Facebook Twitter

№ას-1498-2018 30 ოქტომბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ე.ზ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ვ.ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.ზ–ის (შემდეგში: მოსარგებლე, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) მამა - ნ.ზ–ი 1952 წლიდან, მესაკუთრესთან - ა.პ–თან შეთანხმების საფუძველზე, ფლობდა თბილისში, ....... (ს/კ ....) მდებარე საცხოვრებელ სადგომს. მოსარჩელე, რომელიც მამის უფლებამონაცვლეა, 1976 წლის 9 ივლისიდან რეგისტრირებული იყო ზემოთ მითითებულ მისამართზე, ფლობდა საცხოვრებელ სადგომს, ერთსართულიან კაპიტალურ სახლს (98.76კვ.მ), ავტოფარეხსა და ეზოში განთავსებულ ორ დამხმარე ნაგებობას (8.48 კვ.მ და 1.4 კვ.მ) და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს.

2. მოგვიანებით, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მესაკუთრის შვილიშვილის - ვ.ბ–ის (შემდეგში - მესაკუთრე, მოპასუხე) საკუთრებად აღირიცხა.

3. მოპასუხემ სადავო მისამართზე მდებარე 1210.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული მოსარჩელის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სადგომითა და დამხმარე ნაგებობებით, 2010 წლის 8 მაისს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა შპს „თ.ხ–ს“, რომლის სანაცვლოდაც, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების შემდგომ, მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა 165.96 კვ.მ ფართი (ს/კ .....).

4. 2014 წლის 28 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის გადაცემული 165.96 კვ.მ-დან 108.65 კვ.მ-ს საკუთრებაში გადაცემა, შესაბამისი კომპენსაციის, საბაზრო ღირებულების (170 000 ლარი) 25%-ის გადახდის სანაცვლოდ. მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში აღწერილ ფაქტებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ იგი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის შესაბამისად სადავო საცხოვრებელი სახლის მოსარგებლე იყო. მოსარჩელე სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როდესაც მოპასუხემ დრო იხელთა და საცხოვრებელი სადგომი გაასხვისა.

5. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ნამდვილად ცხოვრობდა სადავო ბინაში, თუმცა ის იყო დამქირავებელი და არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, მოსარჩელე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის შესაბამისად სადგომის მოსარგებლე რომ იყო.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.1. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მიუთითა, რომ კანონის სუბიექტების მიერ ამავე კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზაცია დამოკიდებულია საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის ფაქტზე, რაც თავისთავად გულისხმობს თავად საცხოვრებელი სადგომის, როგორც მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის საგნის, არსებობის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში კი, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული უმთავრესი წინაპირობა - მოსარგებლის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი, რომელიც, ზემოხსენებული კანონის შესაბამისად, შესაბამისი კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მოსარგებლეს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

10. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის (სუსგ ას-266-250-2011) საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

დადგენილია, რომ მოსარჩელე სარგებლობდა 108.64 კვ.მ ფართით, რომელიც გაყიდულ მიწაზე მდებარეობდა. დანგრეული შენობის ნაცვლად, აშენდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, საიდანაც მოპასუხეს გადაეცა 400 კვ.მ და 600 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოსარჩელე ცნობილ უნდა იქნეს მოპასუხისათვის გადაცემული ფართის ნაწილის მესაკუთრედ. საყურადღებოა, რომ მოპასუხემ, მოსარჩელისათვის ფართის საკუთრებაში გადაცემის გართულების მიზნით, სადავო ფართი შვილს აჩუქა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, შესაბამისად ის დაუშვებელია:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტები) სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორს აღნიშნულის წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

18. მოცემულ შემთხვევაში, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტის (მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი) წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე და კასატორი საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე იყო ზემოხსენებული კანონის შესაბამისად. თუმცა, ვიდრე ურთიერთობა სპეციალური კანონის შესაბამისად მოწესრიგდებოდა, საცხოვრებელი სადგომი, რომლის მოსარგებლეც მოსარჩელე იყო, გასხვისდა, დაინგრა და მის ნაცვლად აშენდა ახალი შენობა - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. აქედან გამომდინარე, აღარ არსებობს საცხოვრებელი სადგომი, რომელსაც მოსარჩელე ფაქტობრივად ფლობდა ზემოხსენებული კანონის საფუძველზე. ეს გარემოება გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან მოსარგებლისათვის საკუთრების გადაცემა, შესაძლებელია სწორედ იმ სადგომზე, რომელსაც „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ფლობს.

20. არ არის გასაზიარებელი კასატორის არც ის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებულად გადაწყვიტა. კასატორის მიერ მითითებულ სამოქალაქო საქმე (სუსგ ას-266-250-2011, 8 ივლისი, 2011 წელი) და წინამდებარე საქმე არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან. პალატა იზიარებს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას, რომ კანონით განსაზღვრული მოსარგებლის უფლება ვრცელდება როგორც საცხოვრებელ სადგომზე, ისე - იმ მიწის ნაკვეთზე, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც საცხოვრებელ სადგომი არის, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, წინა საქმისაგან განსხვავებით, არც მიწის ნაკვეთია თავისუფალი და არც მოსარჩელე მოითხოვს მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას.

21. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარგებლის სარჩელის უარყოფა, ამ უკანასკნელს არ უკარგავს უფლებას ახალი სარჩელით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მესაკუთრისაგან.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების, საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, პირისათვის საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის სტატუსის მინიჭების თაობაზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა, რომლისგანაც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება.

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე