Facebook Twitter

საქმე №ას-1357-2019 28 ოქტომბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ხ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ლ.ბ–ის“ სარჩელი მოპასუხე ა.ხ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განუხილველად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განუხილველად დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, სს "ლ.ბ–ის" კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

2019 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სს „ლ.ბ–ის“ წარმომადგენელმა ნ.ქ–მა და უარი თქვა კერძო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის ავტორის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ სს „ლ.ბ–ის“ კერძო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ სამოქალაქო საქმე სს „ლ.ბ–ის“ კერძო საჩივართან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2019 წლის 18 სექტემბერს.

საქართველოს უზენაესი სასამრთლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

2019 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა სს „ლ.ბ–ის“ წარმომადგენელმა ნ.ქ–მა და უარი თქვა კერძო საჩივარზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა კერძო საჩივარზე, პალატა მიიჩნევს, რომ სს „ლ.ბ–ის“ კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სს „ლ.ბ–ის“ მიერ კერძო საჩივრის განხილვამდე კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო, სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 16 სექტემბერს N5159933135 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ლ.ბ–ის“ შუამდგომლობა კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება სს „ლ.ბ–ის“ კერძო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე სს „ლ.ბ–ის“ სარჩელის გამო, ა.ხ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე;

3. სს „ლ.ბ–ის“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 16 სექტემბერს N5159933135 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი