საქმე №ას-1034-2019 25 დეკემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩნება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი მ.კ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტმებრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორთან მცხოვრებ მეგობარს - ნ.ქ–ს ჩაბარდა, 2019 წლის 19 ოქტომბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.კ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მ.კ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2019 წლის 19 ოქტომბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორს.
დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მ.კ–ის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 20 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 22 ოქტომბერს (სამშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.კ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი