საქმე №ას-498-2019 5 მარტი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ მ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოპასუხე)
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით კასატორს გ.ბ–ძეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდა მ.ბ–ძის მიერ 2019 წლის 23 აპრილს №8 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 962,50 ლარის 70% – 2073,75 (ორიათას სამოცდაცამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
2020 წლის 25 თებერვალს მ.ბ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2020 წლის 28 იანვარს გ.ბ–ძე გარდაიცვალა, რის დასადასტურებლად განცხადებას ერთვის გ.ბ–ძის გარდაცვალების მოწმობა. ამასთან, მ.ბ–ძემ მიუთითა, რომ იგი არის გ.ბ–ძის შვილი, ხოლო საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენდა მის კუთვნილ თანხას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უსწორობის გასწორება იმგვარად, რომ სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდეს არა გ.ბ–ძეს, არამედ მ.ბ–ძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ბ–ძის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამავე პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
საქმის მასალებში წარმოდგენილია 2019 წლის 23 აპრილის საგადახდო დავალება N8 (იხ. ტომი 2, ს.ფ. 160), რომელშიც გადამხდელის დასახელებაში მითითებულია - ბ–ძე მ., გადასახადის გადამხდელის დასახელებაში - გ.ბ–ძე, ხოლო გადახდის დანიშნულებაში - გ.ბ–ძის საკასაციო საჩივრის სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ სახელმწიფო ბაჟის თანხა მ.ბ–ძის მიერ გადახდილი იყო გ.ბ–ძის საკასაციო საჩივარზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორს და სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახადის გადამხელს წარმოადგენდა გ.ბ–ძე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ სწორედ გ.ბ–ძეს დაუბრუნა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 962,50 ლარის 70% – 2073,75 (ორიათას სამოცდაცამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან გ.ბ–ძე გარდაიცვალა, სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადახდილი თანხის 70%, რომელიც დაუბრუნდა გ.ბ–ძეს, შედის მის სამკვიდრო ქონებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის, ხოლო ამავე კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სამკვიდროს მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადახდილი თანხის 70% საქართველოს სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდება გ.ბ–ძის მემკვიდრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ბ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე