Facebook Twitter

საქმე №ა-5936-შ-181-2019 21 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ზურაბ ძლიერიშვილი

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჯ.ჩ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის, კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 21.03.2019 წ. გადაწყვეტილება #2-723/19

დავის საგანი – ბინის სარგებლობის უფლების შეწყვეტა, გამოსახლება, სარეგისტრაციო აღრიცხვიდან მოხსნა, კომუნალური გადასახადებისა და სასამართლო ხარჯების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის, კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 21.03.2019 წ. #2-723/19 გადაწყვეტილებით მოსარჩელის - ჯ.ჩ–ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხის - ნ.ბ–ას სარგებლობის უფლება შეწყდა უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. მოსკოვში, ….., კორპუსი #1, ბინა 16, სარეგისტრაციო აღრიცხვიდან მოხსნით; ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხარჯების - 36 835 რუბლისა და 24 კაპიკის, ასევე სასამართლო ხარჯების ჯამურად 56 600 რუბლისა და 06 კაპიკის გადახდა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. ჯ.ჩ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის, კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 21.03.2019წ. #2-723/19 გადაწყვეტილების აღუსრულებელ ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისთვის.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო აქტის შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 21.05.2019 წელს, ხოლო მისი აღსრულება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განხორციელდა ნაწილობრივ, მხოლოდ 18 154,69 რუბლის ოდენობით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 09.01.2020წ. განჩინებით ჯ.ჩ–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის, კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 21.03.2019წ. #2-723/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

5. განჩინება და შუამდგომლობა თანდართული მასალებით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ნ.ბ–ას შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართზე. საფოსტო შეტყობინების თანახმად, გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა ადრესატის გარდაცვალების გამო.

17.01.2020წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა გარდაცვალების მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე, 19.09.1954წ. დაბადებული ნ.ბ–ა გარდაიცვალა 17.08.2019წ..

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის, კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 21.03.2019 წ. #2-723/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში "კონვენცია").

კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით.

8. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 09.01.2020წ. განჩინებით ჯ.ჩ–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის, კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 21.03.2019წ. #2-723/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. 17.01.2020წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა გარდაცვალების მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე, 19.09.1954წ. დაბადებული ნ.ბ–ა გარდაიცვალა 17.08.2019წ.. ანუ იგი გარდაცვლილი იყო შუამდგომლობის წარმოდგენის მომენტში.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება სხვა ქვეყანაში ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომელთა მიმართებით ეს სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს. საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოვებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობილია, რომ რომელიმე ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოქმედებდეს სხვა ქვეყანაში, თუ ამ უკანასკნელმა ის სცნო. მოახდინოს თუ არა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, ამასთან გადაწყვეტილების ცნობის დროს, ის არ უნდა შეიჭრას უცხო ქვეყნის სასამართლო კომპეტენციაში (იხ.:სუსგ საქმეზე №ა-2135-შ-46-2015 , 26 ოქტომბერი, 2015 წელი).

10. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას (იხ.: სუსგ საქმეზე Nა-3490-შ-89-2017 , 21 დეკემბერი, 2017 წელი). ამდენად, აღნიშნულ პროცესში საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია სწორედ შუამდგომლობის ცნობითა და აღსრულებით შემოიფარგლება და უფლებამონაცვლის დადგენის საკითხი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

გათვალისწინებით იმისა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას საკასაციო პალატა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის გადასინჯვას ვერ განახორციელებს, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მხარის უფლებამონაცვლეობის საფუძვლების არსებობა-არარსებობის დადგენა, ისევე როგორც, მაგალითად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება და დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, წინააღმდეგობაში მოდის revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპთან, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების ან/და დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით revision au fond-ის პრინციპის დარღვევის თაობაზე იხ.: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში,სადისერტაციო ნაშრომი, თბ., 2009 წელი, გვ.138-140).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უფლებამონაცვლეობის საფუძვლების არსებობა-არარსებობის საკითხის კვლევა იმავე ქვეყნის სასამართლოს განხილვის საგანია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებასაც ითხოვს შუამდგომლობის ავტორი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უფლებამონაცვლეობის დადგენა, ასეთი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, უკავშირდება მემკვიდრეობის მიღების საკითხებს, რა დროსაც შესაძლოა წარმოიშვას ისეთი პრობლემები, როგორიცაა ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი განსხვავება მემკვიდრეობის სამართლის სფეროში (დ. ხვედელიანი, კანონით მემკვიდრეობის კოლიზიური საკითხები საერთაშორისო კერძო სამართალში, პროფესორ ზურაბ ახვლედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული, თბილისი, 2004, გვ.197).

შესაბამისად, პალატა არ მსჯელობს საკითხზე, დასაშვებია თუ არა სრულად ან ნაწილობრივ უფლებამონაცვლეობა მატერიალურსამართლებრივ ურთიერთობებში, რაზეც მიღებულია 21.03.2019წ. გადაწყვეტილება.

თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ უფლებამონაცვლეობის საფუძველი არსებობს, მან უფლებამონაცვლის დადგენის მოთხოვნით უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს (რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის, კუზმინსკის რაიონული სასამართლოს). ხოლო თუ უშუალოდ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო დაადგენს უფლებამონაცვლეობას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, შუამდგომლობის ავტორს შეეძლება მოითხოვოს უფლებამონაცვლის მიმართ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებს არც შუამდგომლობით მომართვის საფუძველი.

11. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ამავე კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელში უნდა აღინიშნოს მოპასუხის სახელი, გვარი.

12. ვინაიდან შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მოწინააღმდეგე მხარე გარდაცვლილია და გადაწყვეტილების გამომტან უცხო ქვეყნის სასამართლოს არა აქვს დადგენილი უფლებამონაცვლეობა (ასეთი დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის), ჯ.ჩ–ას განცხადება სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტის საფუძველზე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 186-ე, 178-ე, 187-ე, 275-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.ჩ–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის, კუზმინსკის რაიონული სასამართლოს 21.03.2019წ. #2-723/19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

ნინო ბაქაქური