Facebook Twitter

საქმე №ას-1151-2019 20 დეკემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ც–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ფ.ბ.ს–ო“, გ.ტ–ი

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – სს „ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების (თავდებობის წერილის) ბათილად ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ტ–სა (შემდეგში: მსესხებელი ან მეორე მოპასუხე) და სს „ფ.ბ.ს–ოს“ (შემდეგში: გამსესხებელი, ბანკი ან პირველი მოპასუხე) შორის, 2016 წლის 6 დეკემბერს, დაიდო სესხის ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება;ტ. 1, ს. ფ. 16-20).

2. ხელშეკრულების ფარგლებში გ.ც–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან თავდები) თავდებობის წერილის საფუძველზე იკისრა სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე (ტ. 1, ს. ფ. 21).

3. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ან სხვა რაიმე ვალდებულებით არ ყოფილა დატვირთული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, (ს/კ .....; ტ. 1, ს. ფ. 16-20).

4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს (შემდეგში: აღსრულების ბიურო) მიერ თავდებობის წერილის საფუძველზე გაიცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის აღსრულების მიზნითაც ყადაღა დაედო თავდების კუთვნილ უძრავ ქონებას (ს/კ .....; ტ. 1, ს.ფ. 22, 28-29).

5. მოსარჩელემ 2017 წლის 21 ივლისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა თავდებობის წერილის ბათილად ცნობა და მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

6. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით თავდების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით თავდების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება; თავდების სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც არსებობს დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ბიუროს კანონიერ ძალაში შესული ბრძანება, რომლითაც ბანკის განცხადების საფუძველზე აღსრულების ბიურომ აპელანტის მიმართ გამარტივებული წარმოების დაწყების და, ბანკის სასარგებლოდ, მსესხებელთან ერთად, თავდებისათვის თანხის დაკისრების საფუძვლად წინამდებარე სარჩელით სადავოდ გამხდარი გარიგება მიიჩნია, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს აღსრულების ბიუროს მიერ გამარტივებული წესით თანხის დაკისრების შესახებ განცხადების განხილვისას ბანკის მოთხოვნის წინააღმდეგ, წერილობითი პროტესტი, რომლითაც სადავოდ გახდიდა ამ უკანასკნელის მოთხოვნასა და მისი წარმოშობის საფუძველს, არ წარუდგენია და აღნიშნული ბრძანება შესულია კანონიერ ძალაში, სასარჩელო წარმოების ფარგლებში აღარ არსებობს დავალიანების გადახდევინების შესახებ აღსრულების ბიუროს ბრძანების გამოცემის საფუძვლის (06.12.2016წ. გარიგება) კანონიერების შემოწმების და შესაბამისად, ასეთი სასარჩელო მოთხოვნის განხილვის საფუძველი, რაც საქმეზე წარმოების შეწყვეტის წინაპირობაა.

10. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 272-ე მუხლის "ბ" და "ზ" ქვეპუნქტებზე მითითებით აღნიშნა, რომ მართალია წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა აღსრულების ბიუროს კანონიერ ძალაში შესული ბრძანება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აღსრულების ბიუროს მიერ განცხადების განხილვისას მხარეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 917-ე მუხლით გათვალისწინებული წესით უფლება ჰქონდა, შეწინააღმდეგებოდა კრედიტორის მოთხოვნას და სადავო გაეხადა მისთვის თანხის დაკისრების საფუძველი, მეტიც მას ასევე ამ ბრძანების გასაჩივრების უფლებაც ჰქონდა. ჩამოთვლილთაგან არც ერთი შესაძლებლობით არ უსარგებლია თავდებს და კრედიტორს არც მოთხოვნის ოდენობაში და მით უმეტეს არც მისი წარმოშობის საფუძვლებში არ შედავებია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ უფლების რეალიზების არარსებობის პირობებში აღსრულების ბიუროს მიერ მიღებული ბრძანება, რომელიც, როგორც აღინიშნა, კანონიერ ძალაშია შესული, მიჩნეულ უნდა იქნეს წინამდებარე სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკმარის საფუძვლად.

11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თავდებმა მისი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის არც სესხის ხელშეკრულებას გასცნობია და არც - თავდებობის წერილს, ამასთან, თავდებობის წერილზე დატანილი ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. მოსარჩელის განმარტებით, დაყადაღებული უძრავი ქონება მისი ერთადერთი საკუთრებაა და მასთან ერთად ხუთი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის - ორი არასრულწლოვანი. თავდებმა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 54-ე მუხლზე მიუთითა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ პირველმა მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში იშუამდგომლა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რაც გამსესხებელს არ გაუსაჩივრებია.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

16. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

17. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

18. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების საპასუხოდ საკასაციო სასამართლო, უწინარესად, იმას აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მართებულობა, რაც უკავშირდება საქმეზე წარმოების შეწყვეტას და არა - რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორის არსებითად განხილვა.

19. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

20. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებულია, თუმცა არა იმ საფუძვლით, რაც კერძო საჩივარშია მითითებული, არამედ იმის გამო, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის სსსკ-ის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.

21. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლად სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ /სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით/ და „ზ“/სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ კანონით დადგენილია სხვა შემთხვევა/ ქვეპუნქტებზე უთითებს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ განსახილველ საქმეში არ არსებობს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რადგან არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. საქმეში წარმოდგენილია აღსრულების ბიუროს ბრძანება, რაც არ შეიძლება განიმარტოს როგორც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, ამასთან განსახილველი დავის მოსარჩელე თავდებია, რომელიც თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებას ითხოვს, ხოლო აღსრულების ბიურომ ბანკის (კრედიტორის) განცხადება განიხილა მსესხებლისა და თავდების წინააღმდეგ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე. ყოველივე აღნიშნული კი იმას ნიშნავს, რომ დავა იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ არის. რაც შეეხება, სსსკ-ის 272-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს, მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი სხვა შემთხვევაც არ არის სახეზე, რადგან სააღსრულებო ბიუროს ბრძანება გამოცემულია სპეციალური კანონის XVI1 თავით გათვალისწინებული ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების წესების დაცვით. სპეციალური კანონი არ ითვალისწინებს რაიმე იმგვარ დათქმას, რომელიც შეუძლებელს გახდიდა გამარტივებული წარმოების მონაწილე პირს სასამართლოში ედავა ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ რაიმე სხვა დავაზე, როგორიცაა გარიგების ბათილად ცნობა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. სპეციალური კანონის მიზანია მოაწესრიგოს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესი და პირობები, შესაბამისად, კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების გამოყენება მოცემულ შემთხვევაშიც გარანტირებულია, რადგან თავდების მიერ სააღსრულებო წარმოებათა წესის თანახმად აღსრულების ბიუროს აქტის გასაჩივრების წესის გამოუყენებლობა არ შეიძლება სასარჩელო წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლის კანონიერებასაც იხილავს საკასაციო სასამართლო, ემყარება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917 -ე მუხლის დანაწესს, რომელიც აწესრიგებს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების წესს. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს რესპოდენტის (მოვალის, თავდების) მიერ აპლიკანტის (კრედიტორის) მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობითი პროტესტის (სრულად ან ნაწილობრივ) წარდგენის შესაძლებლობას, ასევე - მხარეთა შორის მორიგებას. მოხმობილი მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება შემდგომ გამორიცხავს გამარტივებულ წარმოებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ხოლო, მე-9 ნაწილის მიხედვით დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს უარი აპლიკანტს არ ართმევს უფლებას, რესპოდენტის წინააღმდეგ აღძრას სარჩელი საერთო წესით. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორია სააღსრულებო წარმოების რესპოდენტი, რომელსაც, მართალია, არ გამოუყენებია სააღსრულებო წარმოების ეტაპზე მის წინააღმდეგ გამოტანილი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრების წესი, თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება განიმარტოს სასარჩელო წარმოების წესით უფლების დასაცავად აღძრული სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძვლად.

23. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომლის თანახმადაც აღსრულების ბიუროს მიერ გამარტივებული წარმოების წესით განხილულ თანხის გადახდევინების შესახებ დავაზე გამოცემული ბრძანების მიუხედავად, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების ან გარიგების ბათილად ცნობის შესახებ დავას სასამართლო საერთო სასარჩელო წესით იხილავს და ასეთ დროს არ მიიღება განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. სუსგ #ას-383-360-2014, 21.07.2014 წ.).

24. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ც–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე