Facebook Twitter

საქმე №ას-1634-2019 4 მარტი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი - შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

მეორე კასატორი – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება. მეორე კასატორის სარჩელის დაკმაყოფილება და პირველი კასატორის სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა; პირგასამტეხლოს დარიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „მ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე ან თავდაპირველი მოსარჩელე ან მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში: მოპასუხე ან თავდაპირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა მასსა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 24 იანვრის N6 და N7 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა (დაზუსტებული მოთხოვნა 2018 წლის 09 თებერვლის სხდომის ოქმი 12:14:25 წთ).

2. თავის მხრივ, თავდაპირველმა მოპასუხემაც აღძრა სარჩელი თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) 2017 წლის 24 იანვრის N6 ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოს 400 ლარისა და 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის 22 500 ლარის გადახდის დაკისრება თავდაპირველი მოსარჩელისათვის; ბ) 2017 წლის 24 იანვრის N7 ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის 10 000 ლარის გადახდის დაკისრება თავდაპირველი მოსარჩელისათვის.

3. თავდაპირველი სარჩელის მიხედვით, მხარეებს შორის 2017 წლის 24 იანვარს, ელექტრონული ტენდერების საფუძველზე გაფორმდა N6 და N7 ხელშეკრულებები. მოპასუხის მიერ 2017 წლის 15 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ხელშეკრულებების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარედგინა მოთხოვნა თავდაპირველი მოსარჩელის შავ სიაში შეყვანის შესახებ. მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებებს და მოითხოვს ხელშეკრულებების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ აღიარებას.

4. თავდაპირველი მოპასუხის მიერ აღძრული სარჩელის მიხედვით, მხარეებს შორის 2017 წლის 24 იანვარს, ელექტრონული ტენდერების საფუძველზე გაფორმდა N6 ხელშეკრულება, რითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება 2017 წლის 24 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოპასუხის ბალანსზე რიცხულ „ტოიოტასა“ და „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანებისათვს გაეწია ტექნიკური მომსახურება, შესაბამისი პირობებისა და ვადების დაცვით. ავტომანქანებისათვის მომსახურების გაწევის დროს, თავდაპირველი მოსარჩელის მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომლის თაობაზეც თავდაპირველი მოპასუხის მიერ 2017 წლის 23 მარტს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი. მიუხედავად აღნიშნულისა, მათი მხრიდან ხარვეზები არ აღმოფხვრილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის 24 იანვარს მხარეებს შორის გაფორმებული N6 ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თავდაპირველ მოსარჩელეს 2017 წლის 17 მარტიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 400 ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაპირველ მოსარჩელეს გაეგზავნა 2017 წლის 25 აპრილს N976616 წერილი და პირგასამტეხლოს გადახდის ვადად განესაზღვრა 10 კალენდარული დღე. თუმცა, პირგასამტეხლოს გადახდა დღემდე არ მომხდარა. შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ სახ. ნომრით VWW- ... შპს „მ–ში“ შეყვანილ იქნა 2017 წლის 20 მარტს, ავტომანქანას ესაჭიროებოდა გიდრო ქურო (მუფტა) (კომპ) და საჭის გამაძლიერებლის ტუმბოს შეცვლა. 2017 წლის 24 იანვრის N6 ხელშეკრულების შესაბამისად აღნიშნულ ავტომანქანაზე მომსახურება უნდა გაწეულიყო 8 კალენდარული დღის ვადაში, 2017 წლის 29 მარტამდე, თუმცა, ავტომანქანაზე მომსახურების გაწევა დასრულდა 2017 წლის 24 აპრილს. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული N6 ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოპასუხემ შეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხეს დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ს ოდენობით - 22 500 ლარი. მოპასუხეს ჯარიმის გადახდისათვის განესაზღვრა 10 დღიანი ვადა, თუმცა, ჯარიმის გადახდა დღემდე არ მომხდარა. 2017 წლის 24 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა N7 ხელშეკრულება, რითაც თავდაპირველმა მოსარჩელემ აიღო ვალდებულება 2017 წლის 24 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით თავდაპირველ მოპასუხეზე რიცხულ „შკოდას“ მარკის ავტომანქანებისათვის გაეწია ტექნიკური მომსახურება. შესაბამისი პირობების და ვადების დაცვით. მოპასუხის მხიდან არაერთხელ დაირღვა ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ: შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ სახ.N RER-.... შპს „მ–ში“ მიყვანილ იქნა 2017 წლის 20 მარტს, აღნიშნულ მანქანას ესაჭიროებოდა ყუმბარა გარე, ყუმბარა შიდა და წინა სტაბილიზატორის კრონშტეინის შეცვლა. ხელშეკრულების თანახმად მომსახურება უნდა გაწეულიყო 8 კალენდარული დღის ვადაში, 2017 წლის 29 მარტამდე, თუმცა, ავტომანქნაზე მომსახურების გაწევა დასრულდა 2017 წლის 20 აპრილს. შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურის მიერ ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ სახ.N CCZ-... შპს „მ–ში“ მიყვანილ იქნა 2017 წლის 10 აპრილს, აღნიშნულ მანქანას ესაჭიროებოდა მორგვი უკანა, რედუქტორის ჩობალი, ბაბინა (სანთელზე) და გიტარის მილის პატარის შეცვლა. ავტომანქანაზე მომსახურება ხელშეკრულების თანახმად, უნდა გაწეულიყო 8 კალენდარული დღის ვადაში, 2017 წლის 19 აპრილამდე. თუმცა, ავტომანქანაზე მომსახურების გაწევა დასრულდა 2017 წლის 25 აპრილს. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეებს შორის გაფორმებული N7 ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელესთან შეწყვიტა ხელშეკრულება და არაჯეროვანი შესრულებისათვის დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%, რაც შეადგენს 10 000 ლარს, რაც მოპასუხის მიერ დღემდე არ გადახდილა.

5. თავდაპირველმა მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, თუ მიმწოდებელი ვერ შეასრულებდა მომსახურების გაწევის პირობებს ან/და დაარღვევდა კეთილსინდისიერების პრინციპს, შეეწყვიტა ხელშეკრულება და დაეჯარიმებინა მიმწოდებელი ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მოსარჩელეს არაერთხელ ეცნობა წერილობითი ფორმით, რათა დაეცვა გარიგებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად, თუმცა იგი ვალდებულებას არ ასრულებდა. მოსარჩელემ არაჯეროვანი შესრულებით, მოპასუხეს მიაყენა ზიანი, რის გამოც, ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად.

6. თავდაპირველმა მოსარჩელემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სასამართლოში იხილებოდა დავა მხარეებს შორის ხელშეკრულების შეწყვეტისა და დარიცხული პირგასამტეხლოს უკანონოდ ცნობის თაობაზე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2018წ. გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა თავდაპირველი მოპასუხის სარჩელი და თავდაპირველ მოსარჩელს თავდაპირველი მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა: 2017 წლის 24 იანვრის N6 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 22 900 (400 + 22 500) ლარის და 2017 წლის 24 იანვრის N7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 10 000 ლარის გადახდა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე, 22 500 ლარის და 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში, მოპასუხის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.05.2018წ. გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უკანონოდ იქნა ცნობილი თავდაპირველი მოსარჩელისათვის №6 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს სახით 19 900 ლარის მოთხოვნა. უკანონოდ იქნა ცნობილი თავდაპირველი მოსარჩელისათვის N7 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს სახით 7200 ლარის მოთხოვნა. თავდაპირველი მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თავდაპირველ მოსარჩელეს დაეკისრა თავდაპირველი მოპასუხის სასარგებლოდ N6 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს გადახდა 2600 ლარის ოდენობით. თავდაპირველ მოსარჩელეს დაეკისრა თავდაპირველი მოპასუხის სასარგებლოდ N7 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს გადახდა 2800 ლარის ოდენობით.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11. 24.01.2017წ. მხარეთა შორის გაფორმდა N6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა 2017 წლის 24 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აიღო ვალდებულება შემსყიდველის ბალანსზე რიცხული „ტოიოტას“ და „ლექსუსის“ მარკის ა/მანქანების ტექნიკური მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 225 000 ლარით (ტ.1, ს.ფ. 16-27).

12. 24.01.2017წ. იმავე მხარეებს შორის გაფორმდა N7 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შემსყიდველის ბალანსზე რიცხული „შკოდას“ მარკის ა/მანქანების ტექნიკური მომსახურების თობაზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 100 000 ლარით (ტ.1, ს.ფ. 95-99).

13. ხელშეკრულებ(ებ)ის 4.1 პუნქტის მიხედვით: ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დანართი N1, N2 და N3-ის შესაბამისად. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისთვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა: 4.1.1. სავალი ნაწილებისათვის 2 კალენდარული დღე. 4.1.2. ელექტროობისთვის 3 კალენდარული დღე; 4.1.3. აგრეგატებისათვის 8 კალენდარული დღე; 4.1.4. სათუნუქე - სამღებრო სამუშაოებისთვის 10 კალენდარული დღე; 4.1.5. ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის) გაწევის დრო 15 კალენდარული დღე; 4.1.6. დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას 20 კალენდარული დღე. 4.1.7. სხვა დანარჩენ შემთხვევებში, მყიდველის მიერ მითითებული გონივრული ვადები (ტ.1, ს.ფ. 17; 30).

14. ამდენად, მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ე.წ დეფექტური აქტების შედგენა, რომლითაც შემსყიდველისათვის ცნობილი უნდა გამხდარიყო რა ვადა დაჭირდებოდა თითოეულ ავტომობილზე სამუშაოს შესრულებას.

15. ხელშეკრულებ(ებ)ის 5.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია: გაუწიოს შემსყიდველს ხელშეკრულების დანართი N1, N2 და N3-ით გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. ამასთან, მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების და წესების მოთხოვნის დაცვით. 5.1.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის ავტომანქანის მომსახურებას მიანიჭოს პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას.

16. 24.01.2017წ. გაფორმებულ N7 ხელშეკრულებასთან მიმართებაში შემსყიდველმა მიუთითა შემდეგ დარღვევებზე:

17. - შემსყიდველის მიერ ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ მიმწოდებელთან მიყვანილ იქნა 20.03.2017წ. მანქანას ესაჭიროებოდა ყუმბარა გარე, ყუმბარა შიდა და წინა სტაბილიზატორის კრონშტეინის შეცვლა. მომსახურება უნდა გაწეულიყო 8 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა მომსახურების გაწევა დასრულდა 20 აპრილს (ვადაგადაცილება 22 დღე).

18. - შემსყიდველის მიერ ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ მიმწოდებელთან მიყვანილ იქნა 10.04.2017წ.. მანქანას ესაჭიროებოდა მორგვი უკანა, რედუქტორის ჩობალი, ბაბინა (სანთელზე) და გიტარის მილისა პატარის შეცვლა. მომსახურება უნდა გაწეულიყო 8 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა ავტომანქანაზე მომსახურების გაწევა დასრულდა 25.04.2017წ. (ვადაგადაცილება 6 დღე) (ტ.1, ს.ფ. 132,133; 134,135).

19. 24.01.2017წ. გაფორმებულ N6 ხელშეკრულებასთან მიმართებაში შემსყიდველმა მიუთითა შემდეგ დარღვევებზე:

20. -შემსყიდველის მიერ ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ მიმწოდებელთან მიყვანილ იქნა 20.03.2017წ. მანქანას ესაჭიროებოდა გიდრო ქურო (მუფტა) (კომპ) და საჭის გამაძლიერებლის ტუმბოს შეცვლა. მომსახურება უნდა გაწეულიყო 8 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა ავტომანქანაზე მომსახურების გაწევა დასრულდა 24.04.2017წ. (ვადაგადაცილება 26 დღე) (ტ.1, ს.ფ. 132,133; 134,135).

21. შემსყიდველის მიერ ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“, მიმწოდებელთან მიყვანილ იქნა 14.03.2017წ. მანქანას ესაჭიროებოდა წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა. მომსახურება უნდა გაწეულიყო 2 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა ავტომანქანაზე მომსახურების გაწევა დასრულდა 20 მარტს (ვადაგადაცილება 4 დღე) (ტ.1, ს.ფ. 129-130, 134-135).

22. მხარემ სადავოდ გახდა დეფიციტური ნაწილების გამო მომსახურების შეფერხება.

23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებ(ებ)ის 4.1. პუნქტის თანახმად მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ე.წ დეფექტური აქტების შედგენა, რომლითაც შემსყიდველისათვის ცნობილი უნდა გამხდარიყო რა ვადა დაჭირდებოდა თითოეულ ავტომობილზე სამუშაოს შესრულებას. არც ერთ საქმეში წარმოდგენილ დეფექტურ აქტში არ არის მითითებული ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად მომსახურების გაწევის ვადა. შესაბამისად, გაზიარებული იქნა შემსყიდველის პოზიცია მასზედ, რომ დეფიციტურ სათადარიგო ნაწილებზე სპეციალური მითითების გარეშე შემსყიდველი ვარაუდობდა, რომ დაფიქსირებული გასაწევი მომსახურების მიხედვით მიმწოდებელს სამუშაოს შესასრულებლად დასჭირდებოდა ხელშეკრულების 4.1.1-4.1.5 ქვეპუნქტით განსაზღვრული დროის მონაკვეთი. ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ საჭირო ნაწილები იყო დეფიციტური და სწორედ ამის გამო, შეფერხდა მომსახურება, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

24. სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის (03.05.2019წ. სხდომის ოქმი, 11:34:19- 11:34:31).

25. მიმოწოდებელს ხელშეკრულებ(ებ)ის 12.3. პუნქტის შესაბამისად არ მოუთხოვია დამატებითი ვადა მომსახურების გასაწევად, თუმცა, აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამის საჭიროება არ იყო, ვინაიდან ვადის დარღვევით ყველა ავტომანქანა შეკეთდა (03.05.2019წ. სხდომის ოქმი, 11:35:14-11:35:28).

26. ამდენად, დადგენილი იქნა, რომ მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულებული იყო ვადის დარღვევით.

27. შემსყიდველის 25.04.2017წ. წერილის თანახმად, მიმწოდებელს ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“ სახ. №HDH... შეკეთებისთვის განსაზღვრული ვადის 4 დღით ვადაგადაცილებისთვის ხელშეკრულების 12.3 „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო თითოეულ დღეზე 100 ლარის, ჯამში - 400 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 129-130). 400 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო მიმწოდებელს დაეკისრა გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაც, თუმცა, ამ ნაწილში, გადაწყვეტილება გასაჩივრებული არ იყო (იხ.: სააპელაციო მოთხოვნა, ტ.3, ს.ფ.4). ამდენად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სასამართლომ არ იმსჯელა აღნიშნული პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერებაზე.

28. შემსყიდველის 27.04.2017წ. წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ:

29. -მიმწოდებელს ავტომანქანა „შკოდა ოქტავიას“ სახ № RER-... შეკეთებისთვის განსაზღვრული ვადის 22 დღით ვადაგადაცილებისთვის ხელშეკრულების 12.3 „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო თითოეულ დღეზე 100 ლარის, ჯამში - 2200 ლარის ოდენობით.

30. -მიმწოდებელს ავტომანქანა „შკოდა ოქტავიას“ სახ № CCZ-... შეკეთებისთვის განსაზღვრული ვადის 6 დღით ვადაგადაცილებისთვის ხელშეკრულების 12.3 „ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო თითოეულ დღეზე 100 ლარის, ჯამში - 600 ლარის ოდენობით;

31. - მიმწოდებელს ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ სახ. № VWW ... შეკეთებისთვის განსაზღვრული ვადის 26 დღით ვადაგადაცილებისთვის ხელშეკრულების 12.3 „ბ“ ქვეპუნტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო თითოეულ დღეზე 100 ლარის, ჯამში - 2600 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 132,133).

32. 15.05.2017წ. წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ 24.01.2017წ. N6 და N7 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო შემსყიდველმა ხელშეკრულებების 12.3. „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყვიტა მიმწოდებელთან ხელშეკრულება და მიმწოდებელს დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით, რაც 24.01.2017წ. N6 ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენდა 22 500 ლარს, ხოლო N7 ხელშეკრულები შემთხვევაში, 10 000 ლარს. ამავე წერილში აღინიშნა, რომ მიმწოდებლის მიერ გადახდილი არ იყო დაკისრებული პირგასამტეხლო 400 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც ეცნობა 25.04.2017წ. წერილით (ტ.1, ს.ფ.134-136).

33. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებების 12.3. „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს კანონიერებაზე, რომლის ოდენობაც 24.01.2017წ. N6 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 22 500 ლარს, ხოლო N7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10 000 ლარს.

34. სააპელაციო სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 417-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების მე-12 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები. ხელშეკრულების თანახმად: თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 (სწორედ მე-4 მუხლი ადგენს მიწოდების ვადებს, რა საფუძვლითაც შეწყვიტა ხელშეკრულება შემსყიდველმა) და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით, ან ბ) ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების შემთხვევაში ან 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით. 12.4 პუნქტის თანახმად კი: თუკი წინამდებარე ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევს საერთო ღირებულების 5% და იგი ვერ განახორციელებს მომსახურების გაწევას, და ან/არ გამოასწორებს აღმოჩენილ ხარვეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველს უფლება აქვს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაჯარიმდება ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (ტ.1, ს.ფ. 21; 98- 99).

35. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებმა დეტალურად გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი. ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ასევე, 12.4 პუნქტი, რომლებიც შინაარსობრივად უკავშირდება ერთმანეთს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განმარტებულ უნდა იქნეს სისტემურად, რადგან ასახავს იმ ეტაპებს, რა ეტაპებიც უნდა გაიაროს შემსყიდველმა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების და პირგასამტეხლოს სახით ამა თუ იმ ოდენობის თანხის დარიცხვისას.

36. მიმწოდებლის მიერ მე-4 მუხლით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს ჰქონდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება, მაგრამ თუ, მისი ჯამური ოდენობა მიაღწევდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს და მიმწოდებელი ვერ განახორციელებდა მომსახურების გაწევას, და ან/არ გამოასწორებდა აღმოჩენილ ხარვეზს, ან/და მიმწოდებლის მიერ არ იქნებოდა შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველი იძენდა უფლებას მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაეჯარიმებინა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით.

37. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ შემსყიდველმა თავისი 25.04.2017წ. და 27.04.2017წ. წერილებით აცნობა მიმწოდებელს პირგასამტეხლოს დარიცხვის თაობაზე, კერძოდ, ხელშეკრულების 12.3 „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად 24.01.2017წ. გაფორმებულ N6 ხელშეკრულებასთან მიმართებაში დაერიცხა 2600 ლარი და 400 ლარი, ანუ, ჯამში 3000 ლარი, ხოლო N7 ხელშეკრულებასთან მიმართებაში - 2200 და 600 ლარი, ჯამში 2800 ლარი (იხ.: 25.04.2017წ. და 27.04.2017წ. წერილები, ტ.1, ს.ფ. 129,130; 132,133).

38. შესაბამისად, არცერთ შემთხვევაში, 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას არ მიუღწევია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ისათვის, რომელიც N7 ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენს 5000 ლარს (100 000-ის 5%), ხოლო N6 ხელშეკრულებისთვის - 12 500 ლარს (250 000-ის 5%). შესაბამისად, დადგენილი იქნა, რომ არ არსებობდა მიმწოდებლის მიმართ ხელშეკრულების 12.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის - საერთო თანხის 10%-ის ოდენობით მხარის დაჯარიმების ამოქმედების წინაპირობა.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შემსყიდველის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო მართლზომიერია მხოლოდ ყოველდღიური პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში. შესაბამისად, საფუძვლიანად იქნა მიჩნეული მიმწოდებლის სასარჩელო მოთხოვნა №6 ხელშეკრულების საფუძველზე პიგასამტეხლოს სახით 19 900 ლარის (22 500 – 2 600 = 19 900), ხოლო №7 ხელშეკრულების საფუძველზე 7200 ლარის (10 000 – 2 800 = 7 200) უკანონოდ ცნობის ნაწილში.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავდაპირველი მოპასუხის სარჩელი სააპელაციო სასამართლომ საფუძვლინად მიიჩნია №6 ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს 2600 ლარის, ხოლო №7 ხელშეკრულების საფუძველზე 2800 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.

41. მიმწოდებლის (აპელანტის) სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 24.01.2017წ. N6 და N7 ხელშეკრულებების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა.

42. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 629.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველი დავა წარმოიშვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან, რომელიც უკავშირდება იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ შემკვეთსა და მენარდეს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ ხელშეკრულების ვადაგადაცილების გამო, შემკვეთმა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და მენარდესთან მოშალა ხელშეკრულება, რის თაობაზეც წერილობით აცნობა მას (ტ.1, ს.ფ.134,135).

43. სსკ-ის 636-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესი სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება (იხ. სუსგ-ები: № 717-670-2017 26.04.2018წ.; № ას-697-663-2015, 15.12.2015წ; № ას- 901-851-2015, 05.02.2016წ).

44. ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

45. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით.

46. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას (სუსგ №697-663-2015, 15.12.2015წ.).

47. განსახილველ დავაში დადგენილი იქნა, რომ მენარდე ითხოვდა უკანონოდ ყოფილიყო ცნობილი დამკვეთის მიერ გამოვლენილი ნება მენარდესთან გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე. მაშინ, როდესაც შემკვეთს მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის გარეშეც აქვს ხელშეკრულების მოშლის უფლება. მოცემულ შემთხვევაში კი, უდავოდ დასტურდებოდა მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი, არ არსებობს ხელშეკრულების მოშლის თაობაზე შემკვეთის მიერ გამოვლენილი ნების უკანონოდ მიჩნევის წინაპირობა.

48. პალატამ აქვე ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ შემსყიდველი (შემკვეთი) მოცემულ საქმეში იყო სპეციალური ფუნქციის მქონე სუბიექტი - შსს პოლიციის დეპარტამენტი, რომლის ბალანსზე რიცხული მანქანების ექსპლუატაციაც ხდება ამ ორგანოს ფუნქციების აღსრულების მიზნით, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი იყო სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულება. სწორედ ამიტომ იყო ვადები ასე დეტალურად გაწერილი მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში და განსაზღვრული პრიორიტეტი შემსყიდველის ავტომანქანების რიგგარეშე დაუყოვნებლივ მომსახურების შესახებ.

49. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. პირველი კასატორი მოითხოვს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში. მეორე კასატორი მოითხოვს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდეს და მეორე კასატორის სარჩელი დაკმაყოფილდეს და პირველი კასატორის სარჩელს უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

50. პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

51. პირველი კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად მსჯელობს და დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ სწორედ ხელშეკრულების 12.3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იქნა გამოყენებული საჯარიმო სანქციები. ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად კი, მიიჩნევს 2017 წლის 25 და 27 აპრილის წერილებს. ხოლო ვინაიდან საჯარიმო სანქციების ოდენობას ხელშეკრულების 12.3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ მიუღწევია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ისათვის, სააპელაციო სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს 12.3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტას და პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის დაკისრებას. ამ საკითხთან დაკავშირებით, პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული N6 და N7 ხელშეკრულებები შეწყდა მოპასუხის 2017 წლის 15 მაისის წერილის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა N7 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების - ავტომანქანების შეკეთების ვადების დარღვევა, ხოლო N6 ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო არაერთი ვალდებულების დარღვევა, რაზეც წერილით ეცნობა კონტრაქტორ მხარეს, თუმცა მხარემ მაინც არ შეასრულა თავისი ვადებულებები, დაარღვია რა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

52. პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე და დაადგინა, რომ ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო არა 12.3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, არამედ 12.4 პუნქტის შესაბამისად. განმცხადებელმა 2017 წლის 25 აპრილის წერილით მოწინააღმდეგე მხარეს მართალია აცნობა ვალდებულების დარღვევის შესახებ და გამოიყენა ვადის დარღვევისათვის საჯარიმო სანქცია, თუმცა აღნიშნული ჯარიმა არ ყოფილა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ხოლო 2017 წლის 27 აპრილის დოკუმენტი არ წარმოადგენს გაგზავნილ წერილს მხარესთან, შესაბამისად, აღნიშნული წერილის საფუძველზე არ მომხდარა მოწინააღმდეგის დაჯარიმება. ეს წერილი წარმოადგენს შიდაორგანიზაციული კომუნიკაციის ობიექტს - პატაკს და არა ხელშეკრულების მეორე მხარისთვის გაგზავნილ წერილს, შესაბამისად, თავდაპირველ მოსარჩელეს ხელშეკრულების პირდაპირ შეწყვეტა ეცნობა არა 27 აპრილის, არამედ 2017 წლის 15 მაისის წერილით.

53. პირველი კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ არასწორად შეფასდა მტკიცებულებები, კერძოდ, 2017 წლის 25 წლის აპრილის წერილი არ გამხდარა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, 2017 წლის 27 აპრილის წერილი კი სასამართლომ განმარტა, როგორც კონტრაქტორ მხარესთან გაგზავნილი წერილი, რაც არასწორია.

54. საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლომ ასევე დაადგინა თავდაპირველი მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, რომლებიც არ გულისხმობენ მხოლოდ მომსახურების ვადების დარღვევას. ვადების დარღვევა დადასტურდა არაერთი მტკიცებულებით, თუმცა, მათი სწორად გამოკვლევა არ მომხდარა.

55. საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ამიტომ განმცხადებლის მხრიდან 2017 წლის 25 მარტის წერილსა და 27 აპრილის პატაკზე დამატებითი განმარტებები აღარ წარმოუდგენია. აღნიშნული დოკუმენტების მნიშვნელობების სწორად დადგენა არსებითად მნიშველოვანია მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების შეწყვეტის შედეგად მოვალის მიმართ შესაბამისი სანქციის დაკისრების განსაზღვრისთვის, ვინაიდან სწორედ ამ ორ დოკუმენტში მოცემული საჯარიმო სანქციების გამოყენების შედეგად უნდა დადგინდეს ხელშეკრულების შეწყვეტისა და შესაბამისი პუნქტით სანქციის დაკისრების სისწორე.

56. მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

57. მეორე კასატორის პრეტენზია შეეხება სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სახეზე იყო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ სახელწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამივე ავტომანქანის შეკეთება დასრულებული იყო და ხელშეკრულების შეწყვეტა უკვე დასრულებულ შესრულებაზე იყო დაუშვებელი. სააპელაციო პალატა თავის გადაწყვეტილებას ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში ასაბუთებს შემსყიდველის უპირობო უფლებით სსკ-ის 636-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო პალატა მითითებულ სამართლებრივ ნორმას (636-ე მუხლი) არასწორადაც განმარტავს, რადგანაც 636-ე მუხლის შესაბამისად კანონმდებელმა ნათლად და გარკვევით მიუთითა, რომ უპირობო შეწყვეტა უნდა განხორციელდეს სამუშაოს დასრულებამდე. განსახილველ შემთხვევაში კი, ადგილი აქვს 3 სატრანსპორტო საშუალების შეკეთების დასრულებას შეკეთების ვადის დარღვევით და არა შეკეთების საერთოდ განუხორციელებლობას და სააპელაციო პალატაც დადგენილად მიიჩნევს სამუშაოს შესრულებას, ანუ შეკვეთის დასრულებას, მაგრამ იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ამ ავტომანქანების შეკეთება დასრულებულია ხელშეკრულების შეწყვეტამდე დიდი ხნით ადრე. შესაბამისად, სახეზე არ არის სსკ-ის 636-ე მუხლით შემკვეთისათვის მინიჭებული უფლებამოსილება. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მოცემული მსჯელობისას ერთმანეთისაგან არ მიჯნავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 2 განსხვავებულ კატეგორიას - ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 პუნქტით დაწესებულ პირგასამტეხლოს ერთმენეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევებისათვის, რაც მოცემულია მითითებული პუნქტის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებში (სწორედ ამის დასტურია ის, რომ სასამართლომ გამოიყენა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, რომლის გამოყენება მოსარჩელე, შიდა ქართლის დეპარტამენტს არც ჰქონია, გარდა ერთი შემთხვევისა, 400 ლარზე, რაც ჩვენმა მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში სცნო და გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა მითითებულ ნაწილში). ამასთან, ნებისმიერი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ის, რომ ავტომობილის მომსახურების ხარვეზი არ უნდა იყოს გამოსწორებული, ანუ სახეზე უნდა იყოს დაუსრულებელი მომსახურება. ასეთი მოსაზრება პირდაპირ გამომდინარეობს ხელშეკრულების მითითებული მუხლის დისპოზიციიდან, რასაც ადასტურებს „და" კავშირის შემდეგ არსებული დათქმა „და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა ....“.

58. მეორე კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების შეწყვეტას უნდა გააჩნდეს კონკრეტული წინაპირობა - ხარვეზი არ უნდა იყოს აღმოფხვრილი. რაც შეეხება დაკვეთის შესრულების ვადის დარღვევას, ამ მოტივით ხელშეკრულების უპირობო შეწყვეტა არ არის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული და „ა" ქვეპუნქტისაგან განსხვავებით, „ბ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის - ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. სასამართლო წინააღმდეგობრივია პირგასამტეხლოს საკითხში - ეთანხმება აპელანტს, შპს „მ–ს", რომ არ არსებობდა სახელშეკრულებო თანხის 10%-ის დარიცხვის და მოთხოვნის საფუძველი და ამ ნაწილში აკმაყოფილებს მოთხოვნას სახელშეკრულებო თანხის 10% ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათვისუფლების შესახებ და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს მხოლოდ ვადაგადაცილების დღეების მიხედვით, მაშინ როდესაც პირგასამტეხლო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დარიცხული იყო სახელშეკრულებო თანხის 10%-ის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო. ამდენად, შედეგს თვლის უკანონოდ და დარიცხვის საფუძველს საერთოდ გვერდს უვლის მაშინ როდესაც, ხელშეკრულების თანახმად, 10% პირგასამტეხლოს დარიცხვა სწორედ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, უნდა განხორციელებულიყო. ამასთან, სააპელაციო პალატამ თავდაპირველილ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო იანგარიშა ვადაგადაცილების დღეების მიხედვით, მაშინ როდესაც ასეთი პრინციპი გათვალისწინებულია ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე მხარე კი მოითხოვდა პირდასამტეხლოს დაკისრებას იმავე პუნქტის „ა" ქვეპუნქტის თანახმად - ხელშეკრულების შეწყვეტის გამო სახელშეკრულებო თანხის 10%-ის ოდენობით. ამდენად, სახეზე არ გვაქვს სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეცია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე და ეს არც ყოფილა ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი. შესაბამისად, სახეზეა სსსკ-ის 248-ე მუხლის მოცემულობა, როდესაც სასამართლოს არა აქვს უფლება მხარეს მიაკუთვნოს ის, რაც არ ჰქონია მოთხოვნილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

59. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

60. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა პირველ რიგში, იმსჯელებს მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე, რომლებიც შეეხება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყევტასა და პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერებას.

61. აღსანიშნავია, რომ მეორე კასატორის პრეტენზია შეეხება სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სახეზე იყო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ სახელწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამივე ავტომანქანის შეკეთება დასრულებული იყო და ხელშეკრულების შეწყვეტა უკვე დასრულებულ შესრულებაზე იყო დაუშვებელი.

62. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მეორე კასატორმა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ვერ წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია. წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის 5.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია: გაუწიოს შემსყიდველს ხელშეკრულების დანართი N1, N2 და N3-ით გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადებში.... 24.01.2017წ. გაფორმებულ N7 ხელშეკრულებასთან მიმართებაში შემსყიდველმა მიუთითა შემდეგ დარღვევებზე: - შემსყიდველის მიერ ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ მიმწოდებელთან მიყვანილ იქნა 20.03.2017წ. მანქანას ესაჭიროებოდა ყუმბარა გარე, ყუმბარა შიდა და წინა სტაბილიზატორის კრონშტეინის შეცვლა. მომსახურება უნდა გაწეულიყო 8 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა მომსახურების გაწევა დასრულდა 20 აპრილს (ვადაგადაცილება 22 დღე). - შემსყიდველის მიერ ავტომანქანა „შკოდა ოქტავია“ მიმწოდებელთან მიყვანილ იქნა 10.04.2017წ.. მანქანას ესაჭიროებოდა მორგვი უკანა, რედუქტორის ჩობალი, ბაბინა (სანთელზე) და გიტარის მილისა პატარის შეცვლა. მომსახურება უნდა გაწეულიყო 8 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა ავტომანქანაზე მომსახურების გაწევა დასრულდა 25.04.2017წ. (ვადაგადაცილება 6 დღე) (ტ.1, ს.ფ. 132,133; 134,135). 24.01.2017წ. გაფორმებულ N6 ხელშეკრულებასთან მიმართებაში შემსყიდველმა მიუთითა შემდეგ დარღვევებზე: -შემსყიდველის მიერ ავტომანქანა „ტოიოტა ჰაილუქსი“ მიმწოდებელთან მიყვანილ იქნა 20.03.2017წ. მანქანას ესაჭიროებოდა გიდრო ქურო (მუფტა) (კომპ) და საჭის გამაძლიერებლის ტუმბოს შეცვლა. მომსახურება უნდა გაწეულიყო 8 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა ავტომანქანაზე მომსახურების გაწევა დასრულდა 24.04.2017წ. (ვადაგადაცილება 26 დღე) (ტ.1, ს.ფ. 132,133; 134,135). -შემსყიდველის მიერ ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“, მიმწოდებელთან მიყვანილ იქნა 14.03.2017წ. მანქანას ესაჭიროებოდა წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა. მომსახურება უნდა გაწეულიყო 2 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა ავტომანქანაზე მომსახურების გაწევა დასრულდა 20 მარტს (ვადაგადაცილება 4 დღე) (ტ.1, ს.ფ. 129-130, 134-135).

63. დადგენილია, რომ მხარემ სადავოდ გახდა დეფიციტური ნაწილების გამო მომსახურების შეფერხება, რაც არ იქნა გაზიარებული გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულებ(ებ)ის 4.1. პუნქტის თანახმად მიმწოდებლის ვალდებულებას წარმოადგენდა ე.წ დეფექტური აქტების შედგენა, რომლითაც შემსყიდველისათვის ცნობილი უნდა გამხდარიყო რა ვადა დაჭირდებოდა თითოეულ ავტომობილზე სამუშაოს შესრულებას. არც ერთ საქმეში წარმოდგენილ დეფექტურ აქტში არ არის მითითებული ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად მომსახურების გაწევის ვადა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დეფიციტურ სათადარიგო ნაწილებზე სპეციალური მითითების გარეშე, შემსყიდველი ვარაუდობდა, რომ დაფიქსირებული გასაწევი მომსახურების მიხედვით მიმწოდებელს სამუშაოს შესასრულებლად დასჭირდებოდა ხელშეკრულების 4.1.1-4.1.5 ქვეპუნქტით განსაზღვრული დროის მონაკვეთი. ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მასზედ, რომ საჭირო ნაწილები იყო დეფიციტური და სწორედ ამის გამო, შეფერხდა მომსახურება, საქმეში წარმოდგენილი არ არის. უფრო მეტიც, დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა აპელანტის წარმომადგენელმა, რომ ასეთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის (03.05.2019წ. სხდომის ოქმი, 11:34:19- 11:34:31). ამასთან, დადგენილია ისიც, რომ მიმოწოდებელს ხელშეკრულებ(ებ)ის 12.3. პუნქტის შესაბამისად არ მოუთხოვია დამატებითი ვადა მომსახურების გასაწევად. აქვე საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს თავდაპირველი მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე მიცემული ახსნა-განმარტების შინაარსს, რომ ამის საჭიროება არ იყო, ვინაიდან ვადის დარღვევით ყველა ავტომანქანა შეკეთდა (03.05.2019წ. სხდომის ოქმი, 11:35:14-11:35:28). ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ თავდაპირველი მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულდა ვადის დარღვევით და ამ გარემოებას საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნია, რამეთუ ამ საკითხთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

64. დადგენილია ისიც, რომ 15.05.2017წ. წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ 24.01.2017წ. N6 და N7 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, შემსყიდველმა ხელშეკრულებების 12.3 „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყვიტა მიმწოდებელთან ხელშეკრულება, რასაც სადავოდ ხდის მეორე კასატორი და მიაჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონს. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთთან სწორედ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. ნარდობის ხელშეკრულების დადების მომენტიდან კი, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას. თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ესა თუ ის გარემოება უფლებას აძლევს ხელშეკრულების მხარეს, მოშალოს ხელშეკრულება. გარეგნულად ხელშეკრულების მოშლა ძალიან ემსგავსება ხელშეკრულებიდან გასვლას. ორივე შემთხვევაში, ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტა, მაგრამ მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებაც: მართალია, ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა), მიუხედავად მისი საფუძვლისა, იწვევს სახელშეკრულებო უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტას, მაგრამ სამომავლოდ, და არ იწვევს მხარეების მიერ უკვე მიღებულის უკან დაბრუნებას ანუ მხარეთა აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში.

65. ნარდობის ხელშეკრულების მოშლის (შეწყვეტის) ჩვეულებრივ საფუძველს წარმოადგენს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. მაგრამ შესაძლებელია სამუშაოს დასრულებამდე ნარდობის ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა) როგორც შემკვეთის, ისე მენარდის მოთხოვნით.

66. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 636-ე მუხლზე, რომლის მიხედვით „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“. მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით (შეადრ: სუსგ №ას-1549-2019, 14 თებერვალი, 2020 წელი). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებლი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები.

67. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, სამართლებრივად შეეფასებინა მენარდის მოთხოვნა, შემკვეთს აკრძალვოდა ხელშეშლა, რათა მენარდეს დაესრულებინა სამუშაოები. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამოქალაქო კოდექსით კანონმდებელი, ნარდობის მომწესრიგებელ ნორმათა შორის, მენარდის ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს არ განსაზღვრავს. სსკ-ის 636-ე მუხლის შინაარსს ეწინააღმდეგება შემკვეთის იძულება, დავალდებულება, არ შეუშალოს ხელი მენარდეს სამუშაოების დასრულებაში. მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება, ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლით, კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს ( იხ. სუსგ №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015).

68. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე კასატორი უთითებს ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობების დაუცველობაზეც, კერძოდ, მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 405-ე მუხლის მოთხოვნები (დამატებითი ვადის დაწესების შესახებ და ა.შ) (იხ., მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლები).

69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარეგნულად ხელშეკრულების მოშლა ძალიან ემსგავსება ხელშეკრულებიდან გასვლას. ორივე შემთხვევაში ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტა, მაგრამ მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებაც: მართალია, ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა), მიუხედავად მისი საფუძვლისა, იწვევს სახელშეკრულებო უფლებებისა და მოვალეობების შეწყვეტას, მაგრამ სამომავლოდ, და არ იწვევს მხარეების მიერ უკვე მიღებულის უკან დაბრუნებას ანუ მხარეთა აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში. ხელშეკრულებათა ტექსტებში ზოგჯერ „გასვლისა“ და „მოშლის“ ცნებები აღრეულია. ხელშეკრულების მონაწილენი არასწორად იყენებენ ამ ტერმინებს. მოსამართლის ამოცანაა ხელშეკრულებათა განმარტების შედეგად დაადგინოს ხელშეკრულების მოშლასთან (შეწყვეტასთან) თუ ხელშეკრულებიდან გასვლასთან (უარი ხელშეკრულებაზე) გვაქვს საქმე. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებათან მიმართებაში.

70. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საკასაციო პალატა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ერთობლივად იმსჯელებს ორივე საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე. პირველი კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად მსჯელობს და დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ სწორედ ხელშეკრულების 12.3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იქნა გამოყენებული საჯარიმო სანქციები. ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად კი, მიიჩნევს 2017 წლის 25 და 27 აპრილის წერილებს. ხოლო ვინაიდან საჯარიმო სანქციების ოდენობას ხელშეკრულების 12.3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ მიუღწევია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ისათვის, სააპელაციო სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს 12.3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტას და პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის დაკისრებას.

71. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ 24.01.2017წ. N6 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეადგენს 22 500 ლარს, ხოლო N7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 10 000 ლარს. ხელშეკრულების მე-12 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები. ხელშეკრულების თანახმად: თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 (სწორედ მე-4 მუხლი ადგენს მიწოდების ვადებს, რა საფუძვლითაც შეწყვიტა ხელშეკრულება შემსყიდველმა) და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით, ან ბ) ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების შემთხვევაში ან 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით. 12.4 პუნქტის თანახმად კი: თუკი წინამდებარე ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევს საერთო ღირებულების 5% და იგი ვერ განახორციელებს მომსახურების გაწევას, და ან/არ გამოასწორებს აღმოჩენილ ხარვეზს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველს უფლება აქვს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაჯარიმდება ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გათვალისწინებით გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (ტ.1, ს.ფ. 21; 98- 99).

72. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებმა დეტალურად გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი, კერძოდ, ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, ასევე, 12.4 პუნქტი, ასახავს იმ ეტაპებს, რა ეტაპებიც უნდა გაიაროს შემსყიდველმა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების და პირგასამტეხლოს სახით ამა თუ იმ ოდენობის თანხის დარიცხვისას. მიმწოდებლის მიერ მე-4 მუხლით განსაზღვრული ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს ჰქონდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება, მაგრამ თუ, მისი ჯამური ოდენობა მიაღწევდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს და მიმწოდებელი ვერ განახორციელებდა მომსახურების გაწევას, და ან/არ გამოასწორებდა აღმოჩენილ ხარვეზს, ან/და მიმწოდებლის მიერ არ იქნებოდა შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველი იძენდა უფლებას მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაეჯარიმებინა ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამარტლომ დადგენილად მიიჩნია, რომ N6 ხელშეკრულებიდან და N7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებელს ჯამში დაეკისრა 2800 ლარი (იხ.: 25.04.2017წ. და 27.04.2017წ. წერილები, ტ.1, ს.ფ. 129,130; 132,133). შესაბამისად, არცერთ შემთხვევაში, 12.3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას არ მიუღწევია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ისათვის, რომელიც N7 ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენს 5000 ლარს (100 000-ის 5%), ხოლო N6 ხელშეკრულებისთვის - 12 500 ლარს (250 000-ის 5%). ა

73. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არ არსებობდა მიმწოდებლის მიმართ ხელშეკრულების 12.3 ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის - საერთო თანხის 10%-ის ოდენობით მხარის დაჯარიმების ამოქმედების წინაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შემსყიდველის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო მართლზომიერია მხოლოდ ყოველდღიური პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში. შესაბამისად, საფუძვლიანად იქნა მიჩნეული მიმწოდებლის სასარჩელო მოთხოვნა №6 ხელშეკრულების საფუძველზე პიგასამტეხლოს სახით 19 900 ლარის (22 500 – 2 600 = 19 900), ხოლო №7 ხელშეკრულების საფუძველზე 7200 ლარის (10 000 – 2 800 = 7 200) უკანონოდ ცნობის ნაწილში.

74. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში, არც მეორე კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია შემდეგ გარემოებათა გამო:

75. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ№ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

76. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

77. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

78. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).

79. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

80. პირგასამტეხლოს მოთხოვნა კრედიტორს ყოველთვის გააჩნია მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის მას ასევე არ ეკისრება მიყნებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება (BGH NJW 1975, ....). §340 მუხლის მეორე აბზაცის მეორე წინადადება არ ბოჭავს კრედიტორს მხოლოდ შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოთხვონაში, არამედ მას შეუძლია პირგსამატეხლოს აღმატებული შესრულების ინტერესის დაკმაყოფილება მოითხოვოს(§340 Abs 2 Satz 2). თუმცა, პირგასამტეხლოს ოდენობაზე აღმატებული ზიანის არსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის კრედიტორმა უნდა დაამტკიცოს. (შდრ. Lindacher, in Sorgel BGB Kommentar, Band 5/3, 13.Aufl. §340, Rn 11.) პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართულნი, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (შდრ. Rieble in Staudinger BGB Kommentar, Buch 2, Neubearbeitung, 2009, §340, Rn 71.)).

81. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განასხვავებენ პირგასამტეხლოს ისეთ სახეებს, როგორიცაა საურავი და ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთი სახეა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს ამ სახეს იცნობს. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 419 I მუხლის დანაწესი, რომლის თანახმადაც, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როვა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმამ კრედიტორის იმ ინტერესის ანაზღაურება უნდა მოახდინოს, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. შესაბამისად, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში ჯარიმის განსაზღვრა ხდება იმ ოდენობით, რათა მან ვალდებულების დარღვევის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა მოახდინოს. კრედიტორი არ არის შეზღუდული ჯარიმის არჩევასთან ერთად ასევე ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ამის შესაძლებლობას იძლევა სსკ-ის 419 II მუხლი. ვინაიდან ჯარიმის სახით დადგენილი პირგასამტეხლო ემსახურება იმ ინტერესის ანაზღაურებას, რომელიც კრედიტორს ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების მიმართ გააჩნდა, დაუშვებელია ჯარიმისა და მთლიანი ზიანის კუმულაცია. კრედიტორს არ შეუძლია მოვალეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის „საზღაური“ ორმაგი ოდენობით გადაახდევინოს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ კრედიტორმა ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანი განიცადა, მაშინ მოთხოვნილი ჯარიმა, ზიანის მინიმალურ ოდენობად ჩაითვლება. სწორედ აქ ვლინდება პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია, რომელიც განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებას გულისხმობს. პირგასამტეხლოს თანხის განსაზღვრისას კრედიტორმა იცის, რომ მას ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით ზიანის მინიმალური ოდენობა გარანტირებულად, ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების გარეშე, მარტივად და სწრაფად აუნაზღაურდება. ჯარიმის თანხის ზევით არსებული ზიანის ანაზღაურება კი, კრედიტორს ზიანის საერთო წესების დაცვით შეუძლია მოითხოვოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ კრედიტორმა დაამტკიცოს იმ განცდილი ზიანის ოდენობა, რომელიც პირგასამტეხლოთი მთლიანად ვერ დაიფარა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საურავი, უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს შეასრულოს ვალდებულება. ჯარიმისაგან განსხვავებით, საურავის დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი ფუნქცია უფრო ნათლად ჩანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი განაგრძობს დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც. საურავი ირიბი იძულებითი ხასიათის ღონისძიებაა: ვალდებულმა პირმა იცის, რაც უფრო მეტი დრო გავა და რაც უფრო გვიან შეასრულებს ვალდებულებას, მით მძიმე იქნება მისი ფინანსური ტვირთი.

82. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს“. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპების დაცვის მიზნით, არსებობს ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობაც. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ხასიათის ნორმებით. იმპერატიული ხასიათის ნორმები ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ა) მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება სამართლებრივ მართლწესრიგს: ბ) იმპერატიული ნორმები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს და უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების დადება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგჯერ თავად ნორმის მიზნიდან გამომდინარე დგინდება მისი იმპერატიული ხასიათი. ნორმისათვის გვერდის ავლას, სწორედ ამ ნორმის მიზანი შეიძლება კრძალავდეს. მაგალითის სახით გამოდგება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აუცილებელია მხარეები გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია. (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გარდა ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ, გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო მას შეუსაბამოდ მაღლად არ მიაჩნია (შდრ. Gottwald, in MüKo BGB, §343, Rn.16, Rieble in Staudinger BGB Komm, §343, Rn.68). შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებისათვის მოვალის შუამდგომლობა აუცილებელია, რადგან არ დაირღვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული დისპოზოციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო პალატა არარელევანტურობის გამო, ვერ გაიზიარებს მეორე კასატორის მიერ წინამდებარე განჩინების პ.58-ში მითითებულ საკასაციო პრეტენზიას სააპელაციო პალატის მიერ სსკ-ის 420-ე და სსსკ-ის 248-ე მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან როგორც წინამდებარე განჩინების პპ.72-73-შია მითითებული, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 19900 ლარისა და 7200 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნები არა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, არამედ მხარეთა შორის დადებული #6 და #7 ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარე.

83. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

84. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, რადგან მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელთა ნაწილი ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

85. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

86. სსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს 300 ლარიდან 210 ლარი, ხოლო პირველი კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. შპს „მ–ს“ (ს.კ.....) უკან დაუბრუნდეს 26.11.2019-ში საგადასახადო დავალება N1574756803 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე