საქმე №ას-1021-2019 20 დეკემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "უ–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან სამინისტრო. მოსარჩელის უფლებამონაცვლეს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმოადგენს; იხ. ტ.1, ს.ფ. 282-284) ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის მიზნით, რომლის ფარგლებშიც შპს „უ–ისგან“ (შემდეგში: მოპასუხე, მენარდე ან შპს) 36-ე (მარტვილის №1 საჯარო სკოლაზე), მე-7 (გურჯაანის №2 საჯარო სკოლაზე) და მე-14 (ყვარლის №2 საჯარო სკოლაზე) ლოტებზე სატენდერო წინადადებები მიიღო. აღნიშნულის საფუძველზე, 2006 წლის 17 მაისს, მხარეებს შორის №05-39/3, №05-40/3 და №05-41/3 შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა. სამინისტრომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „იაკობ გოგებაშვილი - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის მიზნით, რომლის ფარგლებშიც შპს-გან მე-8 (გორის №8, №9, №10, №11, №12 საჯარო სკოლებზე) და მე-7 (ქ. გორის №1, №2, №4, №5, №6 საჯარო სკოლებზე) ლოტებზე სატენდერო წინადადებები მიიღო. აღნიშნულის საფუძველზე, 2006 წლის 25 მაისს, მხარეებს შორის №05-64/3 და №05-65/3 შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა (ტ.1, ს.ფ. 21-30, 31-40, 41-50, 51-60, 61-70).
2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით სარემონტო სამუშაოების განხორციელების ვადა სამი თვით განისაზღვრა, რომელიც მოგვიანებით მხარეთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, №05-64/3 და №05-65/3 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების ვადა - 2007 წლის 15 იანვრამდე, ხოლო №05-39/3, №05-40/3 და №05-41/3 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულების ვადა 2006 წლის 2 ოქტომბრამდე გაგრძელდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, სამუშაოების შესრულების დადასტურების მიზნით მხარეებს შორის სამუშაოს დასრულების აქტები 2006 წლის 13-14 ნოემბერსა და 2007 წლის 15 იანვარს გაფორმდა. სამუშაოს დასრულების აქტებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ფორმა №2 ერთვოდა (ტ. 1, ს.ფ. 21-70, 123-133, 74-122).
3. შემკვეთის მიერ ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში შპს ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალით შეესრულებინა. მოსარჩელემ მოპასუხეს მომსახურების გაწევის მიზნით საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, უსასყიდლოდ 20 216,23 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა გადასცა, საიდანაც შპს-მ 2007-2008 წლებში ჯამში 993.55 ლარის ღირებულების მასალა დააბრუნა (ტ.1, ს.ფ. 71-73).
4. შპს-სა და სამინისტროს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო საუშაოები მოპასუხემ სრულად შეასრულა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო შესრულება და მენარდეს შეთანხმებული საზღაური გადაუხადა (ტ.1, ს.ფ. 74-122).
5. მენარდე საწარმოს მოთხოვნის საფუძველზე შპს „ბ.ა–მა“ მიერ მხარეთა შორის 2006-2007 წლებში, ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში, მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოებთან და მათ შორის მასალების მოძრაობის შესახებ აუდიტორული შემოწმება ჩაატარა. შპს „ბ.ა–ის“ 2018 წლის 26 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხემ სამინისტროდან სამუშაოების შესასრულებლად სამშენებლო მასალები მიიღო, რაც 2006 წლის 10 სექტემბრის მიღება-ჩაბარების №62 აქტით დასტურდება, მათ მთლიან ღირებულებას 20 216,23 ლარი შეადგენდა. აღნიშნული მასალებიდან შპს-ამ სამშენებლო საქმიანობაში 19 033,47 ლარის მასალები გამოიყენა, რაც დასტურდება მიღებული მასალების ხარჯვის ტექნიკური აქტის მიხედვით, ხოლო 2007 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების №62ა და 2008 წლის 6 აგვისტოს მიღება-ჩაბარების №62ბ აქტების თანახმად მენარდემ შემკვეთს გაუხარჯავი მასალები, მთლიანი ღირებულებით 993.55 ლარი, უკან დაუბრუნა. მითითებული აუდიტორული დასკვნით, სამინისტროსათვის დაუბრუნებელი სამშენებლო მასალების ღირებულება 189.21 ლარია (ტ.1, ს.ფ. 315-321).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1. მოსარჩელემ 2016 წლის 6 დეკემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ თანხის - 13 724,63 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
6.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და განმარტა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა, თუმცა სამინისტროს მიერ გაცემული სამშენებლო მასალები სრულად არ აითვისა. აუთვისებელი სამშენებლო მასალის საერთო ღირებულება კი 13 724.63 ლარს შეადგენდა.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით შემკვეთის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
8.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 129-ე, 130-ე, 144-ე, 317-ე 361-ე, 629-ე, 646-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
9. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმულია.
10.3. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოსაზრება, რომ სადავო ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე უნდა დარეგულირებულიყო, არ გაიზიარა. მოცემულ შემთხვევაში, მენარდეს სამშენებლო მასალები კონკრეტული ვალდებულების (სკოლების რეაბილიტაციისთვის) შესასრულებლად გადაეცა, მან კი ნაკისრი ვალდებულება დროულად და ჯეროვნად შეასრულა, აქედან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს უბრუნდებოდა და სწორედ მას უნდა ემტკიცებინა, თუ რაში გამოიხატა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება. წარდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ სამშენებლო მასალა არა „ვითომ-კრედიტორს“ არამედ, ნამდვილი ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების მხარეს გადაეცა, ასევე დადგენილი იყო, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა და შემკვეთმა მიიღო დროული და ჯეროვანი შესრულება.
10.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც შედგენილია სამინისტროში დასაქმებული პირის მიერ ვერ ლახავდა სანდოობისა და სარწმუნოების ტესტს, ვინაიდან მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების სტანდარტის გამოყენებისას დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილი დასკვნა, რომელიც შესაბამისი ცოდნის მქონე კომპეტენტური სპეციალისტის მიერაა შედგენილი, ცალსახად აქარწყლებს მოსარჩელის მიერ წარდგენილი ცნობის იურიდიულ ძალას.
10.5. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ზემოაღნიშნულ მსჯელობას მხედველობაში არ მიიღებდა და არ დაასკვნიდა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ ემყარებოდა და დაუსაბუთებელი იყო, შემკვეთის სასარჩელო მოთხოვნას არც სრულად და არც ნაწილობრივ, მისი ხანდაზმულობის გამო, წარმატების პერსპექტივა არ ექნებოდა.
10.6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ვალდებულების წარმოშობის საფუძველს მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება და არა უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი სამართალურთიერთობა წარმოადგენდა. სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კი, სსკ-ის თანახმად სამ წელს შეადგენს. დადგენილი იყო, რომ 2006 წლის 13 და 14 ნოემბრისა და 2007 წლის 15 იანვრის სამუშაოს დასრულების აქტებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ფორმა №2 ერთვოდა, რომლითაც მენარდის (მოპასუხის) მხრიდან აუთვისებელი მასალების ღირებულება განისაზღვრა, შესაბამისად მოსარჩელე მხარეს სწორედ ამ პერიოდისთათვის უნდა გაეგო ან შეიძლებოდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. მიუხედავად ამისა, მას არც 2007 წლის 13 თებერვალსა და 2008 წლის 6 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდგომ განუცხადებია პრეტენზია ხანდაზმულობის ვადაში, ამასთან, მენარდემ სამინისტროს მხოლოდ 993.55 ლარის ღირებულების მასალა დაუბრუნა. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 6 აგვისტოდან შემკვეთისთვის ცნობილი იყო ან უნდა ყოფილიყო, რომ მენარდემ გარკვეული რაოდენობისა და ღირებულების სარემონტო მასალები არ დააბრუნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა 2011 წლის 6 აგვისტოს ამოიწურა, ხოლო შემკვეთმა სასამართლოს სარჩელით 2016 წლის 6 დეკემებრს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მიმართა.
11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
11.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
11.2. კასატორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელსაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოშობილა ან შეწყდა შემდგომში. ასევე მიუთითა სსკ-ის 427-ე მუხლზე და განმარტა, რომ შპს-ის ვალდებულება შეწყდა, თუმცა შედეგად, მის მფლობელობაში უსაფუძვლოდ აღმოჩნდა 13 724.63 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, ამდენად მენარდის მფლობელობაში აღმოჩნდა ის ქონება, რაც მას არ ეკუთვნოდა.
11.3. კასატორის განმარტებით, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი. ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორეს ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული არ უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც შემდგომში შეწყდა.
11.4. კასატორის განმარტებით, სარჩელი ხანდაზმული არ არის, რადგან სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სსკ-ით დადგენილი ზოგადი 10-წლიანი ხანდაზმულობა უნდა გაავრცელოს სასარჩელო მოთხოვნაზე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემკვეთის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32)
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
16. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მხარეთა შორის არსებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა და სწორად იმსჯელა ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ დამამტკიცებელ ან გამაქარწყლებელ მტკიცებულებებზე მითითებას სწორედ მხარეთა მიერ. სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ მოწინააღმდეგის პოზიციის გამაბათილებელი მტკიცებულებები და გაამყარონ საკუთარი მტკიცება. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ (მენარდე საწარმომ) არა მხოლოდ მიუთითა მოთხოვნის განუხორციელებლობაზე, არამედ წარადგინა მოსარჩელის (კასატორის) მოთხოვნის ხანდაზმულობის დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორს, თავის მხრივ, უფლება ჰქონდა დაეცვა თავი და მიეთითებინა მისი მოთხოვნის განხორციელების ხანდაზმულობის გამომრიცხავ მტკიცებულებებზე, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 646-ე მუხლის მე-2 ნაწილი (მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მიერ გადაცემული მასალის გამოუყენებლობის ფაქტი, ასევე, შესრულებული სამუშაოსათვის შეთანხმებულზე მეტი ანაზღაურების მიღება.
20. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები ერთმანეთთან ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ (სსკ-ის 629.1 მუხლი). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას - აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში გადაცემული, გამოუყენებელი მასალის ღირებულების ანაზღაურების შესახებ, სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი აქვს, რაზეც სპეციალური სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. რაც შეეხება კასატორის მითითებას უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა და მისი გამოყენება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა სამართლებრივი საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია (იხ. სუსგ #ას-794-794-2018, 11.09.2018).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე _ მეორადი მოთხოვნები) და სხვა) (იხ. სუსგ #ას-774-723-2017, 11.10.2017 წ.).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა“ (იხ. სუსგ #ას-547-515-2012, 11.06.2012 წ.).
23. საქმის მასალებში წარმოდგენილია 2008 წლის 6 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ სწორედ ამ დროს მიიღო მენარდის მიერ განხორციელებული შესრულება და ყველაზე გვიან ამ დროს შემკვეთს უკვე უნდა სცოდნოდა რა ოდენობის მასალა გამოიყენა მოპასუხემ.
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2008 წლის 7 აგვისტოდან დაიწყო (სსსკ-ის მე-60 მუხლი). შესაბამისად, ამ დღიდან სარჩელის წარდგენამდე, 2016 წლის 6 დეკემბერი, სამი წელი გასული იყო (იხ. წინამდებარე განჩინების 10.6 ქვეპუნქტი).
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები: #ას-1359-2018, 02.11.2018წ ; #ას-1367-2018, 02.112018წ; #ას-910-2018, 20.09.2018წ; #ას-794-794-2018, 11.09.2018წ.). „ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადის არსებობა აიძულებს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს დროულად იზრუნონ თავიანთი უფლებების განხორციელებისა და დაცვისათვის (იხ. სუსგ # ას-368-349-2012, 05.04.2012წ).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
27. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე