საქმე №ას-322-2019 10 ოქტომბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ა–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ა–ას“ სარჩელი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემებრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით შპს „ა–ას“ დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 553.92 (ხუთასორმოცდაცამეტი ლარი და ოცხმოცდათორმეტი თეთრი) ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ, რ.ჯ–ძეს 2019 წლის 6 ივნისს ჩაბარდა.
2019 წლის 17 ივნისს,საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა კასატორმა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 20 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.
ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2019 წლის 8 აგვისტოს ფოსტის მეშვეობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 553.92 (ხუთასორმოცდაცამეტი ლარი და ოცხმოცდათორმეტი თეთრი) ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
საქმეში არსებული უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2019 წლის 8 აგვისტოს ჩაბარდა შპს „ა–ის“ წარმომადგენელ, რ.ჯ–ძეს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 9 აგვისტოს და ამოიწურა 2019 წლის 13 აგვისტოს (სამშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი