საქმე №ა-3968-შ-107-2019 14 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.ჟ–ა (პ–ა)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ–ი
გადაწყვეტილებები, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის, ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის, ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოსა და ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებები
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ. პ–ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა. პ–ისა და მესამე პირი – სტახანოვის საქალაქო საბჭოს ბავშვთა საქმეების სამსახურის მიმართ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.
2. უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. პ–ას სარჩელი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ დაკმაყოფილდა სრულად. მცირეწლოვანი ბავშვების – დ. პ–ას (დაბ.15.12.2008) და მ. პ–ას (დაბ.29.10.2012) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვა დედის, ლ. პ–ას საცხოვრებელი ადგილი.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. პ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
4. უკრაინის ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის განჩინებით ა. პ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5. უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. პ–ას სარჩელი სტახანოვის საქალაქო საბჭოს აღმსრულებელი კომიტეტის მიმართ, მესამე პირი – ა. პ–ის, – მოპასუხის გადაწყვეტილების უკანონოდ აღიარების შესახებ, დაკმაყოფილდა. უკანონოდ იქნა მიჩნეული სტახანოვის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 2013 წლის 5 მარტის №100 გადაწყვეტილების (მამის მონაწილების შესახებ მცირეწლოვანი შვილების: დ. პ–ას, დაბადებული 2008 წლის 15 დეკემბერს და მ. პ–ას, დაბადებული 2012 წლის 22 თებერვალს, აღზრდაში) პირველი პუნქტი, რომლითაც დადგენილია ა.ვ.პ–ის უფროს ქალიშვილთან, დ. პ–ასთან, შეხვედრის წესი. ა. პ–ის სარჩელი ლ. პ–ას მიმართ, მესამე პირი – სტახანოვის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის, მამის შვილების აღზრდაში მონაწილეობის საშუალების განსაზღვრის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. პ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
7. უკრაინის ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. პ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
8. ლ.ჟ–ამ (პ–ა) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის, ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის, ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოსა და ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
9. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლბა მიღებული იქნა განსახილველად. შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ა.პ–ს, რომელმაც 2019 წლის 01 ოქტომბერს წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება (შეპასუხება), რომლითაც არ დაეთანხმა წარმოდგენილ შუამდგომლობას და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
11. მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ იგი არ ესწრებოდა უკრაინის სასამართლოებში საქმის განხილვას, რადგან მისთვის კანონით დადგენილი წესით არ იყო ცნობილი საქმის განხილვის თაობაზე, არც ადვოკატი ყოლია, რაც საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, „თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები“, წარმოადგენს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
12. მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში აგრეთვე დარღვეულია „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის კონვენციის ( ე.წ. „მინსკის კონვენცია“) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაც, რომლის თანახმადაც, „გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იყო გადაწყვეტილება და, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პროცესში, სათანადო წესით და დროულად გამოძახებული იყო სასამართლოში“. მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, ასეთი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება, რაც „ მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
13. მოწინააღმდეგე მხარემ ასევე მიუთითა, რომ მას გააჩნია მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით წარმოადგენდა, აგრეთვე არასრულწლოვან დ. პ–ას აქვს მიჯაჭვულობა მამასთან და არ სურს საქართველოს დატოვება ( იხ. ს.ფ.12-115).
14. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე დაკმაყოფილდა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2019 წლის 04 დეკემბერს, რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს კანონით დადგენილი წესით.
15. განმცხადებელმა წარმოადგინა დამატებითი შუამდგომლობები, კერძოდ, 1) შუამდგომლობა ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც დ. პ–ას აეკრძალოს ( მარტო ან სხვა პირთან ერთად) საქართველოს საზღვრის დატოვება საცნობი გადაწყვეტილებების საქართველოში ცნობა ან/და აღსრულებამდე. 2). შუამდგომლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მესამე პირად ჩართვის შესახებ.
16. შუამდგომლობაზე ზეპირი სასამართლო სხდომა ჩატარდა 2019 წლის 04 დეკემბერს, 2020 წლის 16 იანვარს და 2020 წლის 14 თებერვალს, რა დროსაც საკასაციო სასამართლომ მხარეებს არაერთხელ შესთავაზა საქმის მორიგებით დასრულება, თუმცა მხარეთა შორის ვერ მოხერხდა საქმის მორიგებით დასრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, საქმის არსებითად განხილვისას გამოთქმულ მხარეთა მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ ლ.ჟ–ას (პ–ა) შუამდგომლობა უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის, ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის, ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოსა და ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
19. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და ა.შ.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. (იხ. დამატებით: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბმისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები.
22. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა სცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიოული შედეგი უნდა გავრცერლდეს საქართველოში.
24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებულია ორმხრივი ხელშეკრულება „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ,“ შემდგომში „ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია 1996 წლის 06 დეკემბრიდან). საქართველო და უკრაინა წარმოადგენენ აგრეთვე „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, ამიტომაც წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას, საკასაციო სასამართლო დაეყრდნობა აღნიშნული აქტებით გათვალისწინებულ მოწესრიგებას უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების შესახებ.
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. ( იგივე საკითხს აწესრიგებს საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული „ორმხრივი ხელშეკრულების“ მეორე განყოფილება, მუხლი 40-45). „მინსკის კონვენციის“ 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
26. საკასაციო პალატა მიუთითითებს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ 2009 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
27. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ როგორც „მინსკის კონვენციას“, აგრეთვე „ორმხრივ ხელსეკრულებას“, უპირატესი იურიდიული ძალა გააჩნია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესებთან მიმართებით.
28. „მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით, რომლის მე-4 მუხლი ადგენს მხარეთა შეჯიბრებითობის წარმართვის ვალდებულებას, ხოლო, მე-5 მუხლი - საქმის თანასწორობის საწყისზე განხილვის აუცილებლობას.
29. „მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას. (ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლი).
30. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
31. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, („ორმხრივი ხელშეკრულების“ 42-43-ე მუხლები), შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
33. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაა და მხედველობაში იღებს საკითხის მომწესრიგებელ საერთაშორისო თუ შიდა კანონმდებლობის შემდეგ ნორმებს:
34. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს „ბავშვთა უფლებათა კონვენციაც.“ მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
35. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტები ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია, რაც იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი უალტერნატივოდ იმის დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის გაფორმებული „ორმხრივი ხელშეკრულების“ 29-ე მუხლის თანახმად, სამართალურთიერთობანი მშობლებსა და შვილებს შორის განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ გააჩნიათ საერთო საცხოვრებელი ადგილი. თუ რომელიმე მშობლის ან შვილის საცხოვრებელი ადგილი ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე იმყოფება, მაშინ სამართალურთიერთობანი მათ შორის განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი. გადაწყვეტილების გამოტანაზე კომპეტენტურნი არიან ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოები, რომლის კანონმდებლობაც უნდა იქნეს გამოყენებული ამ შემთხვევაში. შესაბამისად, საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უკრაინის სასამართლოებს განსახილველ საქმეზე გააჩნდათ საერთაშორისო კომპეტენცია.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „მინსკის კონვენციის“ 51-ე მუხლის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობებით ცნობს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე გამოტანილ აღნიშნული მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.
38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. აღნიშნული კანონის 49-ე მუხლის თანახმად, მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პირადი და ქონებრივი ურთიერთობები, მშობლის მზრუნველობის ჩათვლით, ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ამავე დროს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელსაც ბავშვი განეკუთვნება.
39. „მინსკის კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელთა და შვილთა სამართალურთიერთობა განისაზღვრება ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ შვილები, ხოლო 32-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად კი, მშობლებსა და შვილებს შორის სამართალურთიერთობის საქმეებში კომპეტენტურია სასამართლო ხელშემკვრელი მხარისა, რომლის კანონმდებლობაც გამოყენებული უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
40. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველად მიუთითა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, „გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები“. მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში აგრეთვე დარღვეულია „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის კონვენციის ( ე.წ. „მინსკის კონვენცია“) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაც, რომლის თანახმადაც, „გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შესახებ შუამდგომლობას უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იყო გადაწყვეტილება და, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პროცესში, სათანადო წესით და დროულად გამოძახებული იყო სასამართლოში“. მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, ასეთი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება, რაც „ მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
41. საკასაციო სასამართლომ წარმოდგენილი შუამდგომლობა განიხილა „მინსკის კონვენციის“ 54.2 მუხლით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოში ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის თაობაზე, რადგან განსახილველ შემთხვევაში დაცულია „მინსკის კონვენციით“ და „ორმხრივი ხელშეკრულებით“ დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების (ცნობის) შესახებ.
42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ წერილობით შეპასუხებაში მიუთითა, რომ მას გააჩნია მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით წარმოადგენდა, მას ასეთი სასამართლო გადაწყვეტილება არ წარმოუდგენია.
43. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვან დ. პ–ას აქვს მიჯაჭვულობა მამასთან და არ სურს საქართველოს დატოვება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ
44. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (მუხლი 3, პუნქტი 1) თანახმად, ბავშვთა მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური დაცვის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
45. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა (,,კომიტეტი”)მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას. 48. ამასთან, კონვენცია ცალსახად მიუთითებს ბავშვის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებზე სხვა მუხლებშიც: მე-9 მუხლში: მშობლებისაგან დაშორება; მე-10 მუხლში: ოჯახის გამთლიანება; მე-18 მუხლში: მშობლის პასუხისმგებლობა; მე-20 მუხლში: ოჯახური გარემოდან ჩამოცილება და ალტერნატიული ზრუნვა; 37(გ) მუხლში: თავისუფლებააღკვეთილი ზრდასრულებისაგან განცალკევება; 40(2)(ბ) (iii) მუხლში: საპროცესო გარანტიები, მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მიმართ სისხლის სამართლის წესით განხილულ საქმეთა სასამართლო პროცესებზე მშობელთა დასწრება. გარდა ამისა, კონვენცია მიუთითებს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე კონვენციის ფაკულტატურ ოქმში ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ (პრეამბულა და მე-8 მუხლი) და კონვენციის ფაკულტატურ ოქმში კომუნიკაციის პროცედურის შესახებ (პრეამბულა და მე-2 და მე-3 მუხლები).
46. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კომიტეტმა ზრდასრული ადამიანის მიერ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების აღქმა არ შეიძლება იყოს უპირატესი კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემის ვალდებულებასთან შედარებით.” კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს; მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების სრული გამოყენება მოითხოვს უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას, რომელშიც ჩაერთვება ყველა მონაწილე მხარე, ბავშვის ყოვლისმომცველი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი ერთიანობის უზრუნველსაყოფად და მისი ადამიანური ღირსების პატივსაცემად.
47. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანატია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფთან, ან ზოგადად ბავშვებთან დაკავშირებით. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აწესებს სახელმწიფოთა არსებით ვალდებულებას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს (თვითაღსრულებადია) და შეიძლება მოხმობილი იქნეს სასამართლოს წინაშე. (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის. (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები.
48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ჩარჩოს მონაწილე სახელმწიფოთა სამი სახის ვალდებულებებისათვის: (ა) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სათანადოდ ინტეგრირებული იყოს და თანმიმდევრულად ხდებოდეს მათი გათვალისწინება საჯარო უწყების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, განსაკუთრებით განხორციელების ყველა ღონისძიებაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოებაში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვს ბავშვებზე;
49. (ბ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ყველა სასამართლო და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში ნათლად ჩანდეს,, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს დაეთმო უპირველესი ყურადღება. საჭიროა იმის აღწერაც, თუ როგორ მოხდა საუკეთესო ინტერესების შესწავლა და შეფასება და რა მნიშვნელობა მიენიჭა მათ გადაწყვეტილებაში.
50. (გ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ინტერესები შეფასდა და დაეთმო უპირველესი ყურადღება კერძო სექტორის ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში, მათ შორის მომსახურების მიმწოდებლების ან ნებისმიერი სხვა კერძო ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ, რომლებიც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ან შეეხება მას.
51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიზანია, უზრუნველყოს, რომ უფლება გარანტირებული იყოს ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს ან ბავშვებს, უნდა ითვალისწინებდეს მათ საუკეთესო ინტერესებს როგორც უპირველეს პრიორიტეტს. სიტყვა „ქმედება“ მოიცავს არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს, არამედ მოქმედებებს, ქცევას, წინადადებებს, მომსახურებას, პროცედურებსა და სხვა ღონისძიებებს. უმოქმედობა ან ქმედების განუხორციელებლობა და დაუდევრობა აგრეთვე წარმოადგენენ „ქმედებას“, მაგალითად, მაშინ, როდესაც სოციალური დაცვის ორგანოები არ ახორციელებენ ქმედებას ბავშვთა დასაცავად უგულებელყოფის ან ჩაგვრისაგან. ტერმინი „ბავშვები” გულისხმობს 18 წელს მიუღწეველ ყველა პირს მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, კონვენციის პირველი და მე-2 მუხლების შესაბამისად. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ვრცელდება ბავშვებზე, როგორც ინდივიდებზე, და აკისრებს ვალდებულებას მონაწილე სახელმწიფოებს, შეაფასონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და დაუთმონ მათ უპირველესი ყურადღება თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას.
52. მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, სათანადოდ გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს ყოვლისმომცველ ვალდებულებას, რომელიც მოიცავს ყველა საჯარო და კერძო სოციალური დაცვის ორგანოს, სასამართლოს, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებსაც შეხება აქვთ ან დაკავშირებულნი არიან ბავშვებთან. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები პირდაპირ არ არიან ნახსენები მე-3 მუხლის პირველ პუნქტში, ბავშვის საუკეთესო ინტერესები „უნდა იყოს მათი მთავარი საზრუნავი“ (მე-18 მუხლის პირველი პუნქტი).
53. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „სასამართლოები“ გულისხმობს ნებისმიერ სასამართლო სამართალწარმოებას ყველა ინსტანციაში, მიუხედავად იმისა, ვინ ახორციელებს მას - პროფესიონალი მოსამართლეები თუ არაპროფესიონალი პირები, და ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა შესაბამის პროცედურას, შეზღუდვის გარეშე, ასევე მორიგების, მედიაციისა და არბიტრაჟის პროცესებს. სამოქალაქო საქმეებში, როგორიც არის მამობის დადგენის, ბავშვზე ძალადობის ან მისი უგულებელყოფის, ოჯახის გაერთიანების, განსახლების და სხვა საქმეები, ბავშვი შესაძლოა იცავდეს თავის ინტერესებს დამოუკიდებლად ან წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო პროცესმა, მაგალითად, შვილად აყვანის, განქორწინების, მეურვეობის, საცხოვრისის, მონახულების ან სხვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვთ ბავშვის სიცოცხლესა და განვითარებაზე, ასევე ბავშვის მიმართ ძალადობასთან ან მის უგულებელყოფასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისას შესაძლოა ბავშვზე ზეგავლენა მოახდინოს. სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები გათვალისწინებული იყოს ყველა ამგვარ სიტუაციასა და გადაწყვეტილებაში, მიუხედავად მათი საპროცესო თუ მატერიალური ხასიათისა, და უნდა წარმოაჩინონ, რომ მათ ეს ეფექტიანად განახორციელდეს.
54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. სწორედ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონვენციის სხვა ნორმებთან თანხვედრაში განმარტებით და განხორციელებით შეძლებს კანონმდებელი, მოსამართლე, ადმინისტრაციული, სოციალური თუ საგანმანათლებლო დაწესებულება, განმარტოს ეს ცნება და სათანადოდ გამოიყენოს იგი. შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება მოქნილი და ადაპტირებადია. იგი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით. თითოეული გადაწყვეტილებისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა შეფასდეს და განისაზღვროს ცალკეული ბავშვის კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით. კოლექტიური გადაწყვეტილებების შემთხვევაში, როგორიცაა კანონმდებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ზოგადად ბავშვთა საუკეთესო ინტერესები უნდა შეფასდეს და განისაზღვროს მოცემული ჯგუფის ან/და ზოგადად ბავშვების კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე. ორივე შემთხვევაში შეფასება და განსაზღვრა უნდა განხორციელდეს კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში განმტკიცებული უფლებების სრული პატივისცემით.
55. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა გავრცელდეს ყველა საკითხზე, რომელიც შეეხება ბავშვებს, და უნდა იქნეს გათვალისწინებული კონვენციასა თუ ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს შორის ნებისმიერი შესაძლო წინააღმდეგობის გადასაწყვეტად. ყურადღება უნდა მიექცეს გადაწყვეტის ისეთი შესაძლო გზების განსაზღვრას, რომლებიც შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტრესებს. ეს გულისხმობს იმას, რომ განხორციელების ღონისძიებების შემუშავებისას სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაადგინონ ყველა ბავშვის, მათ შორის მოწყვლადი ბავშვების, საუკეთესო ინტერესები.
56. ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნების მოქნილობა შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს რეაგირება ყოველი ცალკეული ბავშვის მდგომარეობაზე და განვითარდეს ცოდნა ბავშვის განვითარების შესახებ. თუმცა ამან შესაძლოა დატოვოს მანიპულირების შესაძლებლობაც; მაგალითად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება ბოროტად იქნა გამოყენებული მთავრობებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ რასისტული პოლიტიკის გასამართლებლად; მშობლების მიერ თავიანთი ინტერესების დასაცავად მეურვეობის შესახებ დავებში; პროფესიონალების მიერ, რომლებსაც თავის შეწუხება არ სურდათ და ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უგულებელყვეს როგორც შეუსაბამო და უმნიშვნელო.
57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს სიტუაციათა ფართო სპექტრს, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მისი გამოყენებისას გარკვეული ხარისხით მოქნილობის საჭიროებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები – როდესაც ისინი შეფასდა და განისაზღვრა - შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს სხვა უფლებებთან (მაგ. სხვა ბავშვების, საზოგადოების, მშობლების და ა.შ. უფლებებთან). ინდივიდუალურად განხილული პოტენციური წინააღმდეგობა ბავშვის საუკეთესო ინტერესებსა და ბავშვთა ჯგუფის ან ზოგადად ბავშვების საუკეთესო ინტერესებს შორის უნდა გადაიჭრას ცალკეული შემთხვევის მიხედვით. ყველა მხარის ინტერესები საგულდაგულოდ უნდა დაბალანსდეს და მოძიებული იქნეს სათანადო კომპრომისი. იგივე უნდა გაკეთდეს, თუ სხვა პირთა უფლებები წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან. თუ ჰარმონიზაცია შეუძლებელია, ხელისუფლებამ და გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმა უნდა გააანალიზონ და აწონონ-დაწონონ ყველა მონაწილე პირის უფლებები და გაითვალისწინონ, რომ ბავშვის უფლება, მის საუკეთესო ინტერესებს მიენიჭოს უპირველესი ყურადღება ნიშნავს იმას, რომ ბავშვთა ინტერესებს მაღალი პრიორიტეტი აქვთ და ისინი არ წარმოადგენენ მხოლოდ და მხოლოდ სხვა მოსაზრებათაგან ერთ-ერთს. ამდენად, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმას, რაც ბავშვს ყველაზე მეტად წაადგება.
58. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის #12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე-12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე-12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.
59. კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი უზრუნველყოფს ბავშვის უფლებას, მოუსმინონ პირდაპირ ან წარმომადგენლის საშუალებით ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც მას შეეხება. „ბავშვის საუკეთესო ინტერესები“ არის უფლება, პრინციპი და საპროცესო ნორმა, რომელსაც საფუძვლად უდევს კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვის ან ბავშვების საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას, კონკრეტული ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, უნდა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები: (ა) პირველი, საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ კონტექსტში უნდა განისაზღვროს, თუ რომელია შესაბამისი ელემენტები საუკეთესო ინტერესების შეფასებისათვის, მიენიჭოს მათ კონკრეტული შინაარსი და პრიორიტეტი ერთმანეთთან მიმართებაში; (ბ)მეორე, ამისათვის დაცული უნდა იქნეს ისეთი პროცედურა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ გარანტიებსა და უფლების სათანადო გამოყენებას.
60. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები. კონვენციის მე-12 მუხლი ადგენს ბავშვის უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები ნებისმიერი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მას შეეხება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ ითვალისწინებს ბავშვის მოსაზრებებს ან არ ანიჭებს მის მოსაზრებებს სათანადო მნიშვნელობას ბავშვის ასაკისა და სიმწიფის ხარისხის მიხედვით, არ სცემს პატივს ბავშვის ან ბავშვების შესაძლებლობას, ზეგავლენა მოახდინონ თავიანთი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრაზე.
61. ის ფაქტი, რომ ბავშვი ძალზე მცირეწლოვანია ან მოწყვლად მდგომარეობაშია (მაგ. შეზღუდული შესაძლებლობები, უმცირესობის ჯგუფისადმი კუთვნილება, მიგრანტობა და სხვ.), არ ართმევს მას უფლებას, გამოხატოს თავისი მოსაზრებები და არ ამცირებს იმ მნიშვნელობას, რომელიც უნდა მიენიჭოს ბავშვის მოსაზრებებს მისი საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას. კონკრეტული ღონისძიებების მიღება ამგვარ სიტუაციებში ბავშვებისათვის თანასწორი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით უნდა დაექვემდებაროს ინდივიდუალურ შეფასებას, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და საჭიროებისამებრ გონივრული ხელშეწყობისა და მხარდაჭერის გაწევას მათი საუკეთესო ინტერესების შეფასებაში მათი სრული მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
62. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, 2013 წელი, აღნიშნულია, რომ სავალდებულოა ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მშობლებისაგან ბავშვის პოტენციური განცალკევების კონტექსტში (მე-9 , მე-18 და მე-20 მუხლები). ამასთან, კომიტეტი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ელემენტები წარმოადგენს კონკრეტულ უფლებებს და არა მხოლოდ უბრალო ელემენტებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისათვის. ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების ფუნდამენტურ ერთეულს და მისი წევრების, განსაკუთრებით ბავშვების, ბუნებრივ გარემოს ზრდისა და კეთილდღეობისათვის (კონვენციის პრეამბულა). ბავშვის ოჯახური ცხოვრების უფლება დაცულია კონვენციით (მე-16 მუხლი). ტერმინი „ოჯახი” უნდა განიმარტოს ფართო გაგებით და მოიცავდეს ბიოლოგიურ, შვილად ამყვან, მინდობით მიმღებ მშობლებს, შესაბამის შემთხვევებში, ნათესავებს ან თემის წარმომადგენლებს ადგილობრივი ჩვეულებების შესაბამისად (მე-5 მუხლი). ოჯახის განცალკევების პრევენცია და ოჯახის ერთიანობის შენარჩუნება ბავშვთა დაცვის სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტებია და ეფუძნება მე-9 მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ უფლებას, რომელიც მოითხოვს, რომ „ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ [...] ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს”. ამასთან, ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი). ეს აგრეთვე შეეხება ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს მეურვეობის უფლება, სამართლებრივ ან ჩვეულებით პირველად მზრუნველებს, მინდობით მიმღებ ოჯახს და იმ პირებს, რომლებთანაც ბავშვს ახლო პირადი ურთიერთობა აქვს. ბავშვზე მშობლებთან დაშორების ზეგავლენის სიმძიმიდან გამომდინარე, ამგვარი დაშორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც ბავშვს ემუქრება უშუალო საფრთხე, ან როდესაც ეს სხვაგვარად არის აუცილებელი; დაშორება არ უნდა განხორციელდეს, თუ ნაკლებად მკაცრი ზომებით შესაძლებელია ბავშვის დაცვა. დაშორების განხორციელებამდე სახელმწიფომ უნდა გაუწიოს დახმარება მშობლებს თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებაში და აღადგინოს ან გააძლიეროს ოჯახის უნარი, იზრუნოს ბავშვზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაშორება აუცილებელია ბავშვის დასაცავად. ეკონომიკური მიზეზები არ შეიძლება იქნეს გამოყენებული გამართლებად ბავშვის მშობლებთან დაშორებისათვის. ( პპ.58-61).
63. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში, ამიტომაც განსახილველი შუამდგომლობის ფარგლებში, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ ზემოთ აღნიშნულ გარემოებაზე.
64. რაც შეეხება შუამდგომლობას არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის, ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის, ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოსა და ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას ვერ განახორციელებს.
65. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საცნობი გადაწყვეტილება განსაზღვრავს მხოლოდ არასრულწლოვანი ბაშვების საცხოვრებელ ადგილს, შესაბამისად, გადაწყვეტილების მცნობი სასამართლო ვერ გასცდება საცნობი გადაწყვეტილების ფარგლებს და ვერ დაადგენს ახალ სამართლებრივ შედეგს. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ გადაწყვეტილების ცნობის საკითხის განხილვისას, არასრულწლოვანი ბავშვი - დ. პ–ა, ცხოვრობს საქართველოში მამასთან ერთად, საცნობი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, რომ არასრულწლოვანი ბავშვი არის არამართლზომიერად დაკავებული ან გადაადგილებული და რომ დაბრუნებული უნდა იქნეს უკრაინის ტერიტორიაზე, (ამიტომაც საკასაციო პალატა, ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებითად აღარ იმსჯელებს არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესთან მიმართებით), შესაბამისად, შუამდგომლობა არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის, ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის, ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოსა და ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან შინაარსობრივად არ წარმოადგენს იმ სახის გადაწყვეტილებას, რომლიც საჭიროებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღსრულების შესახებ რაიმე აქტის (განჩინება, გადაწყვეტილება) გამოტანას.
66. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განმცხადებლის შუამდგომლობები: - 1). ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლითაც დ. პ–ას აეკრძალოს (მარტო ან სხვა პირთან ერთად) საქართველოს საზღვრის დატოვება საცნობი გადაწყვეტილებების საქართველოში ცნობა ან/და აღსრულებამდე.; 2). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მესამე პირად ჩართვის შესახებ, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 52-ე, 54-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ჟ–ას (პ–ა) შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის, ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის, ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოსა და ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებების ის ნაწილი, რომლითაც მცირეწლოვანი ბავშვების – 2008 წლის 15 დეკემბერს დაბადებული დ. პ–ასა და 2012 წლის 29 ოქტომბერს დაბადებული მ. პ–ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის – ლ.ჟ–ას (პ–ა) საცხოვრებელი ადგილი.
3. ლ.ჟ–ას (პ–ა) შუამდგომლობა არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის, ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის, ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოსა და ლუგანსკის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი