საქმე №ას-1052-2019 20 დეკემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს "ჩ.რ.ბ.ჯ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.გ–ი, ა.ღ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ი“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) ხაშურის რაიონის სოფელ .... სარკინიგზო გვირაბს აშენებდა, რა დროსაც გამოიყენებოდა მიწისქვეშა აფეთქებები.
2. ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ .... მდებარე უძრავ ნივთი - 1600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი დ.გ–ისა და ა.ღ–ძის (შემდეგში: მოსარჩელეები ან მესაკუთრეები) საკუთრებაშია (ტ. 1, ს. ფ. 15-16).
3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2015 წლის 29 მაისის #1002609715 დასკვნის მიხედვით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ .... მდებარე მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად დამაკმაყოფილებელია. კედლებზე ბზარების განვითარების არეალი და ხასიათი მიუთითებს იმაზე, რომ შენობაზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად I ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობის შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ აუცილებელია დაკვირვება. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიდა სივრცეში უნდა გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ - ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). თუ ბზარების გახსნილობა არ მოიმატებს, მაშინ შენობაზე უნდა ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები დეფექტური აქტის საფუძველზე. ზარალის ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ დეფექტური აქტისა და აღდგენა-გაძლიერების პროექტის მიხედვით შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ (ტ. 1, ს. ფ. 18-32).
4. ინდ. მეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ შეადგინა 20 425,47 ლარი (ტ. 1, ს. ფ. 33-46).
5. სასარჩელო მოთხოვნა
5.1. მესაკუთრეებმა სარჩელი აღძრეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე კომპანიის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის, მათ სასარგებლოდ, ზიანის - 20 425 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
5.2. სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება.
6. მოპასუხის პოზიცია
6.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული ხარჯები არ გამომდინარეობდა დასკვნიდან.
7. ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე კომპანიას, მოსარჩელეების სასარგებლოდ, 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
7.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით.
8. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
8.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების შეცვლა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით მოპასუხე კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.
9.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 992-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად. დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-1127-1047 -2017 და საქმეზე Nას-189-189-2018).
9.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა იყო მოპასუხისათვის ზიანის სახით 20 425,47 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის ქმედებების (აფეთქებების) შედეგად მოსარჩელეთა კუთვნილი სახლი დაზიანდა. შესაბამისად, მოსარჩელეთა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა იმ ფაქტების მტკიცება, რომ დაზიანებული საცხოვრებელი სახლი მათ ეკუთვნოდათ; მოქმედებები, რის შედეგადაც ქონება დაზიანდა, მოპასუხემ განახორციელა; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ აფეთქებების წარმოებასთან. მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. მოპასუხის მტკიცების თანახმად, სადავო უძრავი ქონების დაზიანებაში კომპანიის ბრალეულობა არ იკვეთებოდა.
9.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი „ე–ის" დასკვნა ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის გაქარწყლების ფაქტობრივ წინაპირობად არ გამოდგება, ვინაიდან აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასება კონკრეტულ სოფელში მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დასკვნით კონკრეტული შენობა-ნაგებობები არ გამოკვლეულა, არ შესწავლილა მოსარჩელეთა კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი (და არა თეორიული ან სამეცნიერო) ზემოქმედების დაკვირვება, ზემოქმედების ხანგრძლივობის შესწავლა და რაც მთავარია, შენობა-ნაგებობის მდგომარეობის, კერძოდ, მისი სეისმო-მედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
9.5. კომპანია „ე–ის" მიერ გაცემული დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად. დადგენილია, რომ გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე სადავო შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მოპასუხის მითითება, რომ „დახრილი წერტილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და სახლს შორის არის 78 მეტრი, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან არის 88 მეტრი“, ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ ექსპერტიზის ბიუროს ცალსახა დასკვნას, რომ შენობაზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს, რომ დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით.
9.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 29 მაისის დასკვნაში ნაგებობებზე დაზიანების მიყენების მიზეზად მითითებულია მოპასუხის მიერ ნაწარმოები მრავალჯერადი და სისტემატიური აფეთქებების შედეგად წარმოშობილი დინამიური დატვირთვები, რაც მოპასუხის მიერ უარყოფილი ვერ იქნა. ის გარემოება, რომ აფეთქებები წარმოებდა სისტემატიურად და მრავალჯერადად დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია „ე–ის“ დასკვნითაც.
9.7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, იმ მითითებით, რომ აფეთქებები წარმოებდა დასაშვები ლიმიტის ფარგლებში, ამასთან, მოსარჩელეთა სახლი არ მდებარეობდა ზემოქმედების ზონაში და მას არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება, რადგან, როგორც დადასტურდა, აფეთქებებს ჰქონდა არა ერთჯერადი, არამედ სისტემატური ხასიათი, რამაც გამოიწვია სახლის დაზიანება.
9.8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპანია „ე–ის“ 2018 წლის 6 აპრილის დასკვნა, რომელსაც ემყარება მოპასუხის სააპელაციო საჩივარი საქმეში წარმოდგენილი არ არის, რაც აპელანტის შედავებას აღნიშნულ ნაწილში სრულიად დაუსაბუთებლად აქცევს.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა კომპანიამ ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
10.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოსარჩელეთა ინტერესებს ემსახურებოდა, არ არის რელევანტური მტკიცებულება. აღნიშნული დასკვნიდან ნათლად არ გამომდინარეობდა ის გარემოება, რომ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანება. ამასთან, დასკვნაშივეა მითითებული, რომ საცხოვრებელი სახლი მშენებლობის ნორმების დარღვევით იყო აშენებული და ბუნებრივი მოვლენების შედეგად გარკვეული დაზიანებები აღენიშნებოდა.
10.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2015 წლის 29 მაისის დასკვნა არ არის დასაბუთებული და არ ეყრდნობა კონკრეტული სახის გამოკვლევებს ან ოფიციალურ ჩანაწერებს.
10.4. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი, აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადებული, 2017 წლის 20 ივლისისა და 2018 წლის 6 აპრილის დასკვნები, რომლებიც გამორიცხავენ კომპანიის პასუხისმგებლობას მოსარჩელეთა ქონების დაზიანებაში.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება).
14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად მართებულად შეაფასა.
15. მოპასუხის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელეთა უძრავი ქონების დაზიანებას შორის. საკასაციო სასამართლო, კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, სახელდობრ:
15.1. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).
15.2. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, 2012 წლის ზაფხულში ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. .... მიმდინარე სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება. აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
15.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებაში ბრალი მოპასუხეს მიუძღვის.
15.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგანაც გამოვლენილია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, ზიანის სახით - 10 000 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: №ას-482-2019, 31.05.2019; №ას-280-280-2018, 18.07.2018; №ას-189-189-2018, 23.03.2018).
17. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას 2018 წლის 6 აპრილის დასკვნის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული დასკვნა საქმის მასალებში არ არის განთავსებული, იგი არც მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელს ახლავს (იხ. შესაგებელი, ტ. 1, ს. ფ. 58-283). შესაბამისად, კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჩ.რ.ბ.ჯ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ჩ.რ.ბ.ჯ–ის" (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის (საგადახდო დავალება N385, გადახდის თარიღი 2019 წლის 6 ივლისი), 70% – 350 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე