Facebook Twitter

ბს-489-465(კს-06) 13 სექტემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 8 დეკემბერს ნ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: გლდანი-ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოსა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოს ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის აპრილიდან 2004 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით იძულებითი განაცდურის _ 3734,29 ლარის ანაზღაურება.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის შს სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, ვინაიდან სააპელაციო საჩივართან ერთად არ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ზემოთ მითითებული განჩინებით აპელანტს აღნიშნული ხარვეზის შესავსებად მიეცა 7-დღიანი ვადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 19 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან.

გამომდინარე იქიდან, რომ აპელანტის მიერ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, კერძოდ, არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის შს მთავარმა სამმართველომ, რომელიც კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ «სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის «უ» ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინებით თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს შუამდგომლობა სახელწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის განჩინებით თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის შს მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2006 წლის 20 იანვრისა და 17 მაისის განჩინებები და საქმის წარმოება განახლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის შს სამმართველოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების მოთხოვნებს, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი არ იყო გადახდილი, რის გამოც აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, მან კი ხარვეზი არ შეავსო.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად, ვინაიდან, ადმინისტრციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსითაა განსაზღვრული საერთო სასამართლოებში ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესები. ამავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით შრომითი უფლებები სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს მიკუთვნება. ევროპის სოციალური ქარტია (ძალაში შევიდა 1965 წლის 26 თებერვალს) აღიარებს ადამიანის უფლებას, გამოკვებოს თავისი თავი შრომით, რომელსაც ირჩევს საკუთარი ნებით; ყოველ მშრომელს უფლება აქვს ჰქონდეს სამართლიანი სამუშაო; ყოველ მშრომელს უფლება აქვს მიიღოს სამართლიანი გასამრჯელო (ქარტიის მეორე ნაწილი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები). ადამიანთათვის შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობების შექმნას აღიარებენ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მონაწილე ქვეყნები, მათ შორის საქართველოც.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, შრომის უფლება უდავოდ წარმოადგენს ადამიანის სოციალურ უფლებას და მასთან დაკავშირებული სადავო საკითხები სასამართლოთა მიერ განხილულ უნდა იქნას სახელმწიფო ბაჟის გარეშე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს «სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «უ" ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განხილულ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან _ დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან _ ყველა საქმეზე. (ცვლილება 25.07.2006 ¹3519)

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის დებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი თბილისის შს მთავარი სამართველო გათავისუფლებული უნდა იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც წარმოადგენს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მაისის ორივე განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის შს მთავარი სამმართველოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 იანვრისა და 17 მაისის განჩინებები ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის თაობაზე;

3. ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.