საქმე №ას-1126-2019 6 დეკემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ბ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ბ–ი, ო.ბ–ი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ბ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კასატორი) და ჯ.ბ–ის მამა - ო.ბ–ი (შემდეგში: მეორე მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მეორე მოსარჩელე ან მესამე აპელანტი), 1993 წლის 14 ნოემბერს, გარდაიცვალა (ტ. 1, ს.ფ. 16-18; ტ. 2, ს.ფ. 85).
2. მოსარჩელისა და ჯ.ბ–ის დედა - ვ.ბ–ი, 2000 წლის 29 მარტს, გარდაიცვალა (ტ. 1, ს.ფ. 13-15; ტ. 2, ს.ფ. 74).
3. ჯ.ბ–ი 2008 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა (ტ. 1, ს.ფ.16-18).
4. მოსარჩელე არის ვ.ბ–ის ანდერძისმიერი, აგრეთვე პირველი რიგის მემკვიდრე - შვილი, რაც დასტურდება ვ.ბ–ის ანდერძით, რომელიც დამოწმებულია მუხრანის საკრებულოს გამგეობის მდივნის მიერ 1996 წლის 8 მაისს, რეესტრის #7 და მოსარჩელის დაბადების მოწმობით I-გტ #220136, რომელიც გაცემულია მუხრანის სს მცხეთის რაიონის მმაჩის ბიუროს მიერ 1969 წლის 30 მაისს (ტ. 1, ს.ფ. 13-15).
5. რუსთავის მუნიციპალურ არქივში დაცული საბინაო მეურნეობის სამმართველოს მასალებით დასტურდება, რომ 1967 წლის 11 იანვარს მეორე მოპასუხის სახელზე გაიცა ერთოთახიან საცხოვრებელ ბინაში (მდებარე: ქ. რუსთავი, ..... ) შესახლების ორდერი, რომელშიც ასევე მითითებული არიან ვ.ბ–ი, მოსარჩელე და ჯ.ბ–ი (ტ. 1, ს.ფ. 25-27).
6. უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. რუსთავი, ......, საკადასტრო კოდი: .... საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (ტ. 1, ს.ფ. 24).
7. ჯ.ბ–ის შვილი - მეორე მოპასუხე 10.05.1996 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. რუსთავი, ......, კორპუსი 17ა, ბინა #4 (ტ. 1, ს.ფ. 246-247).
8. ჯ.ბ–ის შვილი - ე.ბ–ი (შემდეგში: პირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელით პირველი მოსარჩელე ან მეორე აპელანტი) 23.07.2005 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. რუსთავი, ....... #10, ბინა 16 (ტ. 2, ს.ფ. 33-34); ხოლო მოსარჩელე 11.03.1995 წლიდან დღემდე რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. რუსთავი ……. (ტ. 2, ს.ფ. 89-90); ვ.ბ–ი რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. რუსთავი, ...... (ტ. 2, ს.ფ. 75).
9. 1992 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელის სახელზე გაიცა საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. რუსთავი, ......, შესახლების ორდერი (ტ. 2, ს.ფ.153-154).
10. მოსარჩელე ვერ ახერხებს უძრავი ქონების, მდებარე: ქ.რუსთავი, ......, აზომვითი სამუშაოების ჩატარებას, ვინაიდან მეორე მოპასუხე შპს „ხ–ის“ თანამშრომლებს არ აძლევს საშუალებას, რომ შეასრულონ ბინის აზომვითი ნახაზი (ტ. 1, ს.ფ. 19).
11. პირველმა მოპასუხემ, როგორც ჯ.ბ–ის პირველი რიგის მემკვიდრემ, 2011 წლის 16 სექტემბერს, ჯ.ბ–ის სამკვიდრო სრულად მიიღო - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებითა და პასივებით (ტ. 1, ს.ფ. 250).
12. სარჩელის საფუძვლები
12.1. მოსარჩელემ 2016 წლის 27 სექტემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხეთა მიმართ ვალდებულების მომავალში შესრულების შესახებ მოთხოვნით.
12.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-11 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და განმარტა, რომ მოპასუხეები ხელს უშლიან აზომვითი ნახაზის შედგენას და კარს არ უღებენ აზომვითი სამუშაოებისთვის მისულ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს.
13. მოპასუხეთა შესაგებელი
13.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნეს.
14. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
14.1. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 1 სექტემბერს მოტარიუს გ.გ–ის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 160983525 და 160981309.
14.2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა განმარტებით შეგებებული სარჩელით მოპასუხემ სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა გაუშვა.
15. მოსარჩელის შესაგებელი
15.1. მოსარჩელემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.
16. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
16.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს აეკრძალათ მოსარჩელისათვის ხელშეშლა აზომვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. რუსთავი, .....; მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი ნოტარიუსის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 1 სექტემბერს ნოტარიუს გ.გ–ის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმებები, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 160983525 და 160981309.
16.2. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1324-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
17. სააპელაციო საჩივრები
17.1. რუსთავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში მოითხოვა, რომლითაც სამკვიდრო მოწმობები ბათილად იქნა ცნობილი.
17.2. რუსთავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ასევე, მოპასუხეებმა და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში მოითხოვეს, რომლითც მოსარჩელისათვის აზომვითი სამუშაოების ჩატარებაში ხელშეშლა აეკრძალათ.
18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
18.2. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1421-ე, 1424-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სამკვიდროს მიღება მემკვიდრის უფლებაა და სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობა კანონით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესების განუხრელ დაცვაზეა დამოკიდებული.
18.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანებით დამტკიცებული სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესების შესახებ ინსტრუქციის მიზნებისთვის, ბინის ორდერი, რომელშიც ერთობლივად მოხსენიებულია მამკვიდრებელი და მემკვიდრე, წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ნოტარიუსი უფლებამოსილია დაადგინოს სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი და გასცეს სამკვიდრო მოწმობა. სასამართლომ მიიჩნია რომ, აღნიშნული ემყარება პრეზუმფციას, რომ როგორც მამკვიდრებელი, ისე მემკვიდრე, რომელთაც ბინით სარგებლობის უფლება მინიჭებული აქვს ორდერის საფუძველზე, ერთად სარგებლობენ ამ ბინით, თუმცა შედავების შემთხვევაში, მხოლოდ ორდერის საფუძველზე სამკვიდროს მიღების ფაქტის დამტკიცება შეუძლებელია. იმ პირობებში როცა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მისაღებად, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლება ან მართვა უნდა გამოიხატებოდეს შესაბამის მოქმედებებში და დასტურდებოდეს მტკიცებულებებით.
18.4. მოცემულ შემთხვევაში მართებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ წარუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იგი სამკვიდროს გახსნიდან 2000 წლის 29 მარტიდან ექვსთვიან ვადაში დაეუფლა სამკვიდროს ქონებას; საქმის მასალებით არ დასტურდება ასევე, რომ მოსარჩელე, როგორც სადავო ბინით კანონიერი მოსარგებლე, მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა სადავო ბინაში.
18.5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მართალია პირველი აპელანტი 1967 წლის 11 იანვარს გაცემულ ორდერში მითითებულია როგორც მესამე აპელანტის ოჯახის წევრი, თუმცა საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მისაღებად, მხოლოდ აღნიშნული გარემოება საკმარისი არ არის, ამასთან ერთად, პირი ამ დოკუმენტის საფუძველზე უნდა ფლობდეს და სარგებლობდეს აღნიშნული ფართით.
18.6. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ძველი რუსთავის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის მიერ, 2017 წლის 2 ოქტომბერს, შედგენილი ცხოვრების ფაქტის დადგენის შესახებ აქტით დგინდება, რომ მოსარჩელე სადავო ბინაში 1982 წლამდე ცხოვრობდა.
18.7. სსკ-ის 155-ე, 156-ე მუხლების შესაბამისად და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პირველმა აპელანტმა 1982 წლიდან შეწყვიტა სადავო ნივთზე მფლობელობა, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს სადავო ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
18.8. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სადავო უძრავ ნივთზე რაიმე უფლება არ გააჩნია, ამიტომ იგი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მოპასუხეთა მხრიდან სადავო ბინის აზომვითი ნახაზის შესრულების მიზნით ხელშეშლის აღკვეთა, შესაბამისად, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვათ.
19. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
19.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად.
19.2. კასატორის განმარტებით სასამართლოს მიერ სადავოდ არ არის მიჩნეული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება და გარკვეული გარემოებები გამოსაკვლევია.
19.3. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა რომ სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ჯ.ბ–ის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტი იურიდიულ საფუძველს არის მოკლებული, აღსანიშნავია, რომ ჯ.ბ–ის მიერ ფაქტობრივ ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტთან დაკავშირებით არ მსჯელობს არც პირველი ინსტანციის სასამართლო.
19.4. კასატორი განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ არ არის გათვალისწინებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს ხელი ეშლებოდა და ეშლება საკუთარ სამკვიდროში შემავალი ქონებით სარგებლობაში, რაც თავისთავად არ ნიშნავს მოქმედების განუხორციელებლობას. საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ კასატორი არაერთგზის ცდილობდა დაუფლებოდა სამკვიდრო ქონებას, თუმცა მას, მემკვიდრეების მხრიდან, ყოველთვის ეშლებოდა ხელი.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
20.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი და შეგებებული სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მოთხოვნაა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდეს თავდაპირველი სარჩელი მოპასუხეთათვის მოსარჩელისათვის სადავო უძრავ ქონებაზე აზომვითი სამუშაოების ჩატარებაში ხელშეშლის აკრძალვის თაობაზე და არ დაკმაყოფილდეს მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 181-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სარჩელი, რომელიც სამომავლო მოვლენას შეეხება, ანუ ის მოპასუხეთაგან ითხოვს გარკვეული ქმედების განხორციელებისაგან სამომავლოდ თავის შეკავებას. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ არის დამოკიდებული ვალდებულების საპასუხო შესრულებაზე და არც მისი შესრულების თარიღია დაკავშირებული კალენდარული დღის დადგომასთან. ამასთან, არც შიში არ არის გამართლებული იმის თაობაზე, რომ მოვალე თავს აარიდებს ვალდებულების დროულად შესრულებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის სარჩელი საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით დაუშვებელია და მას არც მატერიალური თვალსაზრისით აქვს სამართლებრივი საფუძველი. კასატორის სარჩელი, რომლითაც ის მოპასუხეთა კუთვნილ ქონებაზე აზომვითი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილსაც ხდის სადავოდ, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამკვიდრო მოწმებების ბათილად ცნობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეებს სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად აღიარებითი სარჩელი (შეგებებული სარჩელი) აქვთ აღძრული, რომლითაც სამკვიდრო მოწმებების ბათილად ცნობას ითხოვენ, თუმცა არ აქვთ განმარტებული ის იურიდიული ინტერესი, რის გამოც სურთ, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია, თუ რა სამართლებრივი შედეგი დადგება შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებისათვის იმ შემთხვევაში, თუ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდება, როგორ გაუმჯობესდება მათი სამართლებრივი მდგომარეობა.
24. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა: „...გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება“ (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების /საქმე # ას-664-635-2016/ დასკვნები 231-233-ე პუნქტებში და დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის /საქმე # ას-121-117-2016/ განჩინების დასკვნები 55-56-ე პუნქტებში, საქმე # ას121-117-2016; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
25. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.
26. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი).
28. საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესუალური საკითხები, რომლებიც სსსკ-ით დადგენილი წესებითაა მოწესრიგებული სავალდებულოა, როგორც მხარეებისათვის, ასევე სასამართლოსათვის. შესაბამისად, საპროცესო საკითხები (მათ შორის სარჩელის განუხილველად დატოვება) ყველა შემთხვევაში უნდა შეფასდეს და გადაწყდეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოწესრიგების საფუძველზე.
31. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (რომლითაც ნაწილობრივ შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
32. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 408.3 და 1991-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. მ.ბ–ის სარჩელი დარჩეს განუხილველად;
4. ე. და ო.ბ–ების შეგებებული სარჩელი დარჩეს განუხილველად;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე