ბს-483-459(კს-06) 11 სექტემბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ჭ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი
'
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 იანვრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 7 ნოემბერს მ. ჭ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ პენსიის დანიშვნისა და 1993 წლიდან დღემდე მიუღებელი პენსიის გაანგარიშებისა და ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1988 წელს დაენიშნა მოხუცებულობის პენსია 137 მანეთის ოდენობით, რაც, სტატისტიკის დეპარტამენტის წერილის თანახმად, შეესაბამება 225,5 აშშ დოლარს.
1993 წელს შეიცვალა ფულის ნიშანი და მიმოქცევაში შემოვიდა კუპონი, რითაც დაზარალდა, ვინაიდან მიიღო ბევრად ნაკლები. 1995 წელს მიმოქცევაში შემოვიდა ლარი და იღებდა 14 ლარს, ამჟამად იღებს 28 ლარს და არა 137 საბჭოური მანეთის პენსიის სარგოს.
მოსარჩელის განმარტებით, მან რამდენჯერმე განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა 1993 წლიდან მიუღებელი 137 საბჭოური მანეთის პენსიის გაანგარიშებისა და დღეისათვის 137 საბჭოური მანეთის სარგო პენსიის მიღება, რაზედაც მიიღო უარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა 137 საბჭოური მანეთის შესაბამისი პენსიისა და 1993 წლიდან დღემდე მიუღებელი სხვაობის ანაზღაურებას.
საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხეები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 იანვრის განჩინებით მ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გააჩივრა მ. ჭ-ამ. კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. იგი იწყება მხარეთათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტად უნდა ჩაეთვალა 2006 წლის 22 მაისი, ვინაიდან გადაწყვეტილება ამ დღეს ჩაიბარა და შესაბამისად, მას სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა არ გაუშვია.
ამასთან, მთელი მისი ოჯახი, მშობლები, და-ძმა, დისშვილები და პირადად თვითონ არიან სახელმწიფოსაგან დაზარალებულები, ვინაიდან წაართვეს სახელმწიფო ბანკში შეტანილი თანხები და პენსია _ 137 საბჭოური მანეთი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ზემოაღნიშნულ ორივე საკითხზე სარჩელი ცალ-ცალკე შეიტანა და სასამართლოს მოსთხოვა მათი გაერთიანება და სახელმწიფოს ხარჯზე საფინანსო ექსპერტიზის დანიშვნა, რაზეც მიიღო უარი, ამიტომ მან 2005 წლის 14 დეკემბერს პროცესიდან გამოსულმა დატოვა განცხადება მოსამართლის აცილების თაობაზე, რაც შეეხება 2005 წლის 21 დეკემბრის სხდომას ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ივნისის განჩინებით მ. ჭ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად: «სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად".
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლო უწყება იგზავნება ფოსტით ან კურიერის მეშვეობით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს, ამასთან, ამავე კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, თუ ადრესატმა უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება. აღნიშნული წესი ვრცელდება სასამართლოს გზავნილების მიმართაც.
აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში მოიპოვება საფოსტო გზავნილი, რომლითაც მ. ჭ-ას 2006 წლის 17 იანვარს გაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 48), რომლის ჩაბარებაზეც მ. ჭ-ამ უარი განაცხადა და საფოსტო გზავნილზე გააკეთა მინაწერი: ,,აცილება მოგეცით, არ ჩავიბარებ თქვენს გადაწყვეტილებას, 2006 წლის 24 იანვარი,» მითითებული გზავნილი კი სასამართლოს დაუბრუნდა უკან: «მიმღებმა უარი განაცხადა წერილის მიღებაზე» (ს.ფ. 48).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ადასტურებს, რომ მ. ჭ-ას მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა უნდა აითვალოს მისთვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ანუ 2006 წლის 24 იანვრიდან (ს.ფ.48) და არა მის მიერ გადაწყვეტილების ასლის შემდგომში, მისივე ინიციატივით მიღების დღიდან, ანუ 2006 წლის 22 მაისიდან (ს.ფ. 50-51 ). აღნიშნული საფუძველს საკასაციო სასამართლოს აძლევს კანონის იმპერატიული მოთხოვნა, რომლიც ვადის ათვლის დასაწყისს უკავშირებს მხარეთათვის გადაწყვეტილების გადაცემის მოენტს და არ არის დამოკიდებული მხარისა და სასამართლოს ნებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის დებულებები და განჩინების ჩაბარების საქმეში დაცული დასტური, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა მხარეს ამოეწურა 2006 წლის 7 თებერვალს, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო უფლებამოსილი იყო მიეღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჭ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაიცულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.