№ას-1147-2018 30 სექტემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) – ი.კ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე) – გ.შ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2011 წლის 20 ივლისს ი.კ–მა (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ხელწერილი დაწერა, რომლითაც მან დაადასტურა 2011 წლის 20 ივლისს გ.შ–გან (შემდეგში - მოსარჩელე) 4 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი. ხელწერილში მითითებულია, რომ მოპასუხე სესხს დააბრუნდებდა 2011 წლის სექტემბრის ბოლომდე. დოკუმენტს ხელს აწერენ მოსარჩელე და მოპასუხე.
2. 2014 წლის 17 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ სესხის - 4 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ მას მოსარჩელისაგან 4 000 აშშ დოლარი არ უსესხებია. ხელწერილი მისი შედგენილია, თუმცა, რეალურად, მისმა საზღვარგარეთ მყოფმა ნათესავმა პ.ჭ–ძემ (შემდეგში - მყიდველი) გამოთქვა სურვილი, შეესყიდა შპს ,,ე-ის“ (შემდეგში - შპს ან საწარმო) წილი საწარმოს პარტნიორებისგან, რისთვისაც მოპასუხეს გამოუგზავნა 16 000 აშშ დოლარი. 2011 წლის 20 ივლისს მოპასუხემ, როგორც მყიდველის წარმომადგენელმა, დადო სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები შპს-ს პარტნიორებთან - მოსარჩელესთან, ა.ბ–თან და ა.ხ–თან. რაკი წილების ნასყიდობის ფასი 20 000 აშშ დოლარი იყო, მოპასუხე პარტნიორებს შეუთანხმდა, რომ 3.16 % წილის საფასურს თავად გადაუხდიდა. სწორედ ამ მიზნით შედგა ხელწერილი სესხის თაობაზე.
4. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა და 2011 წლის 20 ივლისის ხელწერილის, როგორც თვალთმაქცური გარიგების, ბათილობა მოითხოვა. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ხელშეკრულება კანონმდებლობის სრული დაცვით დადებული გარიგება იყო.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 4 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.
6. გადაწყვეტილების გაუქმების, სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ სადავო გარიგებით - 2011 წლის 20 ივლისის ვალის აღიარების ხელშეკრულებით დაიფარა მხარეთა შორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით ეს გარემოება არ დასტურდებდა. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ნამდვილად ჰქონდა დავალიანება მოსარჩელის მიმართ და სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრება საფუძვლიანი იყო.
8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:
8.1. მოსარჩელემ აღიარა, რომ მოპასუხეს სესხი ხელწერილში მითითებულ დროს - 2011 წლის 20 ივლისს არ გადასცემია. ამასთან, მან ვერ მიუთთა სესხის გადაცემის სხვა დროსა და გარემოებებზე. საყურადღებოა, რომ მოსარჩელეს კასატორისათვის, თითქოსდა, სარგებლის გარეშე გადაცემული თანხის დაბრუნება არ შეუხსენებია 3 წლის მანძილზე. ასეთ ვითარებაში სასამართლოს სესხის გადაცემის უდავო და საკმარის მტკიცებულებად აღარ უნდა მიეჩნია მხოლოდ საეჭვო და ყალბი ფაქტის შემცველი ე.წ. სესხის ხელშეკრულება.
8.2. კასატორის მტკიცებით, 2011 წლის დასაწყისისათვის არც შპს-ს პარტნიორებს ერთად და არც ცალკე მოსარჩელეს არ შეეძლო არათუ 4 000 აშშ დოლარის სესხად გაცემა, არამედ გაცილებით ნაკლები საკუთარი დავალიანების დაფარვაც კი, რის გამოც კომპანიაში მათი წილები შემცირდა.
8.3. აღსანიშნავია, სასამართლომ მოწმედ არ გამოიძახა ნოტარიუსი, რომელსაც შეეძლო იმის დადასტურება, რომ, სინამდვილეში, პარტნიორებისათვის გადასახდელი თანხა მოსარჩელის დავალიანებად გაფორმდა. სხვა შემთხვევაში როგორ აიხსნება, რომ სამართლებრივად თითქოსდა ერთმანეთთან დაუკავშირებელი 4 ხელშეკრულება ერთ დღეს დაიდო. ამასთან, სადავო ხელშეკრულების მონაწილე ორივე პირი ადასტურებს, რომ მითითებულ დროს თანხა არ გადაცემულა, სხვა დროს კი - მხარეებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
12. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება. ამასთან, საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
14. განსახილველ შემთხვევაში, სესხის დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლიდან გამომდინარეობს. მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ. სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016). როგორც საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე მიუთითა, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ. სუსგ №ას-398-371-2017, 06.06. 2017 წელი).
15. მოცემულ შემთხვევაში, 20.07.2011 წლის ხელწერილში პირდაპირაა მითითებული მსესხებლის მიერ კონკრეტული თანხის - 4000 აშშ დოლარის მიღების თაობაზე. საკასაციო სასამართლო ამ ხელწერილს დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 4000 აშშ დოლარი. შესაბამისად, საკასაციო პალატის აზრით, ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს სსკ-ის 623-ე მუხლი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს, მართებულად დაეკისრა 4 000 დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
16. დაუსაბუთებელია კასატორის მსჯელობა, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა თანხა მოპასუხისათვის ესესხებინა. მოპასუხე საკასაციო საჩივარში თავადვე მიუთითებს აღნიშნული ფაქტის გამომრიცხველ არგუმენტზე, კერძოდ, საკასაციო საჩივრის მიხედვით, შპს-ს პარტნიორებისათვის გადაცემული 16 000 აშშ დოლარიდან 5 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს გადაეცა 2011 წლის 20 ივლისს. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა მოსარჩელეს გადაცემული 5000 აშშ დოლარიდან იმავე დღეს 4000 აშშ დოლარი მოპასუხისათვის ესესხებინა?
17. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შესაგებელსა და შეგებებულ სარჩელში მითითებულ გარემოებებს დამტკიცებულად მივიჩნევთ, ისინი ვერ აქარწყლებს სასარჩელო მოთხოვნას. კასატორის განმარტებით, შპს-ს პარტნიორების - ე.წ. „ჯგუფის“ კუთვნილი წილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა მისმა საზღვარგარეთ მყოფმა ნათესავმა და გამოუგზავნა 16 000 აშშ დოლარი. რაკი წილების ნასყიდობის ფასი 20 000 აშშ დოლარი იყო, „ჯგუფს“ შეუთანხმდა, რომ 3.16 % წილის საფასურს თავად გადაუხდიდა. სწორედ ამ მიზნით შედგა ხელწერილი სესხის თაობაზე.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების შემთხვევაში კი, გამოდის, რომ მოპასუხემ, კრედიტორების თანხმობით, გადაიკისრა თავისი ნათესავის - მყიდველის ვალი 4 000 აშშ დოლარი, რომელიც ამ უკანასკნელს 3.16 % წილის სანაცვლოდ უნდა გადაეხადა კრედიტორებისათვის. სსკ-ის 203.1 (მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს) მუხლის მიხედვით, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მოპასუხემ დაიკავა მოვალის ადგილი და კრედიტორებს უნდა გადაუხადოს 4000 აშშ დოლარი. კასატორისვე განმარტებით, ივარაუდება, რომ კრედიტორებმა მოსარჩელეს დაუთმეს 4 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, თუ კასატორის მოსაზრებას გავიზიარებდით, მოსარჩელის მოთხოვნა მაინც საფუძვლიანი იქნებოდა და ის დაეფუძნებოდა სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 203-ე მუხლებს. რაც შეეხება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე მითითებას, ამის წინაპირობები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, რამდენადაც კრედიტორი (წილის გამსხვისებელი) უარს არ ამბობს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, იგი ითხოვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას - თანხის გადაცემას (პირველადი მოთხოვნა). მეორადი მოთხოვნის დაყენება მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ კრედიტორი კანონით დადგენილი წესით უარს იტყოდა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და მოშლიდა მას.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს სათანადოდ ვერ შეედავა და მისი, როგორც შესაგებელი, ისე - შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებელია.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-1142-1088-2014, 23 იანვარი, 2015 წელი).
20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.კ–ს (....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (50 ლარი, საგადახდო დავალება 8465, გადახდის თარიღი 09.07.2018; 439.68 ლარი, გადახდის ქვითარი 1, გადახდის თარიღი 07.08.2019) 70% – 342.78 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი