Facebook Twitter

საქმე №ას-1273-2019 30 ოქტომბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) – მ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმისწარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 25 იანვარს მ.მ–ძემ (შემდეგში - განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და მეუღლის - ი.ჯ–ას მხარდამჭერის მიმღებ პირად ცნობა მოითხოვა.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით დროებითი მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ - განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის განჩინება და განცხადება განსახილველად დაუბრუნდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განჩინებით პირის მხარდამჭერად ცნობის შესახებ განცხადებაზე შეწყდა საქმისწარმოება ფსიქოსოციალური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნის გამო.

6. აღნიშნული განჩინება განმცხადებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განჩინება.

8. 2019 წლის 1 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა კერძო საჩივრის ავტორმა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

9.1. სასამართლოს მითითებით, განმცხადებელი მოითხოვდა 2019 წლის 23 მაისის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მოიპოვა დოკუმენტი (23.07.19წ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა), რომელიც წარდგენილი რომ ყოფილიყო ექსპერტებისათვის სხვაგვარ დასკვნას გამოიტანდნენ, რაც სასამართლოს განჩინების შედეგზე იმოქმედებდა.

9.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მტკიცებულება, რომელზედაც განმცხადებელი მიუთითებდა, მიმართული იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ (რომ განმცხადებლის მეუღლეს არ სჭირდება მხარდამჭერი, რომ იგი არაა ქმედუუნარო). პალატის მითითებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო სწორედ ზუგდიდის რაიონული სასამართლოა, რამდენადაც საქმეზე განჩინება მიიღო ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა.

10. აღნიშნული განჩინება განმცხადებელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

10.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინებით არასწორად დადგინდა, რომ მას განცხადებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოსათვის უნდა მიემართა. სწორედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეუქმებინა განჩინება, რომელსაც უკანონო ექსპერტიზა ედო საფუძვლად. ისე, როგორც 2018 წლის 20 მარტის განჩინებით გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის მხარდამჭერის დანიშვნაზე უარის შესახებ განჩინება და განცხადება განსახილველად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

10.2. გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორადაა მითითებული, რომ ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ განცხადებაში კვლავ ექსპერტიზის დასკვნის არასრულყოფილებაზე იყო მითითებული, მაშინ, როდესაც განმცხადებელმა წარადგინა ახალი მტკიცებულება, რომ მისი მეუღლე 2019 წლიდან არის სრულიად უსინათლო. შესაბამისად, ვლინდება ექსპერტიზის დასკვნის უსაფუძვლობა, რაც განჩინების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების საფუძველია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. სსსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. გასაჩივრებული განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა დაარღვია განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი განსჯადობის მოთხოვნები.

13. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმის- წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა, შესაძლოა, მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდეს.

14. სსსკ-ის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

15. საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისას განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა დამოკიდებულია აღნიშნული განცხადებით წარდგენილ მოთხოვნასა და მის საფუძვლებზე. ზოგადად, ამ ტიპის განცხადება მიზნად ისახავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის გაუქმებას ან ბათილად ცნობას კანონმდებლობით ზუსტად დადგენილი წანამძღვრების არსებობის შემთხვევაში. განმცხადებლის მიერ საქმისწარმოების განახლების საფუძვლად ისეთ გარემოებაზე მითითებისას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, მხარემ განცხადება უნდა შეიტანოს სწორედ იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მისი უცვლელად დატოვების შესახებ ზემდგომი სასამართლოს განჩინება. შესაბამისად, ასეთ დროს განცხადება შეიტანება სასამართლო გადაწყვეტილების და არა განჩინების მიმღებ სასამართლო ინსტანციაში, ვინაიდან საქმის არსებითად გადაწყვეტისას და მხარის სასარჩელო განცხადების მიმართ სამართლებრივი შედეგის დადგენისას სასამართლოს დასკვნები ჩამოყალიბდება სწორედ გადაწყვეტილების სახით. რაც შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც განმცხადებლის პრეტენზია მიმართულია სასამართლოს მიერ მიღებული იმგვარი საპროცესო აქტის მიმართ, რომლითაც საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, ამ შემთხვევაში განცხადების განმხილველ განსჯად სასამართლოდ ჩაითვლება უშუალოდ იმ აქტის მიმღები ინსტანცია, რომელსაც განცხადებით დასახელებული არგუმენტები ეხება. ასეთ დროს განცხადებით გასაჩივრდება არა სასამართლოს მიერ არსებითად მიღებული გადაწყვეტილება, არამედ განჩინება, რომელიც, სსსკ-ის 284-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს სასამართლოს დადგენილებას, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ზემოთ მითითებული სსსკ-ის 424-ე მუხლის მეორე ნაწილზე და დამატებით განმარტავს, რომ ზემდგომი სასამართლო განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია, მხოლოდ მაშინ, როდესაც მან თავისივე გადაწყვეტილებით (განჩინებით) შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) და სწორედ ზემდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის შესახებ და განმარტავს, რომ მოსარჩელემ საქმისწარმოების განახლების თაობაზე უნდა მიმართოს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. განმცხადებელი მიუთითებს ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნის უსაფუძვლობაზე, რომელიც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას დაედო საფუძვლად. განმცხადებლის მითითებით, მან წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის უსწორობას ადასტურებს. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების განახლების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები მიმართულია პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების წინააღმდეგ. როგორც აღინიშნა, ზემდგომი სასამართლო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ, თუ მან თავისი გადაწყვეტილებით შეცვალა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შედეგი. განსახილველ შემთხვევაში კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ქვემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გაუუქმებია და, ამავდროულად, საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება პრეტენზიას შეიცავს სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით დადგენილი გარემოებების მიმართ (შდრ. სუსგ. Nას-824-ბ-3-2013, 19.03.2013 წელი; Nა-1583-ა-10-2014, 06.06.2014 წელი; Nას-1324-1262-2014, 06.02.2015 წელი; №ას-1650-2018, 31.01.2019 წელი; №ას-849-2019, 5.07.2019 წელი). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადება, როგორც განსჯადობის წესის დარღვევით შეტანილი, მართებულად დატოვა განუხილველად სსსკ-ის 186.1 „ე“ მუხლის საფუძველზე.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტო განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი