Facebook Twitter

საქმე №ას-1038-2019 20 დეკემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს "ს.რ–ა" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "გ.G." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ს.რ–ამ“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, სს ან შემსყიდველი) 2014 წლის 15 აპრილს გამოაცხადა და 21 მაისს ჩაატარა საერთაშორისო ტენდერი - .... სავაგონო დეპოს წყვილთვლების ფორმირების უბნის მოსაწყობად საჭირო ტექნოლოგიური დანადგარების შესყიდვის, მონტაჟის, ექსპლუატაციაში გაშვებისა და პერსონალის სწავლების შესყიდვის შესახებ, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს "გ.G."-ს (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი, კომპანია ან შპს) სატენდერო წინადადება (ტ.1, ს. ფ. 25,26).

2. მხარეებს შორის , 2014 წლის 22 ივლისს, დაიდო ხელშეკრულება შს/14-394 „საქონლისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვის შესახებ“ (შემდეგში: ხელშეკრულება). ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ის გარეშე 1 218 998,96 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1 პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0.1% (ტ.1, ს.ფ. 25, 39-45).

3. მხარეებს შორის, 2015 წლის 22 ივლისს, გაფორმდა შეთანხმება №1 „მომსახურების შესყიდვის შესახებ შს/140-294 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.7 პუნქტი შეიცვალა და მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, შემსყიდველის მოთხოვნიდან 150 კალენდარულ დღეში საქონელი მიეწოდებინა, დაემონტაჟებინა, ექსპლუატაციაში გაეშვა და თანამშრომლები გადაემზადებინა, ვალდებულების ეტაპობრივი შესრულების დაშვებით (ტ.1, ს.ფ. 49-50).

4. მხარეებს შორის, 2017 წლის 6 იანვარს, დაიდო შეთანხმება №2 „მომსახურების შესყიდვის შესახებ შს/140-294 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც ამ ხელშეკრულების 3.7 პუნქტი შეიცვალა და მიმწოდებელმა იკისრა მოვალეობა, შემსყიდველის მოთხოვნიდან 172 კალენდარულ დღეში საქონელი მიეწოდებინა, დაემონტაჟებინა, ექსპლუატაციაში გაეშვა და თანამშრომლები გადაემზადებინა, ვალდებულების ეტაპობრივი შესრულების დაშვებით (ტ.1, ს.ფ. 70-71). შეიცვალა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-8 მუხლი, რომლის 8.1 პუნქტით, პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც დარიცხული თანხა მიაღწევდა ხელშეკრულების ღირებულების 11%-ს, ხოლო 8.4 პუნქტით პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 11%-ით. შეთანხმების მე-3 მუხლით, იგი კარგავდა ძალას, თუ მიმწოდებელი არა უგვიანეს 2017 წლის 1 აპრილისა სრულად არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

5. მოსარჩელე საქონელსა და მომსახურებას მოპასუხეს ეტაპობრივად აწვდიდა. მოპასუხისთვის საქონლის მეხუთედ და ბოლო მიწოდება 2017 წლის 16 მაისს განხორციელდა, რითაც მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხეს მიაწოდა 1 218 998,96 აშშ დოლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) საქონელი და მომსახურება, ხოლო მოპასუხემ მიიღო აღნიშნული შესრულება (ტ. 1, ს. ფ. 105).

6. მიმწოდებელმა 360 დღის დაგვიანებით შეასრულა ბოლო ეტაპის სამუშაო. მოპასუხემ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან მოსარჩელეს 438 839,63 აშშ დოლარი (899 266,15 ლარი) არ აუნაზღაურა, პირგასამტეხლოში გაქვითვის საფუძვლით.

7. სარჩელის საფუძვლები

7.1. მოსარჩელემ 2018 წლის 21 თებერვალს სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, ფულადი ვალდებულების - 351 071,70 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის მოთხოვნით.

7.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-6 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და განმარტა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი სრულად მიაწოდა სს-ს, ასევე შეასრულა მიწოდებული საქონლის მონტაჟის, მისი ექსპლუატაციაში გაშვებისა და პერსონალის სწავლების მოვალეობა, რაც დადასტურებული იქნა მხარეებს შორის გაფორმებული ორმხრივი აქტებით, თუმცა მიუხედავად ამისა, მოპასუხემ სრულად არ გადაიხადა შეპირებული საზღაური.

8. მოპასუხის შესაგებელი

8.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იყო გაეგზავნა მიმწოდებლისთვის წერილობითი მოთხოვნა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ, ხოლო მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა განეხორციელებინა წერილობითი შეტყობინებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში. ასევე, ყოველი დაგვიანებული დღისთვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების პირობა და დაგვიანებით მიაწოდა საქონელი მოპასუხეს, რის გამოც მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო დაერიცხა, რომელიც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას შეადგენდა, ეს თანხა კი მოპასუხემ მოსარჩელეს დაკისრებულ პირგასამტეხლოში გაუქვითა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით მიმწოდებლის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 351 071,70 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

9.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 383-ე, მე-400, 417-ე, 420-ე, 477-ე, 629-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

10. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითოხვა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და აღნიშნა, რომ სასამართლომ მართებულად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

11.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმებთან მიმართებით პირგასამტეხლოს ზემოაღნიშნული განაკვეთი შესაბამისობაში იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://procurement.gov.ge) განთავსებულ რეკომენდაციასთან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რომლითაც რეკომენდირებული იყო შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის (მათ შორის ვადაგადაცილების დროს) პირგასამტეხლო განესაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.002%-ით (ტ.1, ს.ფ. 167-174).

11.4. სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას სსკ-ის 316-ე, 361.2, 477.2, 629.1 მუხლებით იხელმძღვანელა და მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული საქონლისა და მომსახურების გადაუხდელი ნაწილის - 351 071.7 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, პირგასამტეხლოს თანხის გამოკლებით.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

12.2. კასატორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 417-418-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე პირგასამტეხლო წარმოადგენდა სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებული იყო სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ იყო. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული უფლება არ გულისხმობს, რომ სასამართლოს შეუძლია ნებისმიერ ვითარებაში, მაშინაც კი, როცა არ არის პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი გამოიყენოს მოცემული უფლებამოსილება. ამასთან, ხელშეკრულების ორივე მონაწილე მხარე წარმოადგენდნენ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც კომერციულ საქმიანობას ახორცილებედნენ და მათ შორის არ არსებობდა უფლების ბოროტად გამოყენების რაიმე ფაქტი.

12.3. კასატორის განმარტებით სსკ-ის 420-ე მუხლის ნორმის შინაარსი უშვებს პირგასამტეხლოს შემცირებას საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ვითარებაში სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტებზე, ასევე, გარიგების შინაარსზე და აქედან გამომდინარე, ყველა ნიუანსის კვლევის შედეგად უნდა შეფასდეს პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობა.

12.4. კასატორმა აღნიშნა, რომ სს წარმოადგენდა ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტს და მის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებული იყო არაერთი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ კეთილსინდისიერად განსახორციელებელი ვალდებულებები. აპელანტს მოწინააღმდეგე მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობისას ნდობის დიდი ფაქტორი გაუჩნდა, რომ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას შეასრულებდა. 360 დღეზე მეტი ვადით გარიგების პირობების შეუსრულებლობა არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო უმნიშვნელო გარემოებად და იგი არ უნდა ჩათვლილიყო ამ ვითარებაში ხელშეკრულების რიგით დარღვევად. აპელანტი თავიდანვე იცავდა საკუთარ ინტერესებს ამ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მოწინააღმდეგე მხარესთან შეთანხმებით გაითვალისწინა პირგასამტეხლო, თავის მხრივ, ეს უკანასკნელი სადავოდ არ ხდიდა ხელშეკრულების პირობებს და მისი დარღვევის ფაქტს, იღებდა რისკს მოსალოდნელი სანქციების თაობაზე.

12.5. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკას, კერძოდ, - სუსგ-ებს: #ას-1031-992-2016, 23.05.17 წ., #ას-1451-1371-2017, 13.11.18 წ., ეწინააღმდეგება

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შემსყიდველის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

13.2.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ შემსყიდველის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-16, 11.01.2017 წ.).

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

19. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.

21. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

22. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ განჩინების 12.5 ქვეპუნქტში ასახულ პრეტენზიას არ იზიარებს და განმარტავს, რომ შემსყყიდველის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებებში საკასაციო სასამართლო მსჯელობს კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე, თუმცა არ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ მეწარმე სუბიექტს შეუმცირდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში არის განვითარებული მსჯელობა მეწარმე სუბიექტისათვის პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობაზე, მაშინ როდესაც სასამართლო სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია (იხ. სუსგ-ები: #ას-1597-2019, 13.12.2019 წ; #ას-1389-2019, 06.12.2019 წ; #ას-1164-2019, 22.11.2019 წ.).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ს.რ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს "ს.რ–ას" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 (საგადახდო დავალება N25921, გადახდის თარიღი 2019 წლის 22 ივლისი), 70% – 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე