საქმე №ას-1158-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ს–ა (მოსარჩელე)
თავდაპირველი თანამოპასუხე _ ბ. და ნ. ო–ები
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მტკიცებულებების წარდგენის ვადის განსაზღვრა, საქმის წარმოების შეჩერება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ლ.ს–ამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.გ–ძის, ბ. და ნ. ო–ები (შემდგომში _ მოპასუხეები ან მფლობელები, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც აპელანტი ან კასატორი) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, ....... მდებარე #3 ბინის (ს/კ #..... შემდგომში _ სადავო ქონება) გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სადავო ქონება აღრიცხულია მოსარჩელის საკუთრებად, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები და მესაკუთრის მოთხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებენ მის გათავისუფლებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
პირველმა მოპასუხემ (ამავდროულად მეორე და მესამე მოპასუხის კანონიერმა წარმომადგენელმა) სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო ქონების ყოფილი მესაკუთრის მეხუთე რიგის მემკვიდრეს, მას სამკვიდრო მოწმობა კანონდარღვევით აქვს მიღებული, ხოლო მოპასუხეებმა გაიღეს ქონების გარდაცვლილი მესაკუთრის გასვენება-დაკრძალვის, ასევე, მისი მოვლა-პატრონობის ხარჯები, შესაბამისად, მოსარჩელე არასათანადო მხარეა და არ გააჩნია მოთხოვნის უფლება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება, მტკიცებულებების წარდგენის ვადის განსაზღვრა, საქმის წარმოების შეჩერება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს;
1.2.2. უძრავ ნივთს, მესაკუთრის ნების წინააღმდეგ, ფლობენ მოპასუხეები;
1.2.3. მოპასუხეს სადავო ქონების ფლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს, რომლებიც მოსარჩელის სახელზე უფლების დამდგენი დოკუმენტის _ სამკვიდრო მოწმობის გაცემის კანონიერებას, ასევე, კასატორის მიერ ქონების წინა მესაკუთრის გარდაცვალების გამო ხარჯების გაწევის საკითხს შეეხება და განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა (რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა), ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი, რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე _ საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე _ მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტი, მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტის ნამდვილობის საკითხზე არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორების უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ მფლობელები ვერ ამტკიცებენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უძრავი ნივთის ვინდიცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. კასატორის შუამდგომლობები:
განსახილველ შემთხვევაში კასატორი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპროცესო ვადის განსაზღვრას 2 თვით რათა მან შეძლოს იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებიც დაადასტურებს სამკვიდრო მოწმობის გაცემის უკანონობას. შუამდგომლობის თანახმად, კასატორი ასაჩივრებს ნოტარიუსის დადგენილებას და ეს მტკიცებულებები გავლენას იქონიებს განსახილველ საქმეზე. გარდა ამისა, კასატორმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე მანამ, ვიდრე სასამართლო წესით არ გადაწყდება სამკვიდრო მოწმობის კანონიერების საკითხი.
საკასაციო პალატა უარყოფს ხსენებულ შუამდგომლობებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის შესაძლებელია მოსარჩელის უფლებადამდგენი დოკუმენტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტამდე მართლაც ემსჯელა სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების საკითხზე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ვერც სააპელაციო და ვერც საკასაციო წესით საქმის განხილვისას მფლობელმა ვერ დაადასტურა სასამართლოს წარმოებაში მისი სარჩელის არსებობის ფაქტი, სადაც დავის საგანი მოსარჩელის სახელზე გაცემული იმ სამკვიდრო მოწმობის კანონიერება იქნებოდა, რომლის საფუძველზეც ეს უკანასკნელი აღრიცხულია დავის საგნის მესაკუთრედ. რაც შეეხება მტკიცებულებათა წარდგენისათვის ვადის განსაზღვრას საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ ამ ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა მიღება არ ხდება, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება საკასაციო საჩივრის ფარგლებში იმ მტკიცებულებათა ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან შეფასების კანონიერებით შემოიფარგლება, რომლებიც საქმეში წარმოდგენილი იყო სააპელაციო განხილვის დასრულებამდე. ასეც რომ არ იყოს, ვინაიდან მოცემული დავის ფარგლებში სამკვიდრო მოწმობის კანონიერებისა და ქონების მიკუთვნების თაობაზე და/ან რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე შეგებებული სარჩელი არ არის აღძრული, სამკვიდრო მოწმობის გაცემის წესების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა გასცდება დავის საგანს.
3. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.გ–ძის შუამდგომლობა მტკიცებულებათა წამოდგენის საპროცესო ვადის განსაზღვრისა და საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. თ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი