Facebook Twitter

საქმე №ას-1810-2019 2 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.ს–ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, საქმეზე – სს „ს.ბ–ის“ სარჩელის გამო, მ.ს–ძის მიმართ, ასევე, ამ უკანასკნელის შეგებებული სარჩელის გამო სს „ს.ბ–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ი“ სარჩელი მ.ს–ძის მიმართ, ასევე მ.ს–ძის შეგებებული სარჩელი სს „ს.ბ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტობრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ასევე ორივე მხარემ - მ.ს–ძემ და სს „ს.ბ–მა“ .

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2020 წლის 26 თებერვალს საკასაციო პალატას განცხადებით მომართეს მ.ს–ძემ და მისმა წარმომადგენელმა - დ.ხ–ძემ (განცხადებას ხელს აწერს თავად კასატორი - მ.ს–ძე), უარი თქვეს საკასაციო საჩივარზე და იშუამდგომლეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებაზე.

სასამართლო დამატებით დაუკავშირდა კასატორის წარმომადგენელ დ.ხ–ძეს და განუმარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. თავის მხრივ, დ.ხ–ძემ დაადასტურა, რომ როგორც მისთვის, ასევე - კასატორისთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, მ.ს–ძე ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ.ს–ძისა შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ს–ძის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება მ.ს–ძის საკასაციო საჩივარზე სს „ს.ბ–ის“ მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე