-1029-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წელი, პ.5. სუსგ. #ას-571-879-09, 30.04.2010წ). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას სააპელაციო პალატამ მართებულად დაუშვა პრეზუმფცია, რომ მეორე მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი მოპასუხის ვალის შესახებ ცნობილი იყო (ბანკს მსესხებელთან ფულადი ვალდებულების შესრულებაზე პრეტენზია ექნებოდა), რაც გამორიცხავს სადავო გარიგებათა კანონიერებას.

28. ამრიგად, სადავო გარიგებათა ბათილობის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

29. რაც შეეხება სესხის პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას, არც ამ ნაწილში აქვთ კასატორებს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი. ამასთან, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის სტანდარტთან დაკავშირებით არაერთ გადაწყვეტილოებაშია აღნიშნული, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს (იხ., სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებმა ვერცერთ ეტაპზე ვერ წარადგინეს არგუმენტი თუ რატომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობდა და, შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოების დასკვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია.

30. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, რადგან მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელთა ნაწილი ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. სსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც.მ–ძისა და თ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ც.მ–ძეს (პ.ნ ......) და თ.მ–ძეს (პ.ნ ......) უკან დაუბრუნდეთ ნ.ჯ–ის მიერ 18.11.2019-ში საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე