საქმე №ას-1689-2019 14 თებერვალი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ააიპ „ზ–ის საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ე–ის“ სარჩელი, მოპასუხე ააიპ „ზ–ის საბავშვო ბაგა-ბაღის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწლობრივ. ხოლო მოპასუხის შეგებებული სარჩელი, შპს "ე–ის" მიმართ, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 470,26 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორის ააიპ "ზ–ის საბავშვო ბაგა-ბაღის" დირექტორს ც.ა–ს, ჩაბარდა 2020 წლის 24 იანვარს.
2020 წლის 3 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით უზენაეს სასამართლოში კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და სკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ააიპ "ზ–ის საბავშვო ბაგა-ბაღის" საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 470,26 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებით დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კასატორის ააიპ "ზ–ის საბავშვო ბაგა-ბაღის" დირექტორს ც.ა–ს, ჩაბარდა 2020 წლის 24 იანვარს.
2020 წლის 3 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით უზენაეს სასამართლოში კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და სკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 25 იანვარს და ამოიწურა 2020 წლის 31 იანვარს (პარასკევი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა განცხადება ბაჟის ქვითართან და საკასაციო საჩივრის ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ფოსტას ჩააბარა 2020 წლის 3 თებერვალს (იხ. საფოსტო კონვერტი, ტ.4, ს/ფ 71) ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით.
2020 წლის 3 თებერვალს, ფოსტის მეშვეობით, კასატორმა უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 470,26 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია. საფოსტო კონვერტით დასტურდება, რომ განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ფოსტას ჩაბარდა, 2020 წლის 3 თებერვალს, ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ "ზ–ის საბავშვო ბაგა-ბაღის" საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო. ამასთან, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 401-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ააიპ "ზ–ის საბავშვო ბაგა-ბაღის" საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ააიპ "ზ–ის საბავშვო ბაგა-ბაღს" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 470,26 ლარი (საგადასახადო დავალება N1580279666, გადახდის თარიღი 2020 წლის 29 იანვარი);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი