საქმე №ას-1063-2019 30 ოქტომბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „მ...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „თ.ბ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2018 წლის 2 ნოემბერს სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში - ბანკი, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა შპს „მ.რ-ის“, რ. მ–ის, ვ. მ–ის, ს. მ–ასა და ე. მ–ის (შემდეგში - მოპასუხეები) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეთათვის თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხეების მიმართ სარჩელი თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა;
- შპს-ს გადასახდელად დაეკისრა (N3904840-8831434 ხელშეკრულებიდან გამომდინარე) 114,822.54 ლარის გადახდა (კრედიტის ძირი თანხა - 97,828.84 ლარი, დარიცხული პროცენტი - 7,210.82 ლარი, პირგასამტეხლო - 9,782.88 ლარი) ბანკის სასარგებლოდ;
- შპს-ს გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირ თანხაზე - 97,828.84 ლარზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი წლიური 13%, 2018 წლის 11 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, რაც ყოველთვიურად შეადგენს 1,059.81 ლარს, ხოლო ჯამურად - 12,717.74 ლარს;
- შპს-ს გადასახდელად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სესხის ძირ თანხაზე 97,828.84 ლარზე დარიცხული 0,1%, ყოველდღიურად 2018 წლის 11 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში, რაც ყოველდღიურად შეადგენს 97.83 ლარს, ხოლო ჯამურად - 8,804.59 ლარს;
- ვალდებულებისა და გაწეული ხარჯების სრულად დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული გარდაბნის რაიონის, სოფელ ყარაჯალარში მდებარე (ს/კ ......) 1,300.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად;
- მოსარჩელეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარი ეთქვა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს-მ და რ. მ–მა (შემდეგში - აპელანტები) და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით, კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, აპელანტთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 365-ე, 369-ე, 2591, 373-ე და 374-ე მუხლებით.
5. აღნიშნული განჩინება შპს-მ (შემდეგში - კერძო საჩივრის ავტორი) კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.
5.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მან არაერთხელ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, ეს უკანასკნელი ჩააბარეს გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ჩაბარებიდან კი - ვადის დაცვით წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
8. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში არაერთხელ მოითხოვა გადაწყვეტილება, თუმცა - უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დარჩენილიყო.
9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
11. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.
13. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).
14. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ 31.01.2019 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა შპს-ს დირექტორი. შესაბამისად, მხარისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, თუმცა მას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტთა წარმომადგენელმა რ.ა–მა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ - 2019 წლის 15 აპრილს მიმართა. შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 1.02.2019 წელს დაიწყო და 4.03.2019 წელს ამოიწურა (30-ე დღე იყო 2 მარტი - შაბათი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე იყო 2019 წლის 4 მარტი, როგორც გასაჩივრების ვადის დამთავრების მომდევნო პირველი სამუშაო დღე (სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილი).
15. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2019 წლის 22 აპრილს წარადგინა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
16. რაც შეეხება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების შეუძლებლობის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება, დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტმა თავისი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლო და ამისათვის მხოლოდ განმარტება საკმარისი არ არის.
17. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.რ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი