საქმე №ას-611-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე.მ–ი, ე.ჯ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ა–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის, სადავო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ფასის მიხედვით, განსაზღვრა
დავის საგანი – სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ი.ა–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი ე.მ–ისა (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი) და ე.ჯ–ძის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) მიმართ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 2014 წლის 10 დეკემბერს პირველ და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი ქონების მთლიანი ოდენობის ½ ნაწილში; უძრავი ქონების, მდებარე: თელავი, ......, ს/კ ......., ½ ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელის სახელზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ ჯამში 4 024 ლარი, (1 024 ლარს + 3 000 ლარი), მოსარჩელის სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, საააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებაში სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე არ უმსჯელია, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 261-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დამატებითი გადაწყვეტილება გამოიტანა. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 53.1 მუხლსა და 46-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია, მისი სააპელაციო საჩივარი კი დაკმაყოფილდა, რის გამოც კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა გადახდეთ 1 024 ლარი. ამავდროულად, ვინაიდან გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეთა შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო სახლის ½ ნაწილის მესაკუთრედ, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 3 000 ლარი, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
5. სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა მისი გაუქმებისა და სახელმწიფო ბაჟის, სადავო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ფასის მიხედვით, განსაზღვრის მოთხოვნით.
6. კასატორთა განმარტებით, ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს იმ თანხით, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელის მოთხოვნაა დაყენებული. კასატორებმა სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე, 178-ე, 38-ე, 39.1 მუხლებზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ განსახილველ შეემთხვევაში სარჩელის ფასი რაიონულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით განსაზღვრულია 30 000 ლარით, ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში - 900 ლარით და 70 162 ლარით, თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში - 2 104 ლარი. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ხელშეკრულება ½ ნაწილში და აპელანტი სადავო ქონების ½ ნაწილში ცნობილ იქნა მესაკუთრედ. სადავო ხელშეკრულების საგანი ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ შეფასებულია 30 000 ლარად, შესაბამისად ამ ხელშეკრულების ½ ნაწილის ბათილობის შემთხვევაში დავის საგნის ღირებულებაა 15 000 ლარი. ამასთან, სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, აპელანტი ხდება იგივე ღირებულების ქონების მესაკუთრე. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი გადახდილ უნდა იქნეს დავის საგნის ღირებულების, შესაბამისად 3%-ით და 4 %-ით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის დამატებით გადაწყვეტილებაზე, წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კასატორების საკასაციო საჩივარი, დამატებითი გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე, დასაშვებად იქნა ცნობილი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის თანახმად სასამართლო ხარჯების საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხზე არ უმსჯელია, რის გამოც მან მართებულად მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება, იმავე დღესვე (სსსკ-ის 261-ე მუხლის მეორე ნაწილი). კასატორთა პრეტენზია შეეხება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ მათ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, იმაზე მეტი სახელმწიფო ბაჟის გადახდა დააკისრა, ვიდრე კანონით ევალებოდათ.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის, 2014 წლის 10 დეკემბერს, გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და თელავში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობას. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ½ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი და მოსარჩელე აღირიცხა სადავო სახლის ½ ნაწილის მესაკუთრედ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია (სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი). სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია, მისი სარჩელი კი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელის დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. მოსარჩელე თელავში, ..... მდებარე უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობას ითხოვდა. მოსარჩელის მოთხოვნა სადავო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა იყო, რაც თავისი არსით მიკუთვნებითი მოთხოვნაა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა კი ამ მოთხოვნის წინაპირობაა და არა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა (იხ. სუსგ-ები: # ას-.33-33-2018, 02.08.2019წ; #ას-497-2019, 05.07.2019წ.) საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომლის თანახმადაც აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება 140 233 ლარია (ტ. 1, ს. ფ. 26-28). მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ, შესაბამისად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დავის საგნის ღირებულება 140 233 ლარის ½ ნაწილი - 70 116.5 ლარია. ამ თანხის 3 % - 2 103.5 ლარი, ხოლო - 4 % 2 804.6 ლარია, ჯამში - 4 908.1 ლარი (სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟი, სსსკ-ის 39-ე მუხლი).
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უფრო ნაკლები ბაჟის გადახდა დაეკისრათ ვიდრე კანონით ევალებოდათ, თუმცა საპროცესო სამართალში მოქმედი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხარეთა საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის, პრინციპის თანახმად საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ დამატებით გადაწყვეტილებას კასატორთა საუარესოდ ვერ შეცვლის.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უარს ეტყვის მოპასუხეებს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად უცვლელად დარჩება გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილება.
17. კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 55.2-ე მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.მ–ის და ე.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 12 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე