საქმე №ას-1820-2019 19 თებერვალი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ინდივიდუალური მეწარმე ზ.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ, 15 400.48 ლარის ნაწილში, დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ (უფლებამონაცვლე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (ს.ფ.207-210); ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (ს.ფ.313-316), (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემსყიდველი“)) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე ზ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს სახით 77022.44 ლარის დაკისრების შესახებ.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N2295/92. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების, ….. მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის დაზიანებული სახურავის, სახურავის სანიაღვრე კანალიზაციისა და …...N2ა-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის დაზიანებული გარე კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაობის შესრულება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 101 319 ლარს. სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 10 დეკემბრის, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2014 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
2.2. მიუხედავად იმისა, რომ სრულად არის ანაზღაურებული სამუშაოების ღირებულება, მოპასუხეს არ აქვს წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და ექსპერტიზის დასკვნა, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც მხარეს ეკისრებოდა ხელშეკრულებით. 2014 წლის 26 სექტემბრის ტექნიკური ზედამხვედელობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სამუშაოები დასრულებულია. ხელშეკრულების 6.6 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. ვინაიდან მიმწოდებლის მიერ ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი არ არის, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება ვადაგადაცილებულია და არსებობს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, წარადგინა შესაბამისი ფორმა N2, თუმცა, ფორმალური მიზეზის, ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის საფუძვლით, მოსარჩელე მხარემ მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ნაწილის მიღება- ჩაბარების აქტს მოაწერა ხელი.
3.2. მოპასუხემ დასკვნის მომზადების მიზნით 2013 წლის 11 დეკემბერს გააფორმა ხელშეკრულება საექსპერტო ბიუროსთან. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დამატებით მოითხოვა შესრულებელი სამუშაოს კორექტირებული პროექტის წარდგენა, რის თაობაზეც მოპასუხემ აცნობა მოსარჩელეს, თუმცა კორექტირებული სამშენებლო პროექტი დღემდე არ არსებობს და შესაბამისად, ვერც ექსპერტიზა ჩატარდა მოპასუხისაგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15400.48 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ, 15 400.48 ლარის ნაწილში, დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა აპელანტი მხარის მითითება იმის თაობაზე, თითქოს ექსპერტიზის ჩატარებაში მოსარჩელემ შეუშალა ხელი. ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, მხარეებს არ აქვთ უფლება, ცალმხრივად შეცვალონ ხელშეკრულების პირობები და ასეთი საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან წერილობითი კომუნიკაციის მეშვეობით, ურთიერთშეთანხმებით შეიტანონ ცვლილება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება იმ გარემოების უტყუარობა, რომ მხარეებს შორის არსებობდა სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ცვლილების თაობაზე შეთანხმება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის შეუცვლელად.
6.2. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების 6.6 პუნქტიდან გამომდინარე, სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომელიც საკუთარი ხარჯებით უნდა ჩაეტარებინა მიმწოდებელს და მის საფუძველზე უნდა გაცემულიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. ვინაიდან მიმწოდებლის მიერ არ არის წარმოდგენილი სამუშაოების საბოლოოდ დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათის თანახმად კი, სამუშაოები დასრულებულია, არსებობს ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
6.3. ექსპერტიზის დასკვნა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მოსარჩელე წარმოადგენს საბიუჯეტო თანხების მხარჯავ ორგანოს და, შესაბამისად, ყოველ ჯერზე, გარკვეული მომსახურებისა თუ სამუშაოსათვის გაცემული თანხის ოდენობა და დანიშნულებისამებრ გამოყენება უნდა დადასტურდეს კომპეტენტური სუბიექტის მიერ გაცემული დასკვნით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები დაადგინა, კერძოდ:
9.1. 2013 წლის 5 ნოემბერს შემსყიდველს და მიმწოდებელს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N2295/92. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ ქ. თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების, …..N2ა-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის დაზიანებული სახურავის, სახურავის სანიაღვრე კანალიზაციისა და …… ქ.N2ა-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის დაზიანებული გარე კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაობის შესრულება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა - 101 319.00 ლარს. სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.
9.2. შესრულებული სამუშაოები მოსარჩელე მხარემ ჩაიბარა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რაც მხარეთა შორის 2013 წლის 9 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურდა. სადავო არ არის, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 101 319.00 ლარი მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ანაზღურებულია სრულად.
9.3. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების (შესასრულებელი სამუშაოების) ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადაში შესრულების ფაქტს. აღნიშნული გარემოება სადავო არ გამხდარა არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას. მოსარჩელის მიერ სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების („მიმწოდებელი“ ვალდებულია შესრულებული სამუშაოს რეალობის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით (სამუშაოების დასრულების შემდეგ) საკუთარი ხარჯებით ჩაატაროს ექსპერტიზა სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში) შეუსრულებლობა და მისი სამართლებრივი შედეგები (პირგასამტეხლოს დაკისრება).
9.4. 2013 წლის 9 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ძირითადი ვალდებულება შეასრულა ვადაში - 2013 წლის 10 დეკემბრამდე, რის შემდგომაც - 2013 წლის 11 დეკემბერს ექსპერტიზის დასკვნისათვის მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ამავე დღეს მოპასუხემ მოსარჩელეს წერილით აცნობა, რომ მის მიერ ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაეგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შესრულებული სამუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით (ს.ფ. 35).
9.5. 2014 წლის 18 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს მიმართა ექსპერტიზის ჩატარების შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრის თხოვნით და განმარტა, რომ ვინაიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების პროცესში აღმოჩენილი სარემონტო სამუშაოების ადგილზე გადაწყვეტის აუცილებლობის გამო მოხდა აუცილებელი კორექტირებების შეტანა და შესაბამისად, შეიცვალა ხარჯთაღრიცხვა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის შეუცვლელად), საჭირო იყო ცვლილების ასახვა შესაბამის დოკუმენტაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოსარჩელეს სთხოვა შეცვლილი ხარჯთაღრიცხვის ატვირთვა სატენდერო დოკუმენტაციაში, რათა აღმოფხვრილიყო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემაფერხებელი გარემოება (ს.ფ. 41).
9.6. მითითებული წერილის შემდგომ, 2014 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელემ კვლავ შეამოწმა მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოები და დაადასტურა სარემონტო სამუშაოების შესრულების ფაქტი (ს.ფ.42). მოსარჩელეს არც ამჯერად გამოუთქვამს შესრულებული სამუშაოს მიმართ პრეტენზია, თუმცა მოპასუხის თხოვნა სატენდერო დოკუმენტაციაში შეცვლილი ხარჯთაღრიცხვის ატვირთვის თაობაზე, მოსარჩელემ რეაგირების გარეშე დატოვა და შემოიფარგლა იმ ფაქტის დადასტურებით, რომ ვალდებულება იყო შესრულებული.
10. კასატორი პრეტენზიას აცხადებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული წესით არ დადასტურებულა. კერძოდ, წარმოდგენილი არ არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, სახელშეკრულებო ვალდებულება დარღვეულია, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ 08.04.2016წ., საქმეზე #ას-1053-993-2015; ასევე სუსგ 06.05.2015წ. საქმეზე #ას-1158-1104-2014). პალატა მიუთითებს, რომ შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით მისი მინიმალური ოდენობა გარანტირებულად, ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების გარეშე, მარტივად და სწრაფად აუნაზღაურდება კრედიტორს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
13. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ არის, რომ მოპასუხემ ყველა ძირითადი ვალდებულება შეასრულა სახელშეკრულებო ვადაში - 2013 წლის 10 დეკემბრამდე და 2013 წლის 11 დეკემბერს მიმართა ექსპერტიზის ორგანოს ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების მიზნით, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ აცნობა შემსყიდველს. რაც შეეხება უშუალოდ ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას, დადასტურებულია, რომ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების პროცესში მიმწოდებელმა წერილით მიმართა შემსყიდველს ექსპერტიზის შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრის თხოვნით (ს.ფ.41). მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ მოპასუხის თხოვნა, სატენდერო დოკუმენტაციაში შეცვლილი ხარჯთაღრიცხვის ატვირთვასთან დაკავშირებით, დატოვა რეაგირების გარეშე და შემოიფარგლა მხოლოდ იმ ფაქტის დადასტურებით, რომ სამუშაოები შესრულებული იყო. ამასთან, შემსყიდველს არ გამოუთქვამს შესრულებული სამუშაოს მიმართ პრეტენზია.
14. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული (იხ.:სუსგ 13.12.2019წ. საქმეზე №ას-1597-2019). იმ პირობებში, როდესაც: უდავოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სახელშეკრულებო ვადაში შესრულების და შემსყიდველის მიერ მისი მიღების ფაქტი; სრულად არის ანაზღაურებული სამუშაოების ღირებულება და შემსყიდველს არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია სამუშაოების ჯეროვნად შესრულება, - ის გარემოება, რომ თავად შემსყიდველის არაგულისხმიერი ქმედების (დოკუმენტაციის ატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვება) გამო გაჭიანურდა ექსპერტიზის დასკვნის შედგენა, ბრალად ვერ შეერაცხება მიმწოდებელს და მიჩნეული ვერ იქნება მისი მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელ გარემოებად.
კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ.:სუსგ 18.11.2015წ. საქმეზე №ას-549-521-2015).
15. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული წესით არ დადასტურებულა, პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება კონკრეტულ დროს ვალდებულების შესრულება, არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ამ ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად ან/და ვადაგადაცილებით შესრულებულად მიჩნევას (შდრ. სუსგ. #ას-323-307-2011, 01.12.2011წ.; #939-879-2017, 29.09.2017წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხე მხარისთვის ვალდებულების დარღვევის საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრების წანამძღვრები.
16. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი