Facebook Twitter

4 მარტი, 2020 წელი №ას-107-2020 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.ა–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი გ.ხ–ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – მ.ა–ის სარჩელის გამო, მ.მ–ძის, ე.ბ–ას, ა.თ–ძის, თ.წ–ის, ზ.ძ–ის, ლ.გ–ის, გ.ხ–ასა და ნ.მ–ძის მიმართ, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი გ.ხ–ას მიმართ წარმოებაში უნდა იქნას მიღებული, ხოლო მ.მ–ძის, ე.ბ–ას, ა.თ–ძის, თ.წ–ის, ზ.ძ–ის, ლ.გ–ისა და ნ.მ–ძის მიმართ განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა იყო თითოეული მოპასუხის მიმართ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 – 10 000 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, თუმცა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეამცირა მოთხოვნა და მოპასუხეთათვის 10 000 – 10 000 ლარის ნაცვლად 1-1 ლარის დაკისრება მოითხოვა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, რაც გასაჩივრდა სრულად საკასაციო წესით.

მ.ა–ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ბაჟის ოდენობა განისაზღვრა 300 ლარით არაქონებრივი მოთხოვნის შესაბამისად და ვინაიდან, მხარეს ერთი სასარჩელო წარმოების ფარგლებში გაერთიანებული ჰქონდა 8 (რვა) დამოუკიდებელი (ინდივიდუალური) მოთხოვნა, ბაჟის გადახდაც თითოეულ მოთხოვნაზე დაეკისრა ინდივიდუალურად 300-300 ლარის ოდენობით.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, საკასაციო პალატას მომართა კასატორმა, წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. დაზუსტებული საჩივარში, მ.ა–მა შეამცირა მოპასუხე პირთა წრე და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ნოემბრის განჩინებას ასაჩივრებს მხოლოდ გ.ხ–ას მიმართ მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟიც მხოლოდ ამ მოთხოვნაზე აქვს გადახდილი, ხოლო დანარჩენი მოპასუხეების მიმართ ხსენებულ განჩინებას აღარ ასაჩივრებდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო გნმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

მცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია მ.ახვლედიანის მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების სტადიაზე წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა მ.მ–ძის, ე.ბ–ას, ა.თ–ძის, თ.წ–ის, ზ.ძ–ის, ლ.გ–ისა და ნ.მ–ძის მიმართ საკასაციო საჩივარის განხილვაზე. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მ.ა–ის საკასაციო საჩივარი მ.მ–ძის, ე.ბ–ას, ა.თ–ძის, თ.წ–ის, ზ.ძ–ის, ლ.გ–ისა და ნ.მ–ძის მიმართ განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა მის განხილვაზე, ხოლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი გ.ხ–ას მიმართ, აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი წარმოებაში უნდა იქნას მიღებული ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო პასუხის წარმოდგენის ვადა უნდა განესაზღვროს 5 დღით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 3 თვის ვადაში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.

საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, მე-400, 401-ე, მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ა–ის საკასაციო საჩივარი მ.მ–ძის, ე.ბ–ას, ა.თ–ძის, თ.წ–ის, ზ.ძ–ის, ლ.გ–ისა და ნ.მ–ძის მიმართ განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

2. მ.ა–ის საკასაციო საჩივარი გ.ხ–ას მიმართ მიღებულ იქნას წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატა განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ ვადაში მხარეთა დასწრების გარეშე, რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე