Facebook Twitter

საქმე №ას-1071-2019 30 ოქტომბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს „გ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რ.ქ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 14 დეკემბერს შპს „გ–მა“(შემდეგში: შპს, მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და რ.ქ–ას (შემდეგში - მოპასუხე, პარტნიორი) მიმართ და მოითხოვა:

1.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 28.10.2016წ. (#B16147966/4) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

1.2. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 29.11.2016წ. (#B16147966/8) გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (N316095) ბათილად ცნობა;

1.3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის მოსარჩელის რეგისტრირებულ მონაცემებში 2016 წლის 27 ოქტომბრის (NB16147966) განცხადებით მოთხოვნილი ცვლილებების რეგისტრაციის დავალება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით - წინამდებარე საქმეზე (2ბ/1199-18) შეჩერდა წარმოება სამოქალაქო საქმეზე #2/34703-17 (მოსარჩელე - შპს „გ–ი“, მოპასუხე - რ.ქ–ა) - შემაჯამებელი გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

4.1. პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლო ასევე იხილავს შპს-ს სარჩელს მოპასუხის მიმართ 2016 წლის 24 ოქტომბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების კანონიერად ცნობის თაობაზე. კრებამ გადაწყვეტილება მიიღო მოპასუხის წილის დაკარგვის, მისი საზოგადოებიდან გარიცხვისა და საზოგადოების პარტნიორებს შორის მოპასუხის წილის გადანაწილების შესახებ. მოცემული დავის ფარგლებში კი, მოსარჩელე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანას მოითხოვს სწორედ 24.10.2016წ. პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

4.2. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ წინამდებარე დავის განხილვისათვის არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა მოპასუხის მიმართ აღძრულ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და დადგენილ გარემოებებს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ჯერ უნდა გაირკვეს საზოგადოებასა და პარტნიორს შორის ურთიერთობა, პარტნიორთან სამართლებრივ-ეკონომიკური კავშირის შეწყვეტის უკიდურესი ღონისძიების - გარიცხვის წინაპირობების არსებობა-არარსებობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს შესაბამისი ცვლილებების მოთხოვნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი განცხადების ბედი.

5. აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ საჩივარი წარადგინა შემდეგი დასაბუთებით:

5.1. შეჩერებული საქმის განხილვა შესაძლებელი იყო სხვა მიმდინარე საქმის განხილვამდე, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ორივე საქმე პარტნიორის გარიცხვას უკავშირდება, განსხვავებულია დავის საგნები.

5.2. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ იმ ოქმის საფუძველზე, რომლის კანონიერებაც არაა ცნობილი, არ შეიძლება სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაცია. ოქმის კანონიერება მხოლოდ მაშინ შეიძლება შემოწმდეს, თუ დაინტერესებული პირი მას სადავოდ გახდის.

5.3 სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ უკანონო ოქმს, შესაძლოა, მოჰყვეს იურიდიული შედეგი (მათ შორის - სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაცია), თუ ოქმი ბათილად არ იქნება ცნობილი (ისევე, როგორც ქვედა ინსტანციის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს იურიდიული შედეგი, თუ ის არ გასაჩივრდება და შევა კანონიერ ძალაში).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაჩერა წინამდებარე საქმეზე წარმოება სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) საფუძველზე.

8. მითითებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება, მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება (შდრ. სუსგ. Nას-551-519-2012, 11.06.2012წ.).

9. საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის გასარკვევად ყურადღება უნდა მიექცეს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებს:

- შპს-ს პარტნიორთა კრების 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმებით განსაზღვრული შენატანის დადგენილ ვადაში შეუტანლობის გამო, მოპასუხემ დაკარგა კუთვნილი 35% წილი საზოგადოების კაპიტალში, გაირიცხა საზოგადოების პარტნიორთა შემადგენლობიდან და მისი წილი საზოგადოების დანარჩენი პარტნიორებზე გადანაწილდა;

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 28.10.2016 წლის გადაწყვეტილებით - ამ ცვლილებების რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი არ იყო პარტნიორთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელეს განესაზღვრა დამატებითი ვადა პარტნიორის/წილის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი და დამოწმებული უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების წარმოდგენისათვის (ასეთი შეიძლება ყოფილიყო პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება). ამ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საჩივარი წარადგინა, რომლის დაკმაყოფილებაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.11.2016 წლის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.11.2016 წლის გადაწყვეტილებით განცხადებაზე წარმოება შეწყდა;

- მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამ გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობასა და შპს-ს პარტნიორთა კრების 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მიღებული ცვლილებების რეგისტრაციას. ხოლო მეორე სარჩელით, რომელიც წარდგენილია ამავე მოპასუხის წინააღმდეგ, შპს პარტნიორთა კრების ამავე გადაწყვეტილების (24.10.2016 წლის) კანონიერად ცნობას მოითხოვს.

10. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა ასკვნის, რომ პარტნიორის გარიცხვის მართლზომიერების შემოწმება პირდაპირ და უშუალო გავლენას იქონიებს წინამდებარე საქმეზე იმგვარად, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ცვლილებების განხორციელება თუ მასზე უარის თქმა, სწორედ ამ საქმის შედეგზე იქნება დამოკიდებული, რამდენადაც პარტნიორის გარიცხვის მოთხოვნით საზოგადოების მიერ აღძრული სარჩელის საფუძველზე დადგინდება გარიცხვის უფლების წარმოშობის წინაპირობები და, შესაბამისად, პარტნიორთა კრების 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერება. ეს კი, უდავოდ მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის სწორად გამოყენებაზე. კანონის აღნიშნული დანაწესის წინააღმდეგ საფუძვლიანად ვერ იქნება მიჩნეული კერძო საჩივრის ავტორის შედავება იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორივე საქმე პარტნიორის გარიცხვას უკავშირდება, განსხვავებულია დავის საგნები. მხარის ეს არგუმენტი მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლიანობას, რამდენადაც ნორმატიული დათქმა - საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, არ გულისხმობს დავის საგნის იგივეობას. როგორც უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობა. სამართლებრივი ურთიერთობა კი, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმისწარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს საქმის განხილვა (შდრ. სუსგ №ას-212-197-2014, 9.10.2014 წელი; №ას-1062-1002-2015, 27.04.2016 წელი).

11. უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის ის არგუმენტიც, რომ უკანონო პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება შესაძლოა, სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდეს, ვიდრე ის ბათილად არ იქნება ცნობილი.

ოქმის კანონიერება კი, მხოლოდ მაშინ მოწმდება, თუ დაინტერესებული პირი მას სადავოდ გახდის.

პალატა მიუთითებს, რომ ხსენებულ სამოქალაქო საქმეზე მხარეები სწორედაც რომ 24.10.2016 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების კანონიერებაზე დავობენ. რაც შეეხება ამ დავის გადაწყვეტამდე ცვლილებების რეგისტრაციას, მოსარჩელის მიერ 24.10.2016 წლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების კანონიერად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის საბოლოო მიზანი სწორედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ცვლილებების შპს-ს რეგისტრირებულ მონაცემებში რეგისტრაციაა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ პარტნიორთა გადაწყვეტილება უნდა დარეგისტრირდეს და შემდეგ გაირკვეს მისი კანონიერება, დაუსაბუთებელია.

12. ამასთან, საკასაციო პალატა შენიშნავს, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სსსკ-ის თანახმად, საქმეზე წარმოება შეიძლება, დასრულდეს როგორც არსებითი გადაწყვეტილების გამოტანით, ისე გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე - სარჩელზე წარმოების შეწყვეტით, სარჩელის განუხლველად დატოვებით. ასეთ შემთხვევაში, საქმეზე წარმოება განახლდება შესაბამისი განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ (სსსკ-ის 279-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება;

3. შპს „გ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;

4. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი