საქმე №ა-4193-შ-119-2019 5 მარტი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობამ:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი –გ.რ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ა–ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, მინდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლის სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს N32F63/16 დადგენილება
დავის საგანი – მეურვეობის უფლების გადაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, მინდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლის სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს N32F63/16 დადგენილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება), ჯ.ა–ს (შემდეგში: მოპასუხე ან არასრულწლოვნის მამა) ჩამოერთვა შვილზე - მ.ა–ზე (დაბადებული 08.08.2006 წ.) მეურვეობა და არასრულწლოვანზე ერთპიროვნული მეურვეობა გადაეცა, დედას, გ.რ–ს (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი ან არასრულწლოვნის დედა).
2. არასრულწლოვნის დედამ, წარმომადგენლის მეშვეობით, 2019 წლის 11 ნოემბერს, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული 2018 წლის 12 იანვრიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით არასრულწლოვნის დედის შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ არასრულწლოვნის დედის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
4. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით უდავოდაა დადგენილი, რომ არასრულწლოვანზე ერთპიროვნული მეურვეობა გადაეცა ბავშვის დედას.
5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მამამ თანხმობა გამოთქვა არასრულწლოვანზე ერთპიროვნული მეურვეობის უფლების დედისათვის გადაცემის შესახებ.
6. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა (ორჯერ ფოსტის მეშვეობით), ასევე, გამოყენებული იქნა სასამართლოს დავალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული საუბნო სამსახურის მეშვეობით მოპასუხისათვის გზავნილის (განჩინების) ჩაბარების შესახებ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება დაევალა, თუმცა, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის მოადგილის განმარტებით, მეზობლებმა აღნიშნეს, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით მოპასუხეს საჯარო შეტყობინების გზით ეცნობა უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის თაობაზე და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის /შემდეგში: სპეციალური კანონი/ 71.3-ე მუხლი).
9. აღნიშნული შეტყობინება უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის 21 იანვარს განთავსდა, მხარისათვის ჩაბარებულად კი მისი საჯაროდ გავრცელებიდან 7 დღის შემდეგ ითვლება. მოპასუხეს მის წინააღმდეგ წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ გამოუთქვამს.
10. გადაწყვეტილების გამოტანისას უცხო ქვეყნის სასამართლო დაეყრდნო ეროვნული სამოქალაქო კანონის §1671 პირველი ნაწილი, მეორე წინადადება #1-ით.
11. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მეურვე საქართველოს მოქალაქეა. სპეციალური კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს“. ამდენად, სპეციალური კანონის წინაპირობების არსებობა დადასტურებულია.
13. ამ განჩინების მე-11 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არის საქმეში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.რ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, მინდენის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო სამართლის სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს N32F63/16 დადგენილება, რომლითაც ჯ.ა–ს ჩამოერთვა შვილზე - მ.ა–ზე (დაბადებული 08.08.2006 წ.) მეურვეობა და არასრულწლოვანზე ერთპიროვნული მეურვეობა გადაეცა, დედას, გ.რ–ს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე