საქმე №ას-1363-2019 19 დეკემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.გ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩნება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ფ.გ–ის“ სარჩელი შპს „ბ.ს–ი“ მიმართ, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 25 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ჩაბარდა, 2019 წლის 21 ოქტომბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ.ს–ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით შპს „ბ.ს–ს“ დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 25 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2019 წლის 21 ოქტომბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის დეიდაშვილს დ.ბ–ძეს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.
დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, შპს „ბ.ს–ის“ ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 22 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 28 ოქტომბერს (ორშაბათი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ.ს–ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბ.ს–ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი